Accessibility links

logo-print

რას გულისხმობს დევნილთა პრობლემების მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია?


საქართველოში იძულებით ადგილნაცვალ პირთა პრობლემების მოგვარების პირველ სახელმწიფო სტრატეგიას ჯერ ისევ პროექტის სახე აქვს.

პროექტზე მუშაობას ზუსტად 10 თვე მოანდომა დევნილთა მიმართ ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელმა სამთავრობო კომისიამ, რომელსაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი თავმჯდომარეობდა. კომისიის წევრები ერთიან ეროვნულ სტრატეგიას დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს უწოდებენ. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ თეორიული ნაბიჯია. როგორც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ვალტერ კელინი მიიჩნევს, ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების გარეშე, სტრატეგიაში ასახული მნიშვნელოვანი მიმართულებები შედეგს ვერ გამოიღებს. დევნილთა პრობლემების მოგვარების პირველი სახელმწიფო სტრატეგიის ოფიციალური პრეზენტაცია 15 დეკემბერს შედგა.

დევნილი მოსახლეობის ყოფითი პირობების რადიკალური გაუმჯობესება, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ეფექტიანი ჩართვა და ყველანაირი პირობის შექმნა იმისათვის, რომ დევნილები მშობლიურ სახლ-კარს ნებაყოფლობით, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ - აი, ის ძირითადი ამოცანები, რომლებსაც დევნილთა პრობლემების მოგვარების პირველი სახელმწიფო სტრატეგია აერთიანებს. ერთიან ეროვნულ სტრატეგიაზე, სახელმწიფო უწყებების გარდა, მუშაობდა მე-3 სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. საგულისხმოა, რომ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებში პროფესორი ვალტერ კელინი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

(ვალტერ კელინის ხმა) ”გილწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ბოლო ზამთარი, როცა ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად - უვარგის შენობებში, სადაც არც წყალია, არც - ელექტროენერგია... და სიცივისგან თავს ვერაფრით იცავს. ჩემი, როგორც გენერალური მდივნის წარმომადგენლის, შესაძლებლობების ფარგლებში, მზად ვარ კვლავაც დავუჭირო მხარი ყველა შესაბამისი სახელმწიფო თუ საერთაშორისო უწყების მცდელობას იმისათვის, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კვლავაც გახდნენ ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი და წარმატებული წევრები.”

საქართველოში ამჟამად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 247 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, დაახლოებით 40 ათასი დედაქალაქშია დასახლებული. დევნილთა პრობლემების ჩამონათვალი რომ საკმაოდ ვრცელია, არავინ დავობს და ამას ეროვნული სტრატეგიის პროექტიც ადასტურებს. დევნილებს აწუხებთ უმუშევრობასთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასა თუ სოციალურ ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა ყველაზე მთავარი და მასშტაბური პრობლემა მაინც განსახლებასა და საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება. ეროვნული სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობაზე ზრუნვას, თუმცა აქ არ იგულისხმება სახლებისა და ბინების პირდაპირ ყიდვა თუ ჩუქება:

(ვალერი კოპალეიშვილის ხმა) ”ძირითადი, რაც სტრატეგიისათვის დამახასიათებელი უნდა იყოს, ეს არის ბინის ხელმისაწვდომობა დევნილებისათვის. ამ ამოცანის მიზანი ის არის, რომ ყველა დევნილს, ვისაც საშუალება აქვს შეინახოს, მოუაროს უძრავ ქონებას, დასახლდეს, სახელმწიფომ შეუწყოს ხელი, საზოგადოებამ შეუწყოს ხელი, შეიძინოს, გახდეს მესაკუთრე, მოუაროს თავის ქონებას და მოახდინოს ინტეგრაცია საზოგადოებაში.” (სტილი დაცულია)

გაეროს საქართველოს მისიის წარმომადგენელმა ვალერი კოპალეიშვილმა 15 დეკემბერს, პროექტის პრეზენტაციისას, აღნიშნა, რომ ეროვნული სტრატეგია ხელმოკლე ოჯახების ინტერესებსაც გაითვალისწინებს:

(ვალერი კოპალეიშვილის ხმა) ”შესაძლებელია, საერთო ეროვნული პროგრამის ფარგლეში, შევთავაზოთ სოციალური მშენებლობა. შეიძლება მშენებლობა არ იყოს, შეიძლება უკვე არსებული შენობები იყოს... სომბოლური ქირის ფარგლებში რომ ცხოვრობდნენ.” (სტილი დაცულია)

იმისათვის, რომ დევნილების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, დასაქმების პრობლემა უნდა გადაიჭრას. კოპალეიშვილი ამბობს, რომ სტრატეგია ამ მიზნით დევნილთა ეკონომიკურ დახმარებას გულისხმობს. თუმცა ეს პირდაპირ დაფინანსებას არ ნიშნავს. საუბარია დევნილთა პროფესიულ გადამზადებასა და მათ მიერ მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობაზე. ეროვნული სტრატეგია დევნილთა მხარდაჭერას განათლებისა და ჯანდაცვის კუთხითაც ითვალისწინებს. თუმცა ყოველივე ეს ჯერჯერობით მხოლოდ თეორიაა. პრაქტიკად კი მას შემდეგ უნდა იქცეს, რაც სტრატეგიას მთავრობა განიხილავს, საგანგებო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და საჭირო ფინანსებიც გამოინახება. ვალტერ კელინი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმის გარეშე წამოწყება წარმატებით ვერ დაგვირგვინდება:

(ვალტერ კელინის ხმა) ”სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ მხოლოდ სტრატეგიის შემუშავება, როგორი კარგიც უნდა იყოს ის,არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეალური ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რომლებისთვისაც ის დაიწერა. ამიტომ მე მაიმედებს მთავრობის განზრახვა მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში დეტალური სამოქმედო გეგმით სრულყოს სტრატეგია. ამ სამოქმედო გეგმაში დეტალურად უნდა გაიწეროს და დაკონკრეტდეს მეტ-ნაკლებად აბსტრაქტული სტრატეგია. ეს კი, ზეგავლენას იქონიებს იძულებით გადაადგილებულთა ცხოვრებაზე და ისინი ამას ახლო მომავალში იგრძნობენ.”

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ისეთსავე მონდომებას გამოავლენს, როგორიც მან სტრატეგიის შექმნისას გამოავლინა.
XS
SM
MD
LG