Accessibility links

logo-print

ჩილე აუგუსტო პინოჩეტის გარდაცვალების შემდეგაც გახლეჩილია


ჩილეში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში მას მერე, რაც კვირას 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი.

პინოჩეტს, რომელიც 1973-დან 1990 წლამდე მართავდა ქვეყანას, ბრალი ედებოდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და თაღლითობაში.

პინოჩეტის სიკვდილს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში შეტაკებები მოჰყვა პინოჩეტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

ქუჩის ეს შეტაკებები, რომელთა შესაწყვეტად პოლიციამ ბრანდსპოიტები გამოიყენა, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად გაყოფილია ჩილეს საზოგადოება პინოჩეტთან მიმართებაში.

იზაბელ ალიენდე, 1973 წელს სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოგდებული მარქსისტი პრეზიდენტის, სალვადორ ალიენდეს ქალიშვილი დღეს ფიქრობს, რომ პინოჩეტის სიკვდილი უსამართლობაა.

[ალიენდეს ხმა] "გული მეტკინა, რომ სიმშვიდეში გარდაიცვალა. მაგრამ საქმე ჯერაც არ არის დახურული და სასამართლო უნდა გაგრძელდეს. ამიტომაც ვფიქრობ, არ იმსახურებს რაიმე სახის ოფიციალურ დაკრძალვას, არავითარ შემთხვევაში. ის დიქტატორი იყო, იგი ხალხს არ აურჩევია."

პინოჩეტი კვირას გარდაიცვალა სანტიაგოს საავადმყოფოში. როგორც ექიმები ამბობენ, მათ ყოველი ღონე იხმარეს, რათა გადაერჩინათ პინოჩეტი, რომელიც ერთი კვირის წინ გულის შეტევის შედეგად მოხვდა საავადმყოფოში.

ჩილეს მთავრობამ უთანაგრძნო პინოჩეტის ოჯახს და სახელმწიფო დროშები ნახევრად დაუშვა ეროვნული გლოვის ნიშნად.

[ვებერის ხმა] "ჩილეს მთვარობას სურს თანაგრძნობა გამოუხატოს გენერალ პინოჩეტის ოჯახს. მთავრობა იმოქმედებს ამ ვითარებისთვის დაწესებული ინსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნებას."

ეს გახლდათ მთავრობის წარმომადგენელი რიკარდო ლაგოს ვებერი. მისი თქმით, პინოჩეტს სამშაბათს მიაბარებენ მიწას. ოღონდ მას არა სახელმწიფო, არამედ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

პინოჩეტი მწვავე დაპირისპირებების საგნად რჩება მისი წარსულის გამო. 1973 წელს - პოლიტიკური არეულობისა და ჰიპერიფლაციის პირობებში - პინოჩეტმა სამხედრო გადატრიალებით ჩამოაგდო დემოკრატიულად არჩეული ალიენდე. გადატრიალების შემდეგ ალიენდე მკვდარი იპოვეს. მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე არ არის ნათელი.

პინოჩეტის მმართველობის 17 წლის მანძილზე ჩილეში სასტიკად უსწორდებოდნენ რეჟიმის ოპონენტებს. ათასობით ადამიანი უკვალოდ გაქრა, გაუქმდა სამოქალაქო უფლებები, მასმედიას მძიმე ცენზურა დაუწესდა. მრავალმა ინტელექტუალმა ჩილედან გაქცევით უშველა თავს.

პინოჩეტის მომხრეები აცხადებენ, რომ პინოჩეტმა ქვეყანა მარქსიზმისგან იხსნა. ამაში მას დახმარებას უწევდა შეერთებული შტატები. როგორც ცნობილი გახდა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მილიონობით დოლარს ხარჯავდა ალიენდეს მთავრობის დესტაბილიზაციისთვის.

1974 წელს პინოჩეტი ჩილეს პრეზიდენტი გახდა და ქვეყანას მართავდა 1990 წლამდე, როცა გადადგა ეკონომიკური ვითარების გაუარესების პირობებში.

ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მთელი რიგი ბრალდებების მოგერიებაში გაატარა. 1998 წელს იგი ლონდონში დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს მას მერე, რაც ესპანეთის სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. მაგრამ 18 თვის შემდეგ პინოჩეტი ჩილეში დააბრუნეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

როგორც ჩანს, ჩილეს საზოგადოება დიდხანს დარჩება ორად გახლეჩილი პინოჩეტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.
XS
SM
MD
LG