Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მიესალმება ირანთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს


ვაშინგტონი მიესალმება ევროპელთა მიერ შექმნილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ირანის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს,

თუკი თეირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრების პროცესს. დოკუმენტი მოიწონა რუსეთმაც, მაგრამ მოსკოვის საბოლოო პოზიცია ჯერჯერობით ნათელი არ არის.

ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ რეზოლუციის პროექტს მალე უყრიან კენჭს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ჟურნალისტებთან საუბარში ოპტიმიზმი გამოხატა, მაგრამ კენჭისყრის შედეგების შესახებ პროგნოზებისგან მაინც შეიკავა თავი.

რეზოლუციის პროექტი გასულ კვირაში წარმოადგინეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ. რუსეთის მხრიდან ამჟამინდელ ტექსტს ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა, ვიდრე ევროპელების მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის წინა ვარიანტს.

ევროპის სამი ქვეყნის ახალი ინციატივის მიზანია, აიძულოს თეირანი, დაჰყვეს გაეროს მოთხოვნას და შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროცესი. საამისოდ დოკუმენტი ყველა ქვეყანას მოუწოდებს, არ დაუშვან ირანისთვის ისეთი მასალების გადაცემა, რომელთაც ხელი შეიძლება შეუწყოს "საწვავის გამდიდრების, ხელახალი გამოყენების ან მძიმე წყლის ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ პროცესს".

ზომოთჩამოთვლილ სფეროებში საქმიანობა ირანს არ ეკრძალება მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე. მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ თეირანს ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შესაქმნელად სჭირდება.

რეზოლუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულია აგრეთვე მოგზაურობაზე და საფინანსო ოპერაციებზე აკრძალვების დაწესება იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ირანის ბირთვულ ან სარაკეტო პროგრამასთან აქვთ კავშირი.

რუსეთისა და ჩინეთის დასაყოლიებლად დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ირანის ბირთვული კრიზისის მოსაგვარებლად გაერო მხოლოდ დიპლომატიური საშუალებების გამოყენებას უჭერს მხარს.

მართალია, მიღების შემთხვევაში დოკუმენტს სავალდებულო ხასიათი ექნება, მაგრამ მისი განხორციელება არ გულისხმობს სამხედრო ძალის გამოყენებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ რეზოლუციის პროექტის ახალ ვარიანტში არ არის ნახსენები "ფართო მასშტაბის სანქციები."

[ლავროვის ხმა] "რეზოლუციის ახალი პროექტი ითვალისწინებს არა ფართო მასშტაბის სანქიებს, არამედ შეიცავს კონკრეტული ზომების სიას. მათი მიზანია ხელი შეუშალოს ირანს იმ ტექნოლოგიების მოპოვებაში, რომლებიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეშფოთებას იწვევს."

მაგრამ მოსკოვი მაინც შეწუხებულია ახალი დოკუმენტის ზოგიერთი პუქტით. მაგალითად, მგზავრობაზე აკრძალვით. მისი აზრით, ამგვარმა შეზღუდვებმა შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს ირანის ენერგოპოგრამა.

შეგახსნებთ, რომ რუსეთს საქმიანი ინტერესები აკავშირებს ირანის ენერგეტიკასთან. ირანის ქალაქ ბუშერის მხალობლად რუსეთი აგებს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც 2007 წლის ბოლოს უნდა ამუშავდეს.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა პოზიციას დაიკავებს ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩინეთი. მაგრამ აქამდე პეკინი დაჟინებით მოითხოვდა ირანთან დაკავშირებულ ნებისმიერი რეზოლუცია დიპლომატიური ზომებით შემოფარგლულიყო.

ირანმა ახლახან გააფრთხილა ევროპელები, რომ თავი შეიკავონ სანქციების დაწესებისგან.

[აჰმადინეჟადის ხმა] "თუკი ევროპელები განაგრძობთ ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას და თუკი ირანის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამთ - პროპაგანდისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით - ირანი ამას მტრულ ქმედებად მიიჩნევს," განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა პროვინცია მაზანდარანში გამოსვლისას.

სანქციები, რომლის დაწესებისთვისაც იბრძვიან დასავლეთის სახელმწიფოები, შესაძლოა მოიხსნას, თუკი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაწყვეტს, რომ თეირანი ასრულებს გაეროს მოთხოვნებს. მან გაეროს ანგარიში რეზოლუციის მიღებიდან ორი თვის შემდეგ უნდა წარუდგინოს.
XS
SM
MD
LG