Accessibility links

logo-print

რა დარღვევები აღმოუჩინეს ახალგაზრდა იურისტებმა მთავრობას ”თაკარა მზის ქვეშ”


ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მორიგ შუალედურ ანტიკორუფციულ ანგარიშს აქვეყნებს.



ყოველკვარტალური ანგარიში ”საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ” საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პროცესის გაშუქებას ისახავს მიზნად. საუბარია პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებზე, რომელთა მიმართებითაც, გადახარჯვასთან ერთად, სხვა არაერთი დარღვევა იჩენს თავს. მაშინ, როცა კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებების დაფინანსება დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებსა და ინფრასტრუქტურას, მაგალითად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან არც ერთი თეთრი არ ერგოთ.

”თაკარა მზის ქვეშ” გამოტანილი ანგარიშის ავტორები ყველაზე მეტად გააკვირვა იმან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები პრაქტიკულად უყურადღებოდ ტოვებს სტიქიის შემოტევის შედეგების ლიკვიდაციის აუცილებლობას. არადა, კანონში ”საბიუჯეტო სისტემების შესახებ” სავსებით გარკვევით წერია, რომ სარეზერვო ფონდების სახსრები, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთ საგანგებო შემთხვევებს უნდა მოხმარდეს, როგორიც არის ”ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები”. კანონის მითითების მიუხედავად, 2006 წლის პირველი 3 კვარტალის მანძილზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას მხოლოდ 2 პროცენტი მოხმარდა; პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კი, იმავე მიზნისთვის არც რთი თეთრი არ დახარჯულა.

კვლევის პროცესში ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, იურისტი ნინო ლომჯარია, კიდევ ერთ, ბევრისთვის დაუჯერებელ, ფაქტს წააწყდა - სახელმწიფოს სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი არ დაუთვლია:

(ნინო ლომჯარიას ხმა) ”არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო უწყება, ცენტრალური თუ ადგილობრივი, რომელიც პასუხისმგებელია დაითვალოს, ვთქვათ, ქვეყნის მთელი მასშტაბით ან კონკრეტული რეგიონის მასშტაბით, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა. უარი განგვიცხადა როგორც გარემოს დაცვის სამინისტრომ, ასევე - მთავრობის კანცელარიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ასე შემდეგ. არ არსებობს აქტი, რომელიც დაარეგულირებს ან ვიღაცას დაავალდებულებს, რომ ეს ზარალი დათვალოს.” (სტილი დაცულია)

სტიქიით დაზარალებული რეგიონებისგან განსხვავებით, მთავრობის სარეზერვო ფონდის საგანგებო ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიმსახურა:

(ნინო ლომჯარიას ხმა) ”ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 23 მილიონი ლარი გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმაოდ გაურკვეველი მიზნით - მისი ”ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით”. ჩვენ მივმართეთ როგორც მთავრობის კანცელარიას, ასევე - შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაეკონკრეტებინათ, თუ რას ნიშნავდა ”ნორმალური ფუნქციონირება”. თუმცა ჩვენ დღესდღეობითაც ამ საკითხთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია არ გვაქვს.” (სტილი დაცულია)

ძნელი აღმოჩნდა იმის გარკვევაც, თუ როგორ გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 მილიონი ლარი ფონდიდან, რომლის ფინანსური მასშტაბი თავდაპირველად დამტკიცებული 25 მილიონიდან ივლისში 14 მილიონ ლარამდე შემცირდა. კვლევა ადასტურებს, რომ ამჟამად მთავრობის სარეზერვო ფონდს 420%-იანი გადახარჯვა აქვს. დასაშვებზე გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც. როგორც კვლევის კიდევ ერთი ავტორი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, მაშინ როცა პრეზიდენტის ფონდის წლიური ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, 3 კვარტალის მონაცემებით, უკვე 34 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. იურისტი ამბობს, რომ პრეზიდენტის ფონდმა საკანონმდებლო ცვლილებები თავის სასარგებლოდ მოირგო და პრაქტიკულად მაკონტროლებელი მექანიზმის გარეშე დარჩა:

(თამარ ჩუგოშვილის ხმა) ”ცვლილებები შევიდა ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში” და საერთოდ აღარ ვრცელდება ეს კანონი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდზე. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის” მთავარი მიზანი არის, რომ საბიუჯეტო სახსრები განიკარგოს რაციონალურად და ამ კანონის მოქმედებისგან საერთოდ გათავისუფლდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. ანუ, ფაქტიურად, ეხლა, ამ ეტაპზე, დარჩენილი არის სამართლებრივი რეგულირების გარეშე. უბრალოდ ხდება მისი განკარგვა. აი, ასე, უბრალოდ, აიღებენ თანხას და იხარჯება.” (სტილი დაცულია)

ახალგაზრდა იურისტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვით ნაწილში არსებობს ”სხვა, გაუთვალისწინებელი, სახელმწიფოებრივი ხარჯების” სეგმენტი, რომელიც თანხების უკონტროლო ხარჯვის შესაძლებლობას იძლევა.
XS
SM
MD
LG