Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზანს ისახავს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მიღება


საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, რომელიც 2004 წლის დეკემბერშია მიღებული, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ავალდებულებს 2006 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“




და შესაბამისი დადგენილება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გაატაროს. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტსა“ და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომზადებული პროექტის მიხედვით, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსმა“ უნდა განსაზღვროს ლიცენზირებული მაუწყებლების მიერ მომსახურების გაწევის წესები, პირობები და საქმიანობის განხორციელებისას დასაცავი ეთიკური სტანდარტები.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსს”, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გარდა, ყველაზე მძაფრად ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს კოდექსის ტექსტზე მეტად კოდექსის სტატუსი აშფოთებს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „ის დოკუმენტი, რომელიც გავრცელდა ბოლო ხანებში, თუ არის იმ დოკუმენტის ტექსტი, რომლის მიღებასაც კომუნიკაციების კომისია აპირებს კანონის ფარგლებში, მაშინ ის იქნება სავალდებულო ნორმატიული აქტი, ანუ კანონმდებლობის ნაწილი, რომლის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას.“(სტილი დაცულია)

დავით უსუფაშვილის მოსაზრებას, რომ კოდექსი მაუწყებელთა გარედან რეგულირებას ითვალისწინებს, იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც 14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ახსნა-განმარტების მისაღებად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დაიბარეს, თუმცა მის ნაცვლად დეპუტატების წინაშე რატომღაც კომისიის რიგითი წევრი წარდგა. „კოდექსის პროექტი განხილვის სტადიაშია და მიღებამდე მასში არაერთი ცვლილება შევა“, განაცხადა დავით პატარაიამ და იქვე კომისიის ჩანაფიქრიც გაამჟღავნა:

[დავით პატარაიას ხმა] „პრინციპში სურვილი იყო შემდეგი, რომ შეიქმნას რაღაც გარკვეული სტანდარტები სატალევიზიო და რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთათვის და სახელმწიფომ შემდგომში მთელი ინიციატივა მიანდოს მაუწყებლებს.“(სტილი დაცულია)

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრის ნათქვამი დეპუტატმა ირაკლი იაშვილმა ასე გაიგო:

[ირაკლი იაშვილის ხმა] „მე მივხვდი, რომ თქვენ არ ხართ პრინციპულად წინააღმდეგი იმის, რომ ეს კოდექსი გახდეს თვითრეგულირების საგანი. ეს ცვლის სიტუაციას აშკარად. თუ ეს ასეა, მაშინ იმპერატიული მოთხოვნა კანონიდან უნდა ამოვიღოთ და შემდეგ თვითონ ეს საზოგადოება, ვისაც თვითრეგულირებისთვის დასჭირდება ეს დოკუმენტი, თვითონ იმსჯელებს... მაშინ ეს კოდექსი თქვენს უწყებაში დასაწერიც არ უნდა იყოს.“(სტილი დაცულია)

ანუ დოკუმენტს აღარ ექნება ნორმატიული აქტის სტატუსი, თუმცა დეპუტატს პასუხი “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” ავტორმა გასცა. ლევან რამიშვილი ამბობს, რომ კოდექსის სტატუსი კანონით არის განსაზღვრული. და კიდევ:

[ლევან რამიშვილის ხმა] „კანონით გათვალისწინებული სანქციები იქნება გამოყენებული მხოლოდ იმ მაუწყებლების მიმართ, რომლებიც შეგნებულად თავს აარიდებენ თვითრეგულირებას. ეს არის და ეს. ეს წერია ამ დოკუმენტში. კოდექსით გათვალისწინებული საკითხების დარღვევისთვის... რაც შეეხება სამართლიანობას, ობიექტურობას, ბალანსს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობას და ასე შემდეგ... არანაირი რეპრესიული ზომა გათვალისწინებული არ იქნება, გათვალისწინებული იქნება შესწორების უფლება, პასუხისა და უარყოფის უფლება - ეს არის და ეს.“(სტილი დაცულია)

ლევან რამიშვილის ამ განცხადების გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა დეპუტატმა დავით საგანელიძემ. კოდექსის პროექტის ავტორთა ტაქტიკა მან კბილის ექიმის ქცევას შეადარა:

[დავით საგანელიძის ხმა] „მაგალითს მოვიყვან. ყველა ვყოფილვართ ბავშვობაში სტომატოლოგთან. კბილის ამოღების წინ არასოდეს გეტყვის ექიმი, აბა, პირი გააღე, კბილი უნდა ამოგიღოო. გეტყვის, უნდა დავათვალიერო, აბა, როგორაა, უნდა შევხედოო და ამ შეპარვით საუბარში უცბათ ამოგიღებენ კბილს.“ (სტილი დაცულია)

კბილის ამოღების, ანუ კოდექსის მიღების, წინააღმდეგია ტელეკომპანია “კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] „თქვენ მიერ მომზადებულ დოკუმენტში პირდაპირ წერია: კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვა სავალდებულოა და მათი დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციები.“

მაუწყებლობის შესახებ კანონი კი გაფრთხილებას, დაჯარიმებას და ლიცენზიის ჩამორთმევას ითვალისწინებს, თუმცა, ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია განმარტავს, რომ ლაპარაკი მხოლოდ თვითრეგულირებაზეა:

[გიგა ბოკერიას ხმა] „ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა თვითონ მაუწყებლების მიერ ჟურნალისტებისთვის ქცევის სტანდარტების დაწესება. ჩვენი ტელევიზიების შემხედვარე, ეს აუცილებელია, მაგრამ ამის აღსრულება ძალით არ შეიძლება. ეს არ უნდა ხდებოდეს და ეს არ მოხდება ჩვენი კანონმდებლობით.“

კიდევ ერთი დეპუტატი კი, დავით ზურაბიშვილი, დარწმუნებულია, რომ კოდექსის ავტორებს სამაუწყებლო კომპანიების მართვის ჟინი ამოძრავებთ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” გადაკეთება, მასში არსებული ხარვეზების რაოდენობის გამო, დროის ფუჭი კარგვაა. დეპუტატი ინიციატივით გამოდის:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „საერთოდ, დავსვათ საკითხი პრინციპულად: არ შეიძლება კერძო და კომერციულ ტელევიზიას არეგულირებდეს სახელმწიფო, უწესებდეს ქცევის ნომას. რომელი კანონებიც მოქმედებს, ისიც საკმარისია.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG