Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელებს სასჯელი არ შეუმსუბუქა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის განაჩენი

და „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ყოფილი თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელებს სასჯელი არ შეუმსუბუქა.მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე დეპარტამენტის ასევე ყოფილი ოფიცრები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს - შესაბამისად, რვა და შვიდ-შვიდ წელს - მოიხდიან, თუმცა არაა გამორიცხული, რომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ.

„გირგვლიანის მკვლელობის საქმის“ სასამართლო განხილვა 2006 წლის 27 ივნისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დაიწყო და მოსამართლე გიორგი ჩემიას გადაწყვეტილების მისაღებად ცხრა კალენდარული დღე და ექვსი სხდომა დასჭირდა. კიდევ უფრო ოპერატიულად იმოქმედა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ. ნაირა გიგიტაშვილმა პროკურატურისა და განსასჯელთა ადვოკატების სარჩელების განხილვას ორი არასრული კალენდარული დღე დაუთმო.

[ნაირა გიგიტაშვილის ხმა] „მსჯავრდებულების გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე აფციაურის, მიხეილ ბიბილურიძის ინტერესების დამცველი ადვოკატების დავით ხაჟალიას და დავით აბესაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის განაჩენი...“

დაცვის მხარე განსასჯელებისათვის სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო ბრალდება სასჯელის დამძიმებას ითხოვდა. მათგან განსხვავებული მოლოდინი ჰქონდათ სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატებს. ადვოკატ შალვა შავგულიძისა და სანდრო გირგვლიანის დედის, ირინე ენუქიძის, კომენტარები:

[შალვა შავგულიძის ხმა] „პირველ ინსტანციაში სასამართლო გამოძიება, შეიძლება ითქვას, არ ჩატარებულა. ანუ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად არაფერი გაკეთებულა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ სააპელაციო სასამართლოში მაინც გაკეთდება რამე, რათა ჭეშმარიტება გაირკვეს.“

[ირინე ენუქიძის ხმა] „ჩვენ ვითხოვთ სიმართლეს, რომელიც უნდა დადგინდეს, ხოლო დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. გახსნილი საქმეა და მას უნდა მოჰყვეს მკვლელებისა და მკვლელობის შემკვეთების დასჯა.“

ირინე ენუქიძის მოლოდინი არ გამართლდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეგრეთ წოდებულ „მკვლელობის შემკვეთებზე“ სიტყვა არაა ნათქვამი. საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სპიკერი, მოსამართლე თამარ ალანია ამის მიზეზად შემდეგ გარემოებას ასახელებს:

[თამარ ალანიას ხმა] „ისეთი სახის გადაწყვეტილება, როგორიც გახლავთ სხვა პირთა მიმართ დევნის განხორციელება, სხვა პირების დასჯა, ან მოცემული ბრალდების გაზრდა-გაფართოება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას სცილდება.“

არადა, 2006 წლის 27 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა დარწმუნებულია, რომ დანაშაულში, რომელსაც მისი შვილის სიციცხლე შეეწირა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელძღვანელობაა გარეული:

[ირინე ენუქიძის ხმა] „არ დაწყნარდება ეს ოჯახი, სანამ დამკვეთები არ დაისჯებიან. მე თქვენ გეუბნებით, რომ მელნიკოვიდან იწყება ეს ყველაფერი. სალაყაია, სანოძე, ახალაია, დონაძე... ერთ წელს მოუკლებენ თუ დაამატებენ ამათ, ამას ჩემთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“

ირინე ენუქიძე საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გამართულ პროცესზეც განსასჯელებისგან მკვლელობის ორგანიზატორთა დასახელებას ითხოვდა, თუმცა მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელებს ჩვენება არ შეუცვლიათ არც ამ მოთხოვნისა და არც საპროცესო გარიგების შეთავაზების პასუხად. რა არის ამის მიზეზი? განსასჯელთა ადვოკატი დავით ხაჟალია განმარტავს:

[დავით ხაჟალიას ხმა] „გამოძიებამ უთხრა მათ, დაასახელეთ შემკვეთები, თუ ასეთები არსებობენ, და გაგათავისუფლებთ სასჯელის მოხდისაგანო, რაზედაც განსასჯელებმა უპასუხეს, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ ამ საპროცესო გარიგებას ჩვენ ვერ მივიღებთ, ბუნებრივია.”(სტილი დაცულია)

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. პროცესში მონაწილე მხარეების განკარგულებაში ერთი თვეა.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG