Accessibility links

logo-print

რატომ არ ჩქარობს პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას


„სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მოამზადოს ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და ამ ანგარიშით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგეს. 2006 წლის პირველი ნახევრის ანგარიში პარლამენტმა ორი თვის წინ მიიღო, თუმცა დეპუტატებმა ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული 600 გვერდიანი ნაშრომის მოსასმენად დღემდე ვერ მოიცალეს. მეტიც, ირკვევა, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის მიწვევას არც უახლოეს მომავალში აპირებს. რატომ არ ჩქარობს პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას?

სახალხო დამცველმა ანგარიში, რომელიც 2006 წლის პირველ ნახევრში შექმნილ მდგომარეობას ასახავს, კანონით დათქმულ ვადაში მოამზადა. სოზარ სუბარს უჭირს 600 გვერდიან ნაშრომში შეტანილი მასალებიდან რომელიმე კონკრეტული საქმის გამოყოფა, თუმცა რამდენიმე მათგანს მაინც იხსენებს:

[სოზარ სუბარის ხმა] „პრიორიტეტი არის ჩემთვის ყველაფერი. მაგალითად, როცა კანცელარიის წინ აყრიან მიტინგის მონაწილეებს, წაიყვანენ დიღომში და ჩამოყრიან იქ, აქციას ნუ ატარებო, უკვე საგანგაშოა, ისევე როგორც იმ შემთხვევაში, როცა 2 მაისს თბილისის ცენტრში ყოვლად გაუმართლებელი სპეცოპერაცია ჩაატარა პოლიციამ და ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.“

2 მაისის სპეცოპერაციას, რომელზედაც სოზარ სუბარი ლაპარაკობს, ანგარიშში 4 გვერდი ეთმობა. 2006 წლის 2 მაისს პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ორი ახალგაზრდის - ალექსანდრე ხუბულურისა და ზურაბ ვაზაგაშვილის - სიცოცხლე შეეწირა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სპეცოპერაცია, სულ ცოტა, არაკვალიფიციურად და დაუდევრად ჩატარდა, ხოლო სპეცოპერაციის დროს დაღუპული ვაზაგაშვილის მშობლებს გამოძიების მასალების გაცნობისას პრობლემები შეექმნათ. თუმცა უმჯობესია თავად ვაზაგაშვილების ოჯახის წევრს მოვუსმინოთ.

[იური ვაზაგაშვილის ხმა] „მიდის შვილმკვდარი დედა და იმის საშუალებას არ აძლევენ, რომ საქმის მასალებში ჩაიხედოს. გამომძიებელი ეუბნება, ხელით გადაიწერე ექსპერტიზის დასკვნაო, სადაც წერია, როგორ მოხვდა მის შვილს თავში ტყვია, როგორ დაანთხია ტვინი და ასე შემდეგ... ტირის ქალი და ქსეროქსზე გადაღების უფლებას არ აძლევენ.“

უნდა ითქვას, რომ, 2 მაისის სპეცოპერაციის გარდა, ომბუდსმენის ანგარიშში სხვა გახმაურებული საქმეებიც მოხვდა. ლაპარაკია სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობებზე, რომლებშიც პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, პარლამენტი არ ჩქარობს და არ აპირებს სახალხო დამცველის ანგარიში საშემოდგომო სესიაზე განიხილოს. ფრაქცია „მრეწველების“ წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი არ ცდილა დაემალა გულისწყრომა, რომელიც პარლამენტის ბიუროს ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია:

[გიორგი ადეიშვილის ხმა] „იმ ქვეყანაში, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, სადაც ხალხს იტაცებენ და კლავენ, ასეთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უარს ამბობს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენაზე - რომელ მორალსა და ზნეოაბაზეა ლაპარაკი? იქნებ სულაც 2012 წელს განვიხილოთ ეს საქმე, მანამდე რა საჭიროა?“

გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საერთოდ არ სურს ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის საჯაროდ განხილვა და ხელისუფლებისთვის საჩოთირო თემებზე ლაპარაკი, თუმცა ამ აზრს არ იზიარებს ლალი ფაფიაშვილი - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

[ლალი ფაფიაშვილის ხმა] „ამ ეტაპზე არ ვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობდა კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნა, რომ ანგარიშის განხილვა არ მომხდარიყო მისი დასწრების გარეშე. ასევე არ გვინდა ამ სქელტანიანი და საკმაოდ სერიოზული ნაშრომის ზერელედ, დაჩქარებული ტემპით განხილვა. და კიდევ: ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ, რომ არ არსებობს თემა ან საკითხი, რომელსაც ხელისუფლება გაურბის ან რომლის მიჩუმათებასაც ცდილობს.“ (სტილი დაცულია)

დაირღვა თუ არა კანონი, როცა პარლამენტის ბიურომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა მომავალი წლისთვის გადადო? ამ კითხვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს მივმართე.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „კანონში საერთოდ არ წერია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სახალხო დამცველის მოსმენა პლენარულ სხდომაზე. კანონით, ვალდებულება არის, რომ სახალხო დამცველი ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ პარლამენტი წყვეტს - ანგარიშის მნიშვნელობიდან გამომდინარე - მისი საპარლამენტო მოსმენის საკითხებს.“

ერთი სიტყვით, მოუსმენს თუ არა პარლამენტი სახალხო დამცველს, დეპუტატების გადასაწყვეტია, სოზარ სუბარს კი არაფერი უკვირს და ხალხის რჩეულთა სხვაგვარ ქცევასაც იხსენებს:



[სოზარ სუბარის ხმა] „იყო შემთხვევა, როცა პარლამენტართა ნახევარზე მეტმა დატოვა დარბაზი იმის გამო, რომ არ მოესმინათ ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი, ანუ რელიგიის თავისუფლებასა და რელიგიურ თანასწორობაზე.“(სტილი დაცულია)

თუმცა ირკვევა, რომ, საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, სახალხო დამცველის აპარატს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მეტად სწყალობენ. საქმე ის არის, რომ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფმა ჩაატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ყველაზე მეტი - გამოკითხულთა 20 პროცენტი - არა პოლიციას ან სასამართლოს, არამედ სწორედ რომ სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს.
XS
SM
MD
LG