Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის გზა ევროპის კავშირის წევრობისკენ


ეს ბორანი სტამბულის ევროპული უბნიდან, ბეშიკტაშიდან,

აზიურში, იუშკუდარში, ანუ ერთი კონტინენტიდან მეორეზე, 8 წუთში გადაგიყვანთ. გეოგრაფიულად ევროპას და აზიას აქ წყალი ყოფს, ბოსფორის სრუტე. ორ კონტინენტს შორს აქ დღის განმავლობაში ბევრი მგზავრობს - ისინი, ვინც ევროპულ ნაწილში ცხოვრობენ და აზიურში მუშაობენ, ან პირიქით. 68 წლის სტამბულელი ნაღმე ბაში კარგად ერკვევა გარემოში:

(ბაშის ხმა)
“ეს ევროპაა, წყლის გაღმა, მეორე ნაპირზე, მცირე აზიას ხედავთ. შავი ზღვა აქედან 50 კილომეტრშია. ეს ბოსფორია.”

თურქეთის ევროკავშირში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. როცა ჩვენ სტამბულის ორი ნაწილის შემაკავშირებელ ბორანზე უბრალო ადამიანების აზრის გაგებას ვცდილობდით, აქედან შორეულ ბრიუსელში სჯა-ბაასი იმის თაობაზე მიდიოდა, როგორ მოქცეოდნენ თურქეთს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ან არ აკმაყოფილებს მთელ რიგ მოთხოვნებს. ამ “არათა” შორის არის კვიპროსის პრობლემა. კვიპროსის ბერძნული სახელმწიფო ევროკავშირის წევრია. მასთან ერთად კუნძულ კვიპროსზე თვითგამოცხადებული თურქული რესპუბლიკაც მდებარეობს. თურქეთს მოსთხოვეს, ევროკავშირის ამ წევრი ქვეყნისთვის თავისი სატრანსპორტო კარიბჭეები გაეღო, მაგრამ ანკარამ მოთხოვნა ვერ შეასრულა. საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, 11 დეკემბრის საღამოს, შეთანხმდნენ, ნაწილობრივ შეჩერდეს, ანუ 35-დან 8 სფეროში აღარ გაგრძელდეს მოლაპარაკება. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ეს აქტი თურქეთისთვის მოსაფიქრებლად დროის მიცემად შეაფასა, სხვებმა კი მას გარიგების გაწონასწორებული შედეგი უწოდეს. ამასთან, თურქეთისთვის არავითარი ულტიმატუმი არ წაუყენებიათ. ევროკავშირის ახლანდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის, საგარეო საქმეთა მინისტრის ერკი ტუომიოიას თქმით, არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია ევროკავშირში თურქეთის შესვლა, თუკი ის ყველა წაყენებულ პირობას შეასრულებს. სანამ სტამბულში დავბრუნდებოდეთ, ღირს კიდევ ერთ პოლიტიკურ მხარეზე შევჩერდე: კვიპროსმა, თავისი ადრინდელი მოთხოვნების საპირისპიროდ, გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის პრობლემის მოგვარებას პოლიტიკური გზით ხედავს, გაეროს ჩარჩოებში. კვიპროსის მხრივ კეთილი ნების გამოხატულებაა კიდევ ერთი დათმობა: ნიქოზია აღარ იქნება წინააღმდეგი, თურქეთის მიერ დაკავებულ ჩრდილოეთ კვიპროსს ევროკავშირთან პირდაპირი ვაჭრობა ჰქონდეს და ამ არეალს ევროკავშირმა ფინანსური დახმარება გაუწიოს.
ახლა კვლავ სტამბულში ვართ. ჩვენი ნაცნობი ნაღმე ბაში არ მალავს, რომ უნდა თავისი ქვეყანა ევროკავშირში იხილოს, მაგრამ, სხვა თურქების მსგავსად, ისიც გრძნობს, რომ ევროპაში საზოგადოებრივი აზრი მათი ქვეყნის საპირისპიროდ შეტრიალდა, როცა ევროპის მთავრობებმა და პოლიტიკოსებმა თურქეთის წევრობისთვის ზღუდეების შექმნა დაიწყეს.

(ბაშის ხმა)
“პირადად მე... ძალიან ძნელია. დიდი პრობლემებია. პრობლემაა სომხეთი, ასევე ქურთები, ეგეოსის ზღვა, კვიპროსი... ისინი მუდამდღე რაღაცას მოითხოვენ, გვეუბნებიან: “ეს გვინდა” ან “ასე და ასე გააკეთეთო”.

ჩვენ სხვებსაც ვკითხეთ. აი, მაგალითად, ეს სტუდენტი გოგონა, სახელად გიოკჩენი, ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ მოთმინებით თუ იმოქმედებს და სწორი გზით ივლის, თურქეთს კარგი შანსი აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს:

(გიოკჩენის ხმა) “ცხადია, ევროკავშირის წევრობა თურქეთისთვის ძალიან კარგი იქნება. იმედია, ნელ-ნელა წინსვლაც იქნება. ამას დრო დასჭირდება. ახლა 60 პროცენტია განვითარების, შემდეგ შეიძლება 80 პროცენტი გახდეს.”

ფენერბაჰჩეს საფეხბურთო კლუბის თავგამოდებული გულშემატკივარია იენერი, რომელიც ასევე ბორანზე შეგვხვდა.

(იენერის ხმა)
“ჩვენ ევროკავშირს ვერ შევუერთდებით, არ ვუნდივართ, მაგრამ არა უშავს. ფენერბაჰჩე საუკეთესოა!”

საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა ახალგაზრდა მუშამ თანსიუმ, რომელმაც იცის, რა იქნებოდა უკეთესი თურქეთისთვის:

(თანსიუს ხმა)
“სიმართლე რომ ვთქვა, მე არ მსურს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კავშირი მართლა ძალიან მომთხოვნია. ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად, მე მგონია, სხვა, თურქული კავშირი უნდა შევქმნათ თურქულ ქვეყნებთან ერთად ან ისლამური კავშირი. ეს თურქეთისთვის უკეთესი იქნება.”

(მუეძინის ხმა)

სტამბული ადამიანს აოცებს იმ კონტრასტით, რომელიც ქალაქის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორისაა; იმ სიმდიდრითაც, რომელიც ქალაქს ახასიათებს, ევროპასა და აზიას შორის კავშირითაც - ოსმალეთის იმპერიის სიდიადე, რომელიც ლურჯ მეჩეთში ჩანს, და აია სოფია, აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი... მაგრამ სტამბული ბაზარიცაა. ხელით ნაქსოვი ხალიჩები, ანატოლიური მოზაიკა და, რა გინდა, სულო და გულო, რომ არ იყიდო იქ.

(ხალიჩებით მოვაჭრის ხმა)

ხალიჩების გამყიდველი თავისი ნაწარმის ფასებს გვამცნობს, ამბობს, რომ ყველაზე იაფი ასი დოლარია. უძვირესი ხალიჩა, წმინდა აბრეშუმისა, 120 ათასი დოლარი ღირს მასთან. ის თურქეთშია დამზადებული, ქალაქ ჰერაკლეაში, სტამბულიდან 160 კილომეტრში.
დაბოლოს, აი,როგორ შეაფასა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიიპ ერდოანმა ევროკავშირთან ურთიერთობა, საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილების შემდეგ:

(ერდოანის ხმა)
“მიუხედავად ჩვენი წინადადებისა, უნდა განვაცხადო, რომ, სამწუხაროდ, თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ახლა ერთობ სერიოზულ გამოცდას გადის.”


  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG