Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტი გაფართოების საკითხზე ”ახალი კონსენსუსის” მიღწევას ცდილობს


ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის სამიტი. კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა განცხადებით, სამომავლო გაფართოების თაობაზე მიღწეულია ”ახალი კონსენსუსი”.

სამიტზე მიღებული დეკლარაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნიშნავს, რომ ახალ კანდიდატ ქვეყნებს გამკაცრებული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ორდღიანი სამიტის დასკვნით განცხადებაში ევროკავშირის ლიდერები კავშირის გაფართოებას ”წარმატებულად” აფასებენ.

ისინი ყურადღებას რამდენიმე ასპექტზე ამახვილებენ - როგორ შეუწყო ხელი გაწევრიანების პერსპექტივამ რეფორმების დაჩქარებას; წვლილზე, რომელიც 2004 წელს გაწევრიანებულმა ქვეყნებმა ევროკავშირის ეკონომიკაში შეიტანეს; და იმაზე, რომ ამ ქვეყნების მიღებამ მნიშნვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის როლი გლობალურ პოლიტიკაში.

მაგრამ, ამგვარი დადებითი შეფასებების პარალელურად, სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საკუთრივ გაფართოების პერსპექტივა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის უწინდელივით მომხიბლავი აღარ არის.

სამიტის დასასრულს, ფინეთის პრემიერ მინისტრმა, და სამიტის ხელმძღვანელმა, მატი ვანჰანენმა, კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა ის დილემა, რომლის წინაშეც ევროკავშირი ამჟამად დგას. ეს დილემა უკავშირდება სურვილს, კავშირი ერთდროულად ”გაფართოვდეს” და ”გაღრმავდეს” კიდეც.

[ვანჰანენის ხმა]: "მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, და კავშირმა სტაბილური ფუნქციონირება და განვითარება შესძლოს. ეს ღიად უნდა განხორციელდეს."

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის მინიშნებით, ახალ კანდიდატებს გაწევრიანების კონკრეტულ ვადას აღარ დაუწესებენ.

ბრიუსელის სამიტმა ევროკავშირის გაფართოების უკანასკნელი ტალღა ოფიციალურად გააფორმა, და რუმინეთსა და ბულგარეთს მიესალმა. ეს ორი ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2007 წლის 1 იანვარს ხდება. ბრიუსელში ფართოდ გაზიარებული შეხედულების თანახმად, ამ ქვეყნებმა ევროკავშირში შესვლა იმაზე ადრე მოახერხეს, ვიდრე უპრიანი იქნებოდა, გამოიყენეს რა ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული ნაჩქარევი დაპირებები.

პარადოქსულია, რომ ამ ორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება დიდწილად საფრანგეთმა განაპირობა - ქვეყანამ, რომელიც ახლა სამომავლო გაფართოების მთავარ ოპონენტს წარმოადგენს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც საფრანგეთის მხრიდან ბულგარეთისა და რუმინეთის მხარდაჭერა განაპირობა, ის იყო, რომ უცხო ენების შესწავლის თვალსაზრისით, ამ ორ ქვეყანაში ინგლისურზე მეტ უპირატესობას ფრანგულ ენას ანიჭებენ.

სამომავლო პერსპექტივაზე ევროკავშირში ერთგვაროვანი შეხედულება არ არსებობს. სამომავლო გაფართოების ოპონენტებს სურთ, რომ გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ ერთ ქვეყანას - ხორვატიას - დარჩეს. ევროკავშირის აღმასრულებელ ძალას, ევროკომისიას, ერთგვარი შუალედური პოზიცია უჭირავს, და აცხადებს, რომ გაწევრიანების შესაძლებლობა დღეს არსებულ ყველა კანდიდატ ქვეყანას - თურქეთს, ხორვატიას და მაკედონიას - უნდა მიეცეს, ისევე, როგორც დასავლეთი ბალკანეთის დანარჩენ ქვეყნებს. გაფართოების საკითხთან მიმართებით ევროკავშირის წიაღში არსებულ მესამე ძალას გაფართოების პერსპექტივის კიდევ უფრო გაზრდის მომხრეები წარმოადგენენ - მათ შორის არიან ახალი წევრი ქვეყნები, და დიდი ბრიტანეთი. ბრიუსელის სამიტზე ეს ქვეყნები იმის მიღწევას ცდილობდნენ, რომ ევროკავშირის კარი თეორიულად მაინც იყოს ღია უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოსთვის.

სამომავლო გაფართეობის შესახებ დებატები ამ ეტაპზე არ დასრულებულა. სავარაუდოდ, ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხს 2008 წლის ბოლოს დაუბრუნდებიან - კავშირის კონსტიტუციის პროექტის აღდგენის მცდელობასთან ერთად.

ევროკავშირის სამიტის სამომავლო გაფართოების გარდა, სამიტზე იმსჯელეს საგარეო პოლიტიკის ასპექტებზეც - კერძოდ, უარყოფითად შეაფასეს ირანის ბირთვეული პროგრამა, და თეირანს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდეს; ამასთან, სამიტზე გამოვიდნენ დაპირებით, რომ ევროკავშირი ავღანეთის აღმშენებლობის პროცესში საკუთარ როლს კიდევ უფრო გაზრდის. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბრიუსელში იმსჯელეს, არალეგალური მიგრაცია იყო. კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ პრობლემასთან საბრძოლველად ზომებს გაამკაცრებენ.
XS
SM
MD
LG