Accessibility links

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი განსახილველად მზადაა


საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 14 დეკემბერს განიხილავს.

დღეს კი ერთთვიანი საჯარო განხილვების შედეგად შეჯერებული პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა. საკონსტიტუციო ცვლილებების გადამუშავებული ვარიანტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. მათგან ელჩებისა და მოსამართლეების დანიშვნის ახალ წესს საპარლამენტო ოპოზიციაც იზიარებს. რაც შეეხება 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარების გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, უმრავლესობა ამ საკითხში, ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასების შემთხვევაშიც კი, უკან არ დაიხევს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ერთადერთი ნორმა, რომელიც, მხარეთა შორის კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად, კანონპროექტში მაინც ჩაიდო, საქართველოს კონსტიტუციის 104 პრიმა მუხლის დამატებას გულისხმობს. დამატების თანახმად, 2004 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე ვადაში ერთდროულად უნდა ჩატარდეს.

[ნიკა გვარამიას ხმა]“ ეს ნორმა არის ისეთი, რომელიც არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, როგორი კითხვის ნიშნებიც არ უნდა დასვან ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა. და ეს ნორმა არის იმგვარი, რომელიც ვენეციის კომისიის შენიშვნების პირობებშიც კი, რომელსაც სამართლებრივი შინაარსი ექნება მხოლოდ, ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ - მე ვვარაუდობ, ყოველ შემთხვევაში, რომ არ გადაიხედება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის მატარებელი ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ფორმითაა წარმოდგენილი. ეს არის პოლიტიკური დატვირთვის ნორმა.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა გვარამიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეჯერებული მოსაზრებით, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარება პოლიტიკურად მიზანშეწონილია, რამდენადაც რუსეთიდან მომავალი პოლიტიკური რისკების თავიდან აცილებითაა ნაკარნახევი. ამისათვის საკონსტიტუციო მანიპულაციებიც კი მისაღებია, მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში, ოპოზიციაში კი მაინც ვერ ხედავენ ლოგიკურ ჯაჭვს საქართველოში 2008 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებასა და წლის დაახლოებით იმავე დროს რუსეთში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს შორის. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარული მოსმენის წინ არც ოპოზიციის არგუმენტი იცვლება. კონსერვატორ კახა კუკავას მოუსმინეთ:

[კახა კუკავას ხმა]“ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნები 2008 წელს ერთად ტარდება არა რაიმე კონსტიტუციური, ან პოლიტიკური, ან კონცეპტუალური მოსაზრებების გამო, არამედ წმინდა საარჩევნო ტაქტიკური მოსაზრებების გამო, რომ ასე მიაჩნია მმართველ გუნდს უფრო მოხერხებულად არჩევნების ჩატარება.” (სტილი დაცულია)

კახა კუკავასთვის მიუღებელია ისიც, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტის მიხედვით, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო უფლებამოსილების ვადა კალენდარული წლის ერთსა და იმავე თვეებში, ოქტომბერ–ნოემბერში, იწურება. სავარაუდოდ, საპარლამენტო დებატების საგანი პლენარულ სხდომაზე ეს საკითხიც გახდება. ცვლილებათა პაკეტში არ მოხვდა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უფლებათა რეგულირების ახალი ინიციატივები, რომელთაც, დეპუტატ გიგა ბოკერიას განმარტებით, პარლამენტი თებერვალში დაუბრუნდება:


[გიგა ბოკერიას ხმა]“სისტემურ ცვლილებებს იწვევს და დისკუსიამ გვაჩვენა ჩვენ, რომ მეტი დრო სჭირდება ჩამოყალიბებას იმ საბოლოო პოზიციისა, რაც მოგვცემს შედეგს ან გაძლიერებას პარლამენტის როლისა პრეზიდენტის როლის შემცირების ხარჯზე და, ამავე დროს, იქნება აწყობილი სისტემა, რომელიც არ იქნება კრიზისების მაპროვოცირებელი.“(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის როლის შემცირების საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებათა უკვე შემუშავებულ პაკეტში მოსამართლეთა დანიშვნის ახალ საკონსტიტუციო ნორმაშიც დევს. კერძოდ:

[ზურაბ დეკანოიძის ხმა] “იუსტიციის საბჭო განისაზღვრება იმ ორგანოდ, რომელიც იქნება უფლებამოსილი დანიშნოს მოსამართლეები და, გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ის შენიშვნა, რომელიც ეხებოდა იმ საკითხს, რომ პრეზიდენტი არ უნდა ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელი და, შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.“(სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ზურაბ დეკანოიძე, რომელიც, სავარაუდოდ, პლენარულ სხდომაზე განსახილველად თავად წარადგენს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა და დამატებათა კანონპროექტს.რაც შეეხება ვენეციის კომისიას, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებზე წინასწარ რეკომენდაციებს კომისია 21 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG