Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები აფხაზ-აბაზგი ხალხების კონგრესს ეხმიანებიან


15 დეკემბერს სოხუმში გაიხსნა და სამ დღეს გასტანს აფხაზ-აბაზგი ხალხების მსოფლიო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები 30 ქვეყნიდან,

მათ შორის - თურქეთიდან, კანადიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და რუსეთიდან. ბუნებრივია, კონგრესის მონაწილეთა შორის არ არიან ის აფხაზები, რომლებიც მეთოთხმეტე წელია თბილისში დევნილის სტატუსით ცხოვრობენ. ეს ადამიანები თბილისელებთან და სხვა დევნილებთან ერთად გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობის მემორიალთან, შეიკრიბნენ.

აფხაზ-აბაზგი ხალხების მსოფლიო კონგრესის გახსნის დღეს გმირთა მოედანზე დევნილების - და არა მარტო დევნილების - შეკრების იდეა პაატა დავითაიას, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ეკუთვნის. „ჩვენ თვითონ“ - ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობს და რომლის უმთავრესი მიზანი დევნილთა ღირსეული დაბრუნებაა. პაატა დავითაია აფხაზ-აბაზგი ხალხების მსოფლიო კონგრესიდან კარგს არაფერს ელის:

[პაატა დავითაიას ხმა] „თქვენ გახსოვთ, რომ ასეთი შეხვედრა უკვე იყო ერთხელ და ეს იყო ლიხნში. თქვენ გახსოვთ, რა მოჰყვა ამ შეხვედრას: ლიხნის შეკრების შემდეგ დაიკარგა აფხაზეთი. დღეს, ამდენი წლის შემდეგ პირველად, აფხაზეთში იკრიბება სუყველა. აფხაზები მიიღებენ რეზოლუციას, რათა ანახვონ მთელ მსოფლიოს, რომ მათ არ სურთ ცხოვრება ქართველებთან, რომ მათ სურთ დამოუკიდებლობა.“

ის, რომ დამოუკიდებლობა სურთ, სეპარატისტთა ლიდერებს არც არასოდეს დაუმალავთ. ამჯერადაც, კონგრესის დღის წერიგის მიხედვით, დელეგატები შეიმუშავებენ მიმართვის ტექსტს, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობებს დაეგზავნება. კონგრესის ერთ-ერთ მონაწილესა და არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ყველაზე მეტად რუსეთის ეიმედება, თუმცა სერგეი ბაღაფშმა ისიც კარგად იცის, თუ რა უშლის ხელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] „ხელს ის უშლის, რომ დღესდღეობით რუსეთში ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, ვინც ქვეყნის შიდა პრობლემებზე მუშაობის დროსაც კი იმაზე ფიქრობს, თუ რას იტყვის ამის შესახებ დასავლეთი.“

აფხაზეთის დამოუკიდებლობას რომ რუსეთი ვერ ცნობს, ამაში ეჭვი არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეპარებათ. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ცნობასთან დაკავშირებით ანგარიშგასაწევი მხოლოდ რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება იქნება:

[გიგა ბოკერიას ხმა] „თუ აღმასრულებელი ხელისუფლება გადადგამს ასეთ ნაბიჯს, რაც ძალიან რთული იქნება მათთვის, ეს იქნება ურთიერთობის რეალური გამწვავება ახალ დონეზე, სერიოზულ დონეზე.“

თუმცა გმირთა მოედანზე შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ, რომ ვითარება ისედაც უკიდურესადაა გამწვავებული და რომ კონგრესის შემდეგ არაა გამორიცხული რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნოს. პაატა დავითაია გამოსავალს დევნილების დარაზმვაში ხედავს:

[პაატა დავითაიას ხმა] „თბილისში 90 ათასი დევნილია. რამდენი ხართ დღეს აქ, გადახედეთ. რატომ გძინავთ? ვისი იმედი გაქვთ? აქ მოკვდებით სუყველა, არავინ ჩაგიყვანთ აფხაზეთში, გამოფხიზლდით! ყველა უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ აფხაზეთის ბედი. ჩვენ დღეიდან უნდა დავიწყოთ მოძრაობა, რათა ხელისუფლებას შევახსენოთ და მოვთხოვოთ ჩვენი დაბრუნება.“

დევნილების გარდა, გმირთა მოედანზე მივიდნენ თბილისელებიც, მათ შორის იყო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანიც.

[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] „იქ რომ იკრიბებიან, იციან, რომ საქართველოს მიწაზე ცხოვრობენ. ჩვენ რომ ვიკრიბებით, ვიცით, რომ ჩვენი მიწისათვის ვიკრიბებით. აი, ეს განსხვავებაა! რა უნდათ... მაგრამ ისინი არაფერ შუაში არ არიან. შუაში დიდი და უბედური რუსეთია, რომელსაც უნდა, რომ გეომოს და მოგიგოს, მეტი არაფერი. მაგრამ ჩვენც არ ვართ მართლები ბევრ რამეში, იმიტომ რომ აქ, სულ ცოტა, 100 ათასი კაცი მაინც უნდა იყოს.“

აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აფხაზეთის ბედით შეწუხებული ადამიანების გაერთიანებას შეძლებენ. „აფხაზეთის ბედსა და მომავალს ჩვენ გარეშე, აფხაზეთიდან გამოძევებული ადამიანების გარეშე, ვერავინ გადაწყვეტს“, ითქვა აქციაზე, რომელიც თბილისში, გმირთა მოედანზე, აფხაზ-აბაზგი ხალხების მსოფლიო კონგრესის პასუხად გაიმართა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG