Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


გოგი თოფაძე როგორი იყო გასული კვირა ბიზნესმენ გოგი თოფაძისთვის?

ამას შეიტყობთ, თუ გაეცნობით რადიო "თავისუფლების" თხოვნით მის მიერ შესრულებულ ჩანაწერებს.

26 ნოემბერი, კვირა
ვიყავი სანადიროდ. ძალიან მიყვარს ეს საქმე. ძალიან პოპულარულია დასავლეთში. მინდა, საქართველოში ავაღორძინოთ სამონადირეო ტურიზმი. ჩვენში იმდენია ენდემური სახეობა ფლორისა და ფაუნის, რომ ძალიან ბევრი უცხოელი დაინტერესდება და საკმაოდ მომგებიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. უკვე ახლაც ბევრი მსურველია, ჩამოვიდეს და ინადიროს საქართველოში. განსაკუთრებით – ჯიხვზე, დათვზე, გადამფრენ ფრინველებზე, ხოხობზე. ეს ტურიზმის ერთ-ერთი აქტიური სახეობაა და ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს. რახან იქ ვიყავი, წავინადირე, ძაღლებიც გავასეირნე. რომ იტყვიან, სასარგებლო სასიამოვნოს შევუხამე.

27 ნოემბერი, ორშაბათი
ენერგეტიკული პრობლემა საქართველოში ძალიან მძიმედ დადგება რუსების ბოიკოტის თუ ფასების აწევის შედეგად. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქართველ მეწარმეებს, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი ეგერგოტევადი საწარმოა. შესაძლოა, ბევრმა ვერ გაუძლოს ფასების ზრდას. გაიზრდება პროდუქციის თვითღირებულება და, ალბათ, ბევრი პროდუქტი დაკარგავს კონკურენტუნარიანობას. ძალიან განვიცდი ამ პრობლემას. მინდა, რაღაც კომპრომისი მოინახოს. არა მგონია, ირანმა ან აზერბაიჯანმა რაიმე უფრო შეღავათიანი შემოგვთავაზონ. ისევ და ისევ დიალოგი უნდა გაიმართოს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, თუნდაც რაღაც-რაღაცების დათმობით. თუ გვინდა, რომ ეკონომიკა დავაყენოთ ფეხზე, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი გავზარდოთ, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. მართალია, კომპრომისსაც თავისი ზღვარი აქვს, შეიძლება, ზოგიერთი მოთხოვნა მიუღებელი იყოს, მაგრამ დიპლომატიაც ეგ არის! უნდა მოინახოს კომპრომისი და მივიღოთ ის ფასი, რაც აქვს, მაგალითად, უკრაინას.

28 ნოემბერი, სამშაბათი
ჩვენს კომპანიას შექმნილი აქვს საქველმოქმედო ფონდი, დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ფარგლებში. აქედან 10-12 პროცენტი მიდის განათლების სისტემის დაფინანსებაზე: სტიპენდიებს ვაძლევთ ნიჭიერ სტუდენტებს, ვაგზავნით პრაქტიკაზე, უცხოეთში სასწავლად – იმ გარანტიით, რომ მერე დაბრუნდება სამშობლოში და აქ გააგრძელებს მოღვაწეობას. ჩვენთვის ეს ახალი არ არის: ESM-ი საკმაოდ მაღალი დონის სასწავლებელია, ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე განათლების თვალსაზრისით. ჩვენ მათ ადრეც ვეხმარებოდით. ადრეც გვყავდა სტიპენდიატები. ახლაც აქტიურად ვეხმარებით. თუ ის ნიჭიერი ხალხი, ვინც ვერ უძლებს გადასახადს, აქედან გაიქცა, ქვეყანა ძალიან ბევრს დაკარგავს.

29 ნოემბერი, ოთხშაბათი
ლონდონის ბირჟა ლაკმუსის ქაღალდივით არის იმის დასადგენად, რა ხდება მთელი მსოფლიოს ეკონომიკაში. ჩვენი ბანკის, ან რომელიმე კომპანიის აქციები რომ გადის იქ – ეს ბევრზე მეტყველებს. ჩვენ ჩავერთეთ მსოფლიოს "ორომტრიალში". ძალიან კარგია, თუ რომელიმე დიდი და ძლიერი ბანკი კიდევ შემოვა საქართველოში ან აქციებს იყიდის – ეს საბანკო აქციებს გააიაფებს. ეს იგივეა, ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებას. დღეს ჩვენთან კრედიტი ძალიან მაღალია. ამიტომ ვერ უძლებს კონკურენციას ძალიან ბევრი საწარმო. თუ უცხოეთში სამრეწველო საქმიანობისთვის შეგიძლია 4-5-პროცენტიანი კრედიტი აიღო, ჩვენთან 15-ზე დაბლა ვერ ჩამოვედით. მძიმე დღეშია ქართველი მეწარმე.

30 ნოემბერი, ხუთშაბათი
რუსეთის ბაზარი უნდა დავიბრუნოთ. ეს მოხდება კიდეც, რაც არ უნდა დროებითი გართულებები იყოს. რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ყველანაირი კომუნიკაცია გვაკავშირებს მასთან. ჩილეში ვერ შევიტანთ ღვინოს და ავსტრალიაში – იმათ ჩვენზე უკეთესი ღვინო შეიძლება ჰქონდეთ. რუსეთის ბაზარზე უნდა შევიტანოთ. ბოლოს და ბოლოს, ვეებერთელა ბაზარია! ჩვენ ბუნებრივად დავბრუნდებით რუსეთის ბაზარზე და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო სწრაფად დადგება ფეხზე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი – ღვინის წარმოება. სხვათა შორის, უკანასკნელმა ღონისძიებებმა ქართველი მეღვინეები გამოაფხიზლა. ახლა საქართველოში რამდენიმე კომპანია უმაღლესი სტანდარტის ღვინოს უშვებს.

1 დეკემბერი, პარასკევი
ხვალ ბაკურიანში წავალ. დიდი მშენებლობა მიდის – დიდველის კომპლექსის პირველი ნაწილი მთავრდება. ვფიქრობ, ბევრი უცხოელი ჩამოვა აქ. გაგრძელდება კომპელქსის მშენებლობა. საკმაოდ დიდი თანხაა უკვე ჩადებული – 25 მილიონზე მეტი. ულტრათანამედროვე საბაგირო აშენდა, თანამედროვე ტრასები. ბაკურიანი ყოველთვის იყო მომხიბვლელი ადგილი. ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ბერკეტად სამთო ტურიზმი შეიძლება იქცეს. ბევრ ქვეყანაში – ავსტრიაში, შვეიცარიაში, იტალიაში – ეს დარგი მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლების საფუძველია. საქართველოს ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილმა, ბაკურიანის ათვისება რომ დაიწყო. ეს ჭეშმარიტად პატრიოტული გადაწყვეტილება იყო, რადგან მისთვის ეს, პრაქტიკულად, ქველმოქმედებაა. ამით ბიძგი მიეცა ბაკურიანის მთელი მასივის, თრიალეთის მთელი მასივის ათვისებას. სამთო ტურიზმი, სათხილამურო ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება და ევროპა ყველა მსურველის მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. ევროპაში ლამის ყველა მთა და ფერდობი უკვე ათვისებულია: ალპები, პირინეები, როდოპები და სხვა. კავკასია ყველაზე ახლო რეგიონია, რომელიც ევროპელებისთვის შეიძლება მიმზიდველი გავხადოთ. თორემ დღეს ბევრი მათგანი ჩილეში, კანადაში, ალიასკაზეც კი დაფრინავს. საქართველო მათთვის ბევრად უფრო ახლოა და, თუ ეს წამოწყება განვითარდა, ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს. თრიალეთის ქედი ამ საქმისთვის უნიკალური ადგილია. მიხარია, რომ ჩვენი კომპანიაც ჩართულია ამ "ფერხულში", ჩვენც რაღაცეებს ვაკეთებთ ბაკურიანში; ჩვენც გვაქვს სასტუმროები, საბაგირო გზები... გავაფართოებასაც ვაპირებთ. გვინდა, ყველა პირობა შევქმნათ იმისათვის, რომ ყველას უხაროდეს ბაკურიანში ჩამოსვლა.

2 დეკემბერი, შაბათი
ბაკურიანში თოვს. ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის, ანუ ვემზადებით ძალიან ბევრი ტურისტის მისაღებად!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG