Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ორდღიანი სამიტი: უთანხმოება ახალი წევრების მიღების პერსპექტივაზე


არც თუ დიდი ხნის წინ ბრიუსელში ხშირად მოისმენდით - ევროკავშირის ყველაზე ეფექტიანი საგარეოპოლიტიკური იარაღი მისი გაფართოება არისო.

სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დაეხმარა 8 ყოფილ სოციალისტურ ქვეყანას რთულ პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციაში. 2004 წელს ისინი ევროკავშირში მიიღეს მალტასთან და კვიპროსთან ერთად და გაფართოების ეს ეტაპი ეკონომიკურ წარმატებადაც გამოაცხადეს. მაგრამ მას შემდეგ საქმე უარესობისაკენ წავიდა: ბოლოხანს, ევროკავშირის გაფართოება ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა და მთავარი საკითხი, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში განიხილავენ დღეს დაწყებულ სამიტზე.

ევროკავშირის გაფართოებაზე დავა ორ ბანაკს შორის მიმდინარეობს: ერთნი კავშირის განმტკიცებას, მისი ამჟამინდელი წევრების უფრო მჭიდრო პოლიტიკურ ინტეგრაციას ემხრობიან, მეორენი - ახალი წევრების მიღებას, გაფართოებას. მათ შორის კომპრომისის გამონახვა იმდენად ჭირს, რომ ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენი სახიფათო უთანხმოებაზე ლაპარაკობს:

[რენის ხმა] “ამჟამინდელ დისკუსიაში ხშირად არასწორედ გვესმის ერთმანეთის. ზოგი გაფართოების მხოლოდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ლაპარაკობს - სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მშვიდობისა და დემკორატიისათვის. სხვები მხოლოდ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც ზღუდავს ახალი წევრების მიღების უნარს. თუ ეს ორი პოზიცია არ დაუახლოვდა ერთმანეთს, მივდივართ რისკზე, რომ ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო დაიბნევიან, კანდიდატი ქვეყნები კი ჩვენდამი ნდობას დაკარგავენ.”

მაგრამ ოლი რენის ეს გაფრთხილება, ბრუსელში ჩვენი კორესპონდენტის ვარაუდით, ბევრს ვერაფერს შეცვლის. საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიასა და ჰოლანდიას, გაფართოების საკითხში, ევროკავშირის ყველაზე უფრო სკეპტიკურ წევრებად მოიხსენიებენ. ისინი, სავარაუდოდ, არ დაადებენ ვეტოს სამიტზე მოსალოდნელ დეკლარაციას, რომ ევროკავშირი აპირებს გაფართოების პროცესის გაგრძელებას. მაგრამ ყველა ღონეს იხმარენ, რათა გავლენა იქონიონ გაფართოების წესების განსაზღვრაზე.

გაფართოების პერსპექტივასთან უშუალო კავშირშია ბრიუსელში დაწყებული სამიტის კიდევ ერთი წამყვანი თემა: იმიგრაცია. როგორ გაართვას თავი ევროკავშირმა ასიათასობით სასოწარკვეთილი იმიგრანტის მცდელობას, როგორმე მოხვდეს ევროპაში? ბრიუსელში ბევრი ფიქრობს, რომ ევროკავშირმა ჯერ ამ პრობლემაზე უნდა იზრუნოს და მერეღა იფიქროს ახალი წევრების ხარჯზე გაფართოებაზე. ასე ფიქრობს ბევრი რიგითი ევროპელიც, რაც ევროკავშირის ლიდერებმა იციან.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ: [ბაროზუს ხმა] “გაფართოება არ შეიძლება განხორციელდეს ბიუროკრატიის, ან თუნდაც დიპლომატიის მეშვეობით. ის დემოკრატიულად უნდა მოხდეს და ჩვენი ამოცანაა, მოვიპოვოთ ევროპის საზოგადოებრივი აზრის ნდობა”.

ბრიუსელის სამიტზე არ არის მოსალოდნელი დისკუსია იმის შესახებ, სადამდე შეიძლება მივიდეს ევროკავშირის საზღვრები. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაულა ლეჰტომეკის განცხადებამ ნათელჰყო, რომ თვალსაწიერ მომავალში ევროკავშირი გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობაზე იზრუნებს: [ლეჰტომეკის ხმა] “გაფართოების საკითხზე დებატების მიზანია იმ დაპირებების კონსოლიდაცია, რომლებიც ხორვატიასთან და თურქეთთან მიმართებაში, აგრეთვე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში გავაკეთეთ.”

თუმცა, იმედი, როგორც ჩანს, არ უნდა გადაიწურონ არც სხვა ქვეყნებმა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ: ევროკომისარ ოლი რენის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, დღევანდელი თაობა ისევე ვერ დააწესებს ევროკავშირის საზღვრებს, როგორც ევროკავშირის წინა თაობა ვერ დააწესებდა.
XS
SM
MD
LG