Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანის ბოლო გამოსვლა გაეროს გენერალური მდივნის რანგში


ახალი, 2007 წელი მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს მსოფლიოს უდიდეს და უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაში - გაეროში.

მას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება: ბან კი მუნი. ასე რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტს გამოეთხოვება კოფი ანანი, რომელმაც 10 წელი იმუშავა ამ პოსტზე. გუშინ კოფი ანანი ბოლო მოხსენებით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის რანგში.

გაეროს შტაბბინა, როგორც ცნობილია, ნიუ-იორკშია განთავსებული. მაგრამ კოფი ანანმა ბოლო მოხსენებისთვის სხვა ადგილი შეარჩია: ტრუმენის ბიბლიოთეკა, აშშ-ის ცენტრალურ, მისურის შტატში. რასაკვირველია, ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა: აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჰერი ტრუმენს, რომელიც მისურის შტატში დაიბადა, საკვანძო მნიშვნელობის როლი აქვს შესრულებული გაეროს დაფუძნების საქმეში, 1945 წელს.

[კოფი ანანის ხმა] “როგორც პრეზიდენტ ტრუმენს აქვს ნათქვამი, “დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა თავიანთი ნება კი არ მოახვიონ, არამედ ემსახურონ ადამიანებს მთელს მსოფლიოში”. ტრუმენმა ცხადჰყო, რისი გაკეთება და რისი მიღწევა შეიძლება, როცა საქმეზე პასუხისმგებლობას აშშ კისრულობს. და დღესაც, ჩვენი გლობალური უწყებები ბევრს ვერაფერს გახდებიან, თუ აშშ განზე გადგა. მაგრამ როცა ის მთელი ძალით არის ჩართული საქმეში, არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნებოდა”.

საერთოდ, კოფი ანანმა აქცენტი გაეროს საქმიანობაში აშშ-ის როლზე გააკეთა, თუმცა, როგორც გაეროს გენერალური მდივანს მოეთხოვება, ზოგადი მოწოდებითაც გამოვიდა: შეეხო ხუთი პრინციპის დაცვის აუცილებლობას. ეს პრინციპებია კოლექტიური პასუხისმგებლობა, კანონის უზენაესობა, გლობალური უსაფრთხოება, ურთიერთანგარიშვალდებულება და მულტილატერალიზმი.

[კოფი ანანის ხმა] “ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაინაღდებს თავის უსაფრთხოებას სხვების დაქვემდებარების ხარჯზე. ჩვენ ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა ერთმანეთის უსაფრთხოებისთვის და მხოლოდ ერთმანეთის უსაფრთხეობაზე ზრუნვით შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, რომ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას”.

გაეროს გენერალურ მდივნად ორი 5-წლიანი ვადით მუშაობამ კოფი ანანს, მისივე თქმით, გააცნობიერებინა ის, რომ უსაფრთხოება და განვითარება დამოკიდებულია ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვაზე. მისთვის ცხადი გახდა ისიც, რომ მსოფლიო, მზარდი ეკონომიკური გლობალიზაციის მიუხედავად, დანაწილებული რჩება რელიგიური და კულტურული ნიშნებით, თუ ტრადიციებით, რაც, თავისთავად კარგია, მაგრამ ადამიანებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რაც მათ აერთიანებს: ეს არის ჰუმანიზმი, რწმენა იმისა, რომ ადამიანის ღირსებას და უფლბებებს კანონი უნდა იცავდეს.

გაეროს მიზნის - მსოფლიოში მშვიდობის, ადამიანთა ღირსების და უფლებების დაცვის - მიღწევა, დასძენს კოფი ანანი, შეუძლებელია მხოლოდ მთავრობებისთვის, თუ თავიანთი საქმიანობა არ შეათანხმეს არა-სამთავრობო სტრუქტურებთან, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პროფკავშირები, საქველმოქმედო გაერთიანებები თუ კვლევითი ცენტრები.

ეს არის კოფი ანანის, თუ შეიძლება ითქვას, “ანდერძი” გაეროს გენერალური მდივნის პოსტთან გამოთხოვებამდე. სხვა საკითხია, როგორ შეასრულა მან ეს საპატიო და რთული მოვალეობა 10 წლის მანძილზე. ეჭვს არ იწვევს, რომ მის საქმიანობას სხვადასხვაგვარად შეაფასებენ, თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. დანამდვილებით, ალბათ, იმის თქმა შეიძლება, რომ კოფი ანანს დიპლომატიური ტონისთვის არასდროს უღალატია. რას მიაღწია მმართველობის ამ მუდამ გაწონასწორებული, თავშეკავებული სტილით, ამაზე, როგორც ვთქვით, სხვა დროს. ყველაზე დიდ აღიარებად, უდავოდ, უნდა მივიჩნიოთ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, რომელიც 2001 წელს მიენიჭა გაეროს და მის გენერალურ მდივანს, განელ კოფი ანანს.
XS
SM
MD
LG