Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა გაზეთმა ”მთელმა კვირამ” დაიწყო წერილით ”ფრთხილად, ბავშვებისთვის ძალიან საშიშია”, რომელიც საქართველოს ფარმაცევტულ ბაზებში არარეგისტრირებული წამლების მომრავლებას ეხებოდა.



პუბლიკაცია დიდია, გაზეთი სამ გვერდზეა განფენილი და მთლიანად ეხება ერთ პრეპარატს, ”ვეცეზინის ფხვნილს”, რომელიც ჩვილი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. “რეზონანსის” ვრცელ მოკვლევას ერთი დეტალი ასრულებს: წამლის ინსტრუქცია გერმანული ენიდან სრულად არ არის თარგმნილი. ფრაზა ”ოფიციალური კვლევები წამლის ფარმაკოლოგიურ ხარისხზე, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე დასრულებული არ არის” ქართულ ენაზე გამოტოვებულია.

გაზეთი “24 საათი” მიმოიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს. ვიზიტის ერთ-ერთი საკვანძო თემა ენერგოუსაფრთხოება გახლდათ. ”ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებლები თურქეთი და აზერბაიჯანი იქნებიან. თუ ჩვენს ქვეყანას კვლავაც შეექმნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის პრობლემა, ის მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდება მოლაპარაკება აწარმოოს ირანთანაც. ყველასათვის ნათელია, რომ საქართველო ზამთარში უგაზოდ არ დარჩება. ამ საკითხზე პარტნიორებთან სრული ურთიერთგაგება გვაქვს, - მოჰყავს გაზეთს პრემიერის სიტყვები. ვიზიტის დროს ასევე გადაწყდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში თბილისში ჩამოვა ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს შეისწავლის.

“რეზონანსი” კი გასულ კვირაში ქალთა პრობლემებზე ამახვილებდა მკითხველის ყურადღებას. ჯერ მოჰყავდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, თვითმმართველობის წლევანდელ არჩევნებში, წინა ორ არჩევნებთან შედარებით, ქალთა მონაწილეობამ იკლო. არის რეგიონები, სადაც თვითმმართველ ორგანოში ქალი საერთოდ არ არსებობს, წერდა გაზეთი. ის ერთმანეთს ადარებდა, ერთი მხრივ, დუშეთის რაიონს, მეორე მხრივ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. დუშეთში ძალიან მწვავეა მიგრაციის პრობლემა. იქ სოფელი აღარ დარჩა, საიდანაც ქალები არ წავიდნენ. წასულები კი უკან აღარ ბრუნდებიან. რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის პრობლემა კი ის არის, რომ ქალბატონები იქ მხოლოდ ოჯახში ტრიალებენ. ქალის ოჯახიდან გამოყვანა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ქალი სოფელში ძალიან დატვირთულია. ამბროლაურის საკრებულოს წევრმა ნინო სოხაძემ “რეზონანსს” განუცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარული ოლქების კანდიდატი ქალები სერიოზულ პრესს განიცდიდნენ, რომ თავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. თან პრესს უშუალოდ მათზე კი არა, მათ მეუღლეებზე ახორციელებდნენ, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობდნენ. ამის გამო ქალბატონებმა მართლაც მოხსნეს კანდიდატურები,” - წაიკითხავდით “რეზონანსში”.

გაზეთი “ახალი 7 დღე” ესაუბრა დიმიტრი სანაკოევს - ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული ერთ-ერთი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს. ერთი ფრაგმენტი: ”ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღდგეს ოსეთის ავტონომია. ეს არ არის კატეგორიული განცხადება. ეს გამოსავალია. თუ საქართველო შემოგვთავაზებს პრობლემების სხვაგვარ გადაწყვეტას, რომლის შემთხვევაშიც დაცული ვიქნებით და არ განმეორდება ის, რაც უკვე მოხდა, ვნახოთ... ჩვენ შევეცდებით, უახლოეს დროში დავიწყოთ დიალოგი ქართულ სახელმწიფოსთან სამინისტროების, უწყებების დონეზე. მეტიც, შევეცდებით, ვისაუბროთ საქართველოს ხელისუფლებასთან. დღეს სამხრეთ ოსეთი მილიტარიზებულია. საიდან მოვიდა იქ იარაღი? რა თქმა უნდა, საქართველოდან - არა.”

ორიოდე სიტყვა შაბათის, 16 დეკემბრის, ქართულ პრესაზეც. “ალია” წერს, რომ 2007 წლის აპრილიდან თანამდებობის პირებს საკუთარი ქონების წარმომავლობის დასაბუთებას ოფიციალურად მოსთხოვენ. აქამდე არსებული პროცედურებით, მათ მხოლოდ საკუთარი ქონების სრულად ჩვენება ევალებოდათ. აღნიშნულ ცვლილებებს საკუთარი დანიშნულება აქვს: 2008 წლამდე და ახალ, 150-კაციან, პარლამენტამდე ნაციონალური მოძრაობის სიები სერიოზულად დაიპრესება. პრესს კი რამდენიმე გავლენიანი დეპუტატი განიცდის. “ალია” ირწმუნება, რომ შავი სია უკვე შედგენილია.
XS
SM
MD
LG