Accessibility links

რუსული პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის მედიაში ჩნდება პუბლიკაციები, რომლებიც უკანასკნელ ხანებში რუსეთ-საქართველოს გართულებული ურთიერთობის მიზეზებს ეხება.

მაგალითად, 11 დეკემბრის ”ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, 2006 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და, როგორც გაზეთი ვარაუდობს, ორი მეზობელი ქვეყნის დამოკიდებულების გაუმჯობესების პერსპექტივა უახლოეს მომავალში არც ჩანს. მინდა რუსეთის მედიის რამდენიმე პუბლიკაცია გაგაცნოთ.


11 დეკემბრის ”ნეზავისიმაია გაზეტა” მკითხველს შეახსენებს რუსეთ-საქართველოს 2006 წლის ისტორიას, რომელიც იანვარში გაზსადენის აფეთქებით დაიწყო და დეკემბერში რუსეთის დუმის მიერ მიღებული განცხადებით სრულდება - განცხადებაში რუსი დეპუტატები მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებენ მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოს აჯანყებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - მოსახლეობის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვისადმი. ”მოსკოვი და თბილისი ჯერაც იმ მარტივი პრინციპით მოქმედებენ, რომლის თანახმადაც, ვითარების გართულება მათ მხოლოდ ხელს აძლევთ,” - წერს გაზეთი და თავისი სიტყვების დასადასტურებლად მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო განცხადება - რუსეთს ჩვენთვის გადამწყვეტი როლი არ ენიჭებაო.
11 დეკემბრის ”რუსკი კურიერი” იმის გარკვევას ცდილობს, რატომ მიიღო რუსეთის დუმამ არაფრის მთქმელი განცხადება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მაშინ როცა რუსეთში მოხერხდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ. ამ საკითხში გასარკვევად გამოცემამ მიმართა გეოპოლიტიკის ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელს ალექსანდრ დუგინს, რომელიც სხვადასხვა ტელეგადაცემაში აქტიურად უჭერდა მხარს სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებს. დუგინის განმარტება ასე ჟღერს: “მოსკოვი მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს სოხუმისა და ცხინვალის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ, მაგრამ ჯერჯერობით დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებისგან თავს იკავებს. თუმცა ეს იმით არ აიხსნება, თითქოს მოსკოვი ჭოჭმანებდეს. უბრალოდ, ის დასავლეთთან აწარმოებს გარკვეულ თამაშს, რომელშიც აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი მხოლოდ კოზირია და არა ძირითადი მიზანი.” შესაბამისად, რუსეთის ძირითად მიზნად დუგინი ასახელებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის გავლენის აღდგენას და არა კონკრეტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას: ”ჩვენ შეგვიძლია ამ ტერიტორიებიდან ვაშინგტონი განვდევნოთ, - ამბობს ის. - ბრძოლა ჯერ წაგებული არ არის. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ყველაფერი დავიბრუნოთ და არ დავთანხმდეთ მცირეს - მხოლოდ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთს. ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთი ყოველთვის მოასწრებს.”

და კიდევ ერთი თემა, რომელსაც რუსეთის თითქმის ყველა გაზეთი ეხმაურება, საქართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხს შეეხება. 11 დეკემბრის ”ვრემია ნოვოსტეის” ცნობით, თურქეთი მზად არის შაჰ-დენიზის გაზის ნაწილი საქართველოსა და აზერბაიჯანს დაუთმოს. კერძოდ, გამოცემა იმ განცხადების ციტირებას ახდენს, რომელიც აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა თბილისში ყოფნისას გააკეთა - 2007 წელს, თქვა მან, თურქეთს შაჰ-დენიზის საბადოდან 3 მილიარდი კუბმეტრი გაზი უნდა მიეღო, მაგრამ,აზერბაიჯანისა და საქართველოს დახმარების მიზნით, ანკარა მზად არის ამ ქვეყნებს გაზის ნაწილი დაუთმოს იმ პირობით, რომ 2008-2009 წლებში აზერბაიჯანი და საქართველო თურქეთს იმავე რაოდენობის გაზს მიაწვდიანო. ნატიკ ალიევის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება 13 დეკემბრისთვის ბაქოში დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება მიღებული. თუმცა, როგორც ”ვრემია ნოვოსტეი” შენიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წელს თურქეთი საერთოდ უარს იტყვის შაჰ-დენიზის საბადოდან მიღებული გაზის თავის წილზე, ეს ვერც საქართველოსა და ვერც აზერბაიჯანის მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს.


XS
SM
MD
LG