Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

60 წლის იუნისეფი და ბავშვების მდგომარეობა საქართველოში


11 დეკემბერს მსოფლიო გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef-ის) მე-60 წლისთავს აღნიშნავს, თუმცა 60 წლის ორგანიზაცია საქართველოში საქმიანობის მხოლოდ 13 წელიწადს ითვლის.

რა არის გაეროს ბავშვთა ფონდის ძირითადი ამოცანები, რამდენად ასრულებს საქართველო საერთაშორისო ნორმებს, როგორ ზრუნავს ქვეყანა ბავშვებზე და რა სამწუხარო შედეგები აჩვენა Unicef-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ?
თუკი ბავშვებს მათთვის მოსაწონი უფროსი ადამიანის - მშობლის ან უფროსი მეგობრის - დახასიათებას სთხოვთ, დაახლოებით იმავე პორტრეტს მიიღებთ, როგორსაც თბილისის 155-ე ბაღის აღსაზრდელები ხატავენ:

(ბავშვების ხმები) ”კეთილი... საჭმელი გაგიკეთოს... გეთამაშოს... უნდა გამცეს პასუხი, როცა შევეკითხები... მეგობრული და უყვარდეს ბავშვები.” (სტილი დაცულია)

ბავშვების სიყვარული, სამწუხაროდ, აქსიომა არ არის და ხშირად, თურმე, არც საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვმა საზოგადოების წევრად იგრძნოს თავი. სწორედ ამიტომ აუცილებელი გახდა უფროსებისთვის საგანგებო ვალდებულებების დაკისრება და მათი მკაცრად გაფრთხილება, რომ პატარა ადამიანებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. ამ მხრივ, უმთავრეს საერთაშორისო ნორმად მიიჩნევა ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წელს მიიღო, ხოლო საქართველო მას 1994 წლიდან შეუერთდა. კონვენციაში ნათქვამია, რომ 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის (განურჩევლად რასისა, რელიგიისა თუ სოციალური წარმომავლობისა) ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამოქალაქო უფლებები და თავისუფლება, ოჯახური გარემო, სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის უფლება, განთლებისა და დასვენების უფლება და საგანგებო დაცვა. კონვენციის 4 ძირითადი პრინციპი ბავშვის დისკრიმინაციისგან დაცვას, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას, სიცოცხლისა და განვითარების ხელშეწყობასა და ბავშვის აზრის პატივისცემას გულისხმობს.

ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რომლითაც გაეროს ბავშვთა ფონდი (Unicef-ი) ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია, რომელსაც 11 დეკემბერს 60 წელი შეუსრულდა, საქართველოში მხოლოდ 13 წელიწადს ითვლის. მისი მთავარი ამოცანაა ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და კონტროლი ქვეყანაში. აშკარად გამოკვეთილ მთავარ პრობლემაზე იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში ჯოვანა ბარბერისი პირველ პირში საუბრობს:

(ჯოვანა ბარბერისის ხმა) ”სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ძალიან კარგ ფორმაში. არ არსებობს ერთიანი ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობდა ბავშვთა უფლებების კონვენციის მოთხოვნათა განხორციელების კოორდინაციას. ქვეყანაში არ შექმნილა ერთიანი სამოქმედო ახალი სტრატეგია. ძველი გეგმა კი არ მოქმედებს. საჭიროა ძალისხმევა, რათა პროცესი განახლდეს.”

ვიდრე პროცესი განახლდება, იუნისეფი ახალი კვლევების შედეგებს აქვეყნებს და სურათი არცთუ სახარბიელოა. ზოგიერთი საკითხის განხილვა განათლების სფეროთი დავიწყოთ. როგორც იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, საქართველოს გაუჭირდება მიაღწიოს ათასწლეულის განვითარების მეორე მიზანს და უზრუნველყოს განათლება ყველასათვის:

(მაია ქურციკიძის ხმა) ”სკოლამდელი აღზრდა საკმაოდ ჩავარდნილია. სადღაც 50 პროცენტზე ნაკლებია ბავშვების ჩართულობა სკოლამდელ აღზრდაში, თვითონ დაწყებითი განათლებაც, 93 პროცენტზე ვართ ჯერ გაჩერებული. იგივე არის ის ეკონომიკურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც ვერ ატარებენ ბავშვებს სკოლაში. მაღალ კლასებში ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი 49 პროცენტია, მაგალითად, საქართველოში. ეს არის უკვე მე-9-მე-12 კლასები.” (სტილი დაცულია)

პრობლემებია ბავშვთა ადრეულ ასაკში განვითარებასთან დაკავშირებითაც. კვლევის შედეგები აშკარად ეწინააღმდეგება სურვილებს, რომლებიც 155-ე ბაღის აღსაზრდელებმა სიუჟეტის დასაწყისში გაგვიმხილეს:

(მაია ქურციკიძის ხმა) ”არ ხდება მათთან ხშირი თამაში, მათთვის ყურადღების დათმობა. აი, მაგალითად, ჩვენ გამოვიკვლიეთ, რომ 2/3 ოჯახებისა არ უკითხავს ბავშვებს წიგნებს, არ ათვალიერებინებს სურათებს და არ აქცევს მათ ამგვარ ყურადღებას.” (სტილი დაცულია)

მაია ქურციკიძე ამბობს, რომ მშობლების ამგვარი მიდგომა ხშირად ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგიერთ მშობელს ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის დრო არ რჩება. სამაგიეროდ, როგორც ჩანს, ისინი ხშირად იცლიან ბავშვის ცემისთვის. კვლევის მაჩვენებელი ამ მხრივ 60 პროცენტს უტოლდება.

რაც შეეხება კვლევის შედეგად გამოვლენილ მიღწევებს, იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ოჯახურ გარემოში დაბრუნებას უსვამს ხაზს:

(მაია ქურციკიძის ხმა) ”დღეს უკვე 1500-მდე ბავშვია დაბრუნებული ბავშვთა სახლებიდან ოჯახებში და ის, რომ სახელმწიფო უკვე თავის დახმარებას მიმართავს არა ბავშვთა სახლებისკენ, არამედ ოჯახებისკენ და მოხდება ბავშვთა სახლებში ბავშვების მოხვედრის პრევენცია, ეს, თავისთავად, არის მისასალმებელი ფაქტი... და საქართველო ამ მხრივ, აი, უერთდება პროგრესულ საზოგადოებას, სადაც ბავშვთა სახლები ეს უკვე წარსულის გადმონაშთია.” (სტილი დაცულია)

პროცესი, რომელზეც მაია ქურციკიძე საუბრობს, საქართველოში 1999 წელს სწორედ იუნისეფის რეკომენდაციითა და ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. უცხოელი ექსპერტები მიესალმებიან იმას, რომ საქმე წინ მიდის. თუმცა ოჯახურ გარემოში დაბრუნებასა და ოჯახურ სითბოზე ოცნება საქართველოში კვლავაც უწევს დაახლოებით 5000 ბავშვს, რომლებიც ჯერ ისევ ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ.










  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG