Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მაგდა ნოვაკოვსკა თბილისში მცხოვრები პოლონელი ჟურნალისტი

მაგდა ნოვაკოვსკა თავის დღიურებს გაგაცნობთ.

12 ნოემბერი, კვირა
როცა ავდექი, ოთახში ყინულის ტემპერატურა იყო. გაზი არ იყო და ღუმელთან მიტანილი ანთებული ასანთის ღერი მხოლოდ ჰაერს მოხვდა. პანიკის ცივი ხელი ვიგრძენი ზურგზე, როცა გამახსენდა წინა ზამთრების ამბები. მარშრუტკაში გავიგე, რომ მარტო არ ვყოფილვარ: ამ დილით ნახევარ ქალაქს არ ჰქონდა ცხელი ჩაის დალევის საშუალება. გაზს მალე გამოუშვებენო – თურმე, რაღაც დიდი მილი გამსკდარა. ინსტიტუტში მსჯელობდნენ, თუ რა იქნება ამ ზამთარს. უმეტესობა ამბობდა – არც არაფერი გასაკვირი, ანუ, ალბათ, ისევ გადავრჩებითო. სახლში რომ დავბრუნდი, დავიწყე ნაგვის შესახებ დიდი მოხსენების თარგმნა, რომელიც პოლონელებმა ქალაქ თბილისის მერიას მიუძღვნეს. ბევრი საინტერესო რამ გავიგე. მაგალითად, რომ კონტეინერებიდან მაკულატურა მიაქვთ შეგროვების ცენტრში, სადაც მისი გადარჩევა ხდება ქაღალდის სახეობების მიხედვით. შემდეგ მას ხელოვნურ მასალებს და ლამინირებულ ქაღალდს აშორებენ და პრესავენ დიდ მორებად ტრანსპორტირებისათვის. მაგარია! იქ კიდევ ბევრი ასეთი რამე წერია სხვადასხვა ნარჩენზე, მაგალითად, ალუმინის ქილის რეინკარნაციაზე, რომელიც ნაგავსაყრელზე არ უნდა კვდებოდეს, და შუშის ბოთლებზეც. ერთი სიტყვით, ეკოლოგიური ეპოსია, რომლის დადგმასაც აპირებს ქალაქ თბილისის მთავრობა და ამაში გაუმარჯოს! საღამოს ტელევიზორი ჩავრთე და გენიალური სურათი დამხვდა: სამხრეთ ოსეთში არჩევნები მიმდინარეობდა და აჩვენეს, როგორ მიჰქონდათ ცხენით ორი საარჩევნო ყუთი. ძალიან ლამაზი იყო! გამახსენდა სამი წლის წინანდელი ამბავი, როცა ქვემო ქართლში არჩევნებზე დამკვირვებლად ვიყავი. კომისია სოფლის სკოლის შენობაში იჯდა და გვერდით გაყალბებული ბიულეტენებით გატენილი ყუთი ედო. თავმჯდომარემ დამკვირვებლები რომ დაგვინახა, მთელ შენობაში შუქი გამორთო. ჩვენ ავანთეთ სანთელი და ვცდილობდით, სიტუაციაში გავრკვეულიყავით, როცა ოთახში... სტალინი შემოვიდა – ფორმაში და ჩიბუხით. უცხოელებს შიშისგან კინაღამ გული წაგვივიდა. გვეგონა, რომ მკვდარი სული გამოიძახეს დასახმარებლად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის კაცი მარნეულის ახლოს ცხოვრობს და სტალინს ძალიან ჰგავს. თურმე, კომისიის თავმჯდომარემ დაუძახა ჩვენს დასაშინებლად. ასეთ რამეს სხვაგან ხომ ვერ ნახავ! ბოლოს ის ვუთხარი საკუთარ თავს, სკარლეტ ო’ჰარა რომ ამბობს ფილმის დასასრულს: ხვალეც დღეაო, და ტელევიზორი გამოვრთე.

13 ნოემბერი, ორშაბათი
სამხრეთ ოსეთში ერთდროულად აირჩიეს ორი დე ფაქტო პრეზიდენტი. კიდევ კარგი, რომ ერთმანეთს არ ჰგვანან! პოლონეთში პრეზიდენტს და პრემიერს ახლა ლამის თითის ანაბეჭდებით არჩევენ ერთმანეთისაგან. რაზე აქვთ პრეტენზია ქართველებს, ვერ გამიგია. იძახიან, ჩვენთან მინისტრებს ისე ექცევიან, როგორც კვირას ვაკის პარკში სათამაშოდ მიყვანილ ბავშვებსო. ახლა ამ ცხენზე შენ დაჯექი და შენ შეეშვი პისტოლეტით სხვა ბავშვების დაშინებას, თორემ წაგართმევ და სხვას მივცემო. ჩვენთან, შუაგულ ევროპაში, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ორი იდენტური ტყუპისცალი მართავს ქვეყანას და თანაც ყოფილი მსახიობები არიან: ბავშვობაში ორივეს ერთად უთამაშია ფილმში "ორი ბიჭი, რომლებმაც მთვარე მოიპარეს". ქართველებს ყველაფერი ჯერ წინ აქვთ!
ვკითხულობ ალეხო კარპენტიერის "აფეთქებას ტაძარში". ამბავი სამხრეთ ამერიკაში საფრანგეთის რევოლუციის გავლენაზეა. წიგნის მთავარი გმირი ვიქტორ ჰიუგსი რევოლუციონერი იყო და მერე გვადელუპაში საფრანგეთის რწმუნებული გახდა. მოკლედ, ტროპიკებში ამყარებდა რევოლუციურ წყობას. გვადელუპაში ჩასვლისთანავე, შავკანიანი მონები ჯერ გაათავისუფლა, რომ წლების შემდეგ ისევ თვითონვე დაემონებინა. როგორც ავტორი ამბობს, რა მოკლეა ადამიანის გზა იდეალიზმიდან ცინიზმამდეო. რაც მართალია – მართალია!
საღამოს კარგი ძველი მეგობარი კარგ ძველ ბლუზს უკრავდა. კონცერტიდან რომ მოვდიოდით, თავისუფლების მოედანზე ტაქსის მძღოლი რაღაცას მიაშტერდა და იმ ღობეზე, წმინდა გიორგის ქანდაკებას, უფრო ზუსტად, მის პოსტამენტს რომ არტყია, მანქანის მარცხენა სარკით მოკლე, მაგრამ დრამატული პიციკატო დაუკრა. მძღოლმა, რომელმაც, თურმე, სიბნელეში ღობე ვერ დაინახა, რამდენიმე სიტყვით ახსენა მისი დამდგმელის წინაპრები და მიაყოლა მოკლე კრიტიკული მიმოხილვა ქანდაკების ესთეტიკური ღირებულებების შესახებ. მე ჩემი აქცენტით ვუპასუხე. "ა, პალიაჩკა!" – გამიღიმა და შემდეგ მოვისმინე თბილისელი ტაქსის მძღოლების მუდმივი მანტრა: მათგან სულ მესმის, თუ როგორ იცნობდნენ გასაოცარ პოლონელ ქალს 70-იან წლებში. "სულ სხვა კაცი ვიყავი, ეეჰ..." – ამოიოხრა ჩემმა მძღოლმა ქერა მონიკას გახსენებაზე და გაფუჭებული სარკეც დაავიწყდა, მგონი.

14 ნოემბერი, სამშაბათი
"იმპოტენცია თუ სულიერი რაინდობა?" – ასეთი გამაოგნებელი ღრმა ფილოსოფიური შეკითხვა დაუსვა ჯეობარელმა ჯეობარელს. ამ დროს სკამზე მდგომი ვცდილობდი გადამწვარი ნათურის გამოცვლას და ცალი ყურით ვუსმენდი. ამიტომ არ ვიცი, კონტექსტი სწორად გავიგე თუ არა. მაგრამ, მგონი საქმე ქალთან ურთიერთობის დამყარებაზე უარის თქმას ეხებოდა. ნათურა ხელიდან გამივარდა და ამ ფაქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ამასობაში "ჯეობარი" სულ დამავიწყდა, მაგრამ საღამოს, დღიურის წერას რომ ჩავუჯექი, ამოტივტივდა საიდანღაც სურათთან ერთად: რამდენიმე ახალგაზრდა სამზარეულოში ზის, ყავას სვამს და გვიმტკიცებს, რომელი მათგანი უფრო მაგარია. გამოდის, ეს "რეალიტი შოუ" იტალიელების მოგონილია – ძველი რომის მოსახლეობას ხომ არაფერი არ უხაროდა ისე, როგორც იმის ყურება, როგორ კლავდა ერთმანეთს კოლიზეუმის ასპარეზზე რამდენიმე მაგარი მებრძოლი. მათ ხელში იყო გლადიატორების ბედიც – მაღლა აწეული ან დაბლა დაწეული ცერა თითით სტადიონზე შეკრებილ მოსახლეობას განაჩენი გამოჰქონდა. გლადიატორთაგან ყველაზე ძლიერები სახალხო გმირებიც ხდებოდნენ. დღეს ჩვენს გასართობად ადამიანებს მორალურად ვაკვლევინებთ ერთმანეთს. არ გვჭირდება რეალური სისხლის დანახვა, მაგრამ ძველებურად გვიხარია ცერა თითის აწევა ან დაწევა – ახლა SMS-ის მეშვეობით. სახლში დავიდგით თანამედროვე კოლიზეუმის "ფანჯარა" და უკეთეს ადამიანებად ვგრძნობთ თავს, როცა ვაჯილდოვებთ იმ გლადიატორს, რომელიც, ჩვენს თვალში, სწორად მოიქცა. მაგალითად, კითხვაზე – "იმპოტენცია თუ სულიერი რაინდობა?" – ჩვენთვის მისაღები პასუხი გასცა. პოლონეთში კი პირველი "რეალიტი შოუს" ერთ-ერთი მონაწილე პარლამენტარიც კი გახდა, რადგან ძალიან პოპულარული იყო. აი, რეალური შოუ!

15 ნოემბერი, ოთხშაბათი
ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე. ოქროსფერი გველ-ვეშაპი, რომელსაც წმინდა გიორგი კლავს, წერეთლის ქანდაკებიდან გადმოძვრა, წავიდა დიღომში და ის ცხენი შეჭამა, რომელზეც დავით აღმაშენებელი ზის. მერე დალია მტკვრის ბევრი წყალი და გასკდა. უცხენოდ დარჩენილი მეფე წავიდა ცენტრში ფეხით და მომხდარზე ოფიციალური პირებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. მას ცხენის სანაცვლოდ მისცეს ოროთახიანი ბინა ვაზისუბანში.
ბევრი ვიფიქრე, მაგრამ სიზმარს ვერანაირი ახსნა ვერ ვუპოვე. სიცივე მატულობს და ასევე მატულობს მასმედიაში ინფორმაციები რუსეთთან ეკონომიკური ომის ფრონტიდან. ეს ფრონტი მათ რამდენიმე ადგილას აქვთ გახსნილი. მაგალითად, პოლონურ საჭმელზე ემბარგო გამოგვიცხადეს. პასუხად, ჩვენ ვაცხადებთ პროტესტს ევროკავშირთან და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მათ "ჩახუტებაზე". კრემლიდან გვესმის, ძალიან ინანებთო. აი, ასე – თითს გვიქნევენ ჩვენც. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, მაგრამ ჩვენ გაზზე ძირითადი კონტრაქტი ფინელებთან გვაქვს დადებული და ისტორიაც კარგად გვახსოვს.
სხვათა შორის, გასულ თვეში, პოლონეთში რომ ვიყავი, ყოველ მეორე რესტორანზე ეწერა, აქ ქართული ღვინო იყიდებაო. გული ძალიან მოვიფხანე. ჩვენ ყველაფერი პრინციპულად გვეხმარება, რაც რუსეთის მთავრობას უშლის ნერვებს (მოკლედ რომ ვთქვათ), მაგრამ ბოთლებში რაც იყო, ქართული ღვინის გარდა ყველაფერს ჰგავდა, სამწუხაროდ.

16 ნოემბერი, ხუთშაბათი
მთელი დღე ჩემს ირგვლივ ადამიანები დარბოდნენ ბანკებში, რომ მანქანის გადასახადი გადაეხადათ. თავი რომ დავანებოთ ამ აქციის მიზნობრივ და ორგანიზაციულ გაუგებრობას, ვერ გავიგე, ახალ მანქანებზე უფრო მაღალი გადასახადი რატომ დააწესეს – მიუხედავად იმისა, რომ ახალი მანქანა ნაკლებად აჭუჭყიანებს გარემოს. შესაბამის უწყებაში, რომლის ბიუჯეტშიც წლის ბოლოს დიდი ხვრელი იპოვეს, ალბათ ის მარტივი ლოგიკა გამოიყენეს, რომ მას უნდა წაართვა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს რაღაც.

17 ნოემბერი, პარასკევი
დღეს გამახსენდა ის კითხვა, რომელიც ჯეობარელმა ჯეობარელს დაუსვა კაცური საქციელის შესახებ. სრულიად მოულოდნელად, პასუხი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან მოვიდა: ხალხში სიტყვა ფასობს და კაცობა – გვეუბნება თავდაცვის ყოფილი და ეკონომიკის ახლანდელი მინისტრის მაღალი რეიტინგი. ოქრუაშვილი, როგორც ხალხი ამბობს, იმიტომ წავიდა, რომ მიხვდა: თავის ნაძვის ხის დადგმას ცხინვალში წელს ვერ მოასწრებდა. რა სათამაშოები უნდა ჩამოეკიდა ამ ნაძვის ხეზე, ალბათ, ცოტა ხანში გავიგებთ. სიტყვის პატრონი ცოტაა და ეს მოვლენა მართლა დასაფასებელია. მაგალითად, ხარ უცხოელი მეღვინე ან სხვა ბიზნესში მომუშავე კაცი და ფიქრობ, საქართველოში ჩადო ინვესტიცია. ამისკენ მოგიწოდებს ყველა, ქვეყნის მთავრობა უამრავ შეღავათს და გარანტიას გპირდება. შემდგომ მოვლენები დაახლოებით ასეთი სცენარით ვითარდება: მიღებული ხარ ქართველი პარტნიორების ოჯახებში, იშლება დიდი სუფრები, ყველა ერთმანეთს ეფიცება მუდმივ ძმობას და სიყვარულს. მიდიხარ ბანკში და აკეთებ გადარიცხვას. ცოტა ხანი სუფრები გრძელდება. ერთ მშვენიერ დღეს პარტნიორები გეუბნებიან, რომ ბიზნესი ჩაფლავდა და ეს, თურმე, შენი ბრალია: იმდენი არ დახარჯე, რამდენიც საჭირო იყო. ამიტომ გაჩნდა წყალი ღვინოში, საქმე გაფუჭდა, მათ კი ვალების და სარჩენი ოჯახების გარდა, არაფერი დარჩენიათ. იტალიელი მეღვინე, როგორც რეკლამა ამბობს, მხოლოდ კარგ ცხოვრებაში, ქალებში და ღვინოში ერკვევა. მას, როგორც ჩანს, არც ბიზნესი გაუგია და არც საქართველოს რეალობა იცის. ჰოდა, დააბრალოს საკუთარ თავს და თავის დაღვრილ ღვინოზე იტიროს და იჩივლოს, რამდენიც უნდა.

18 ნოემბერი, შაბათი
საინტერესო კვირა იყო. მეორე საინტერესო იწყება. სადღაც, შორს, კორეელები ატომურ ბომბზე მუშაობენ. მრავლდებიან ჩინელები და ამერიკელები მარსზე ადამიანის გაგზავნას ფიქრობენ. რამდენიმე ომი მიმდინარეობს და რამდენიმე – თავის რიგს ელოდება. მალე გამოვა ჟურნალი "პლეიბოი" და კომპიუტერული პროგრამა "ვინდოუსი" ქართულ ენაზე. ამაზე ფიქრში გართულს, ეზოდან მემაწვნის ხმა მომესმა. ძალიან მომინდა მაწონი. გავიქეცი, ვიყიდე, ავხადე ქაღალდის ხუფი, რომელიც ძიას წლების მანძილზე დაოსტატებულმა ხელმა მოახვია ქილას. გაიხარე, ძია! - ვიფიქრე. გაიხაროს შენმა ძროხამ, რომელიც სადღაც, კოჯორში, ბალახს ძოვს. შენ რომ დაბერდი ქალაქში მაწვნის მოტანაში და ამაზე არაერთი ბავშვი გაიზარდა – ასე გაგიმარჯოს! ამ გაგიჟებულ მსოფლიოში ხომ ძალიან ცოტაა ისეთი რამ, რაც, ძიას მაწონივით, წლების განმავლობაში ხარისხს არ კარგავს, ნამდვილი და ნატურალურია. და სულ მოგინდება. გაიხარე, ძია!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG