Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს უახლოეს დღეებში მიიღებს


ბაქოში საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანიის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ხეთაგურის სტუმრობას დაემთხვა შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის სამრეწველო მოპოვების დაწყება.

ჯერჯერობით სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში მხოლოდ პირველი ჭაბურღილი შევიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საბადოს მარაგი საშუალებას იძლევა საწყის ეტაპზე წელიწადში რვა-ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნეს მოპოვებული. შაჰ-დენიზის საბადოს ამოქმედებით აზერბაიჯანთან ერთად ევროპის არაერთი ქვეყანა და, მათ შორის, საქართველოცაა დაინტერესებული. საქმე ის არის, რომ 2007 წლის პირველი იანვრიდან, თუ დარჩენილ დღეებში არაფერი შეიცვალა, საქართველო უარს იტყვის რუსეთიდან გაძვირებული ბუნებრივი აირის შეძენაზე და ამ დანაკლისს სწორედ რომ შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზით შეივსებს. როდის, რა მოცულობით და რა ფასად მიიღებს საქართველო ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან?

საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანიის გენერალური დირექტორი მესამე დღეა ბაქოში იმყოფება და, ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მართავს. ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით, შაჰ-დენიზის საბადოში მოპოვებულ გაზს საქართველო უახლოეს დღეებში მიიღებს:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „მოწოდება დაიწყება 20 დეკემბერს და წლის ბოლომდე მოგვეწოდება 10 მილიონი კუბური მეტრი, ანუ დღეში 1 მილიონი კუბური მეტრი. მოცულობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა თბილისში, აქ მაგაზე მოლაპარაკება აღარ მიმდინარეობს, ბაქოში კომერციულ პირობებს ვათანხმებთ.“

ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები პროცესის დასრულებამდე კომერციული პირობების გამჟღავნებას არ აპირებენ. ცნობილია, რომ საქართველო შაჰ-დენიზის საბადოდან, საკუთარი წილის - 250 მილიონი კუბური მეტრის გარდა, თურქეთის კვოტას - 800 მილიონ კუბურ მეტრსაც აითვისებს, თუმცა ექსპერტს ენერგეტიკის საკითხებში გია ხუხუშვილს ეჭვი ეპარება, რომ ამით საქართველო ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემას სრულად გადაჭრის. ექსპერტს არ მიაჩნია გონივრულად „გაზპრომის“, როგორც აირის ალტერნატიული წყაროს, დაკარგვა:

[გია ხუხაშვილის ხმა] „უკვე არის გვიან, 15 დღეა დარჩენილი. „გაზპრომს” შეუძლია თქვას, რომ მთელი საექსპორტო რესურსი აქვს გაყიდული და ფიზიკურად არა აქვს საშუალება საქართველოსთვის გაზის მიყიდვისა. შეიძლება საერთოდ უარი გვითხრან ნებისმიერი მოცულობის, ნებისმიერ ფასად მიყიდვაზე და ამის არგუმენტები, სამწუხაროდ, მათ აქვთ: კონტრაქტის დადების ყველა გონივრული ვადა ამოწურულია.“


საქართველოს წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 1,8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ესაჭიროება, ანუ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ, თუმცა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ირწმუნება, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „ჩვენ ვართ მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და რუსეთთან. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, შევარჩევთ ყველაზე საუკეთესო პირობებს საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი კომპანიებისთვის.“

საუკეთესო პირობებში, უდავოდ, საუკეთესო, ანუ დაბალი, ფასი იგულისხმება, თუმცა საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხეთაგური,
რომელიც ამჟამად ბაქოში იმყოფება, ამ თემაზე ლაპარაკს გაურბის.

[კითხვა] ფასი თუ დადგინდა, ბატონო ალექსანდრე?

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა]„ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის.“

მოლაპარაკების მსვლელობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 დეკემბერს შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის სამრეწველო მოპოვება დაიწყო. ექსპლუატაციაში შევიდა პირველი ჭაბურღილი, რომლის დებეტი 5,6 მილიონი კუბური მეტრია, თუმცა, მთლიანობაში, საბადოს დამტკიცებული მარაგი ერთ ტრილიონ კუბურ მეტრს აღემატება, ხოლო ბაქო-თბილისი-ერზერუმის სამხრეთ-კავკასიურ გაზსადენს წლის განმავლობაში 30 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარება შეუძლია. ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ გაზსადენის ამოქმედებით, რუსეთი დაკარგავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ზეწოლის ეფექტურ იარაღს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG