Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

¨ამ კაცს არც კითხვა უყვარდა და არც, მით უმეტეს, წერა¨


დავით პაიჭაძე, თბილისი მწერლობითაც კი დაფნადადგმული - ასე მოიხსენია ქართველმა პროზაიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა ადამიანი,

რომელიც დღევანდელი “ბიბლიოთეკის” მთავარი პერსონაჟია. მან დაწერა წიგნები, უფრო სწორად, დაწერეს წიგნები მისი სახელით; მასზე წერდნენ წიგნებს, მეტიც, წიგნებს წერდნენ მის წიგნებზეც. მან მიიღო ლენინური პრემია ლიტერატურაში. ის თვითონ იყო ლიტერატურული პერსონაჟი და პერსონაჟების პროტოტიპი. მისი კარგად მცნობი თანამედროვენი ირწმუნებიან, რომ ამ კაცს არც კითხვა უყვარდა და არც, მით უმეტეს, წერა. 19 დეკემბერს მას 100 წელი შეუსრულდებოდა. ამ ადამიანთან დაკავშირებულ კომუნისტურ ლიტერატურას აკაკი ბაქრაძემ ბრეჟნევიადა უწოდა. დავით პაიჭაძე შეეცდება გააცოცხლოს ლეონიდ ბრეჟნევისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართების რამდენიმე რეალია.

ლეონიდ ბრეჟნევზე, ვისაც ახსოვს და ვისაც არ ეზარება, ყველა იცინის. ის ერთადერთია საბჭოთა კავშირის ლიდერთა შორის, რომლის თან რცხვენიათ, თან დასცინიან, თან აღიარებენ, რომ ცუდი კაცი არ იყო და მის დროს ქვეყანაში ხალხი საბჭოთა პერიოდის ყველა სხვა დროზე უკეთ ცხოვრობდა. ძალიან იოლია, იყო ირონიული მის მიმართ. და ეს არ არის მარტო ბრეჟნევის ბრალი.

[მუსიკა]

ლეონიდ ბრეჟნევი, როგორც მწერალი, ჩემს ბავშვობაშიც შემოვიდა. თბილისის 24-ე სკოლაში, მეოთხე კლასში ვსწავლობდი, როცა ქართულის მასწავლებელმა ღონისძიება მიუძღვნა გენერალური მდივნის ”მცირე მიწას”. ახლაც მახსოვს ერთი პარაფრაზი: აფეთქების ტალღამ ლეონიდ ბრეჟნევი და ლოცმანი სოკოლოვი ცაში აისროლა.

აფეთქების ტალღის რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ რამ სწვდებოდა ზეცას - ეს პარტიისა და სახელმწიფოს მეთაურის ლიტერატურულ ქმნილებათა ქება-დიდება გახლდათ. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის მაშინდელმა თავმჯდომარემ ქართულად თარგმნილი რომანის, ”ციმბრის”, ავტორმა გიორგი მარკოვმა ბრეჟნევისათვის ლიტერატურაში ლენინური პრემიის მინიჭებისას განაცხადა: ”პოპულარობით, მკითხველთა მასებზე, მათ ცნობიერებაზე ზემოქმედებით წიგნებს ბადალი არ ჰყავთ...”

ეს წიგნები - ”მცირე მიწა”, ”აღორძინება” და ”ყამირი” - ზოგიერთ ქართველ პოეტსაც უბიძგებდა შემოქმედებისაკენ. ასე მაგალითად, პოეტი თეიმურაზ ჯანგულაშვილი წერდა:

”გადაშლილი დევს ”მცირე მიწა” ჩემს მაგიდაზე,
ეს ცეცხლოვანი სტრიქონები კვლავ გამიტაცებს.
”აღორძინებას” ვკითხულობდი გუშინწინ ღამით
და, აი, ახლა შთაგონებით ჩავცქერი ”ყამირს”,
ბრძოლის, შენების, გამარჯვების, ცხოვრების წიგნებს
კითხულობს ხალხი - მებრძოლი და აღმშენებელი...”

ცოტამ თუ იცის, რომ ლეონიდ ბრეჟნევის ეს ტრილოგია, ფაქტობრივად, პენტალოგიის ნაწილია, რომლის ბოლო ორი კომპონენტი დაჩრდილა პირველმა სამმა - ზემოთ ხსენებულმა წიგნებმა. ცოტა გვიან ბრეჟნევის ავტორობით გამოიცა მომცრო ზომის ”ცხოვრება ქარხნის საყვირს მიჰყვებოდა” და ”სამშობლოს გრძნობა”. მავანმა მეხოტბემ გენერალური მდივნის მოგონებები მხატვრული გააზრების სიღრმით შეადარა უძველეს რუსულ ლიტერატურულ ძეგლს ”ამბავი იგორის ლაშქრობისა”. ამ შედარებამ გაზეთ პრავდის ფელეტონისტს, ალექსანდრ სუკონცევს, ათქმევინა: ზუსტი შედარებაა - აქაც და იქაც ავტორი ცნობილი არ არისო.

ავტორები, თუნდაც ლიტერატურული თანაშემწეების რანგში, არავის მოუხსენიებია არც ბრეჟნევის დაჯილდოებისას და არც შემდეგ, კომუნისტების დროს. ჰონორარიც პირწმინდად ლეონიდ ილიჩს ერგო. მარტო გამომცემლობა ”პოლიტიზდატმა” ბრეჟნევს 180 ათასი მანეთი გადაუხადა. საჯაროდ ავტორები მოგვიანებით გამჟღავდნენ, პოსტსაბჭოთა ხანაში. მათგან, შესაძლოა, მხოლოდ არკადი აგრანოვსკის სახელი ეცნოს ვინმეს. სახნინი, მურზინი და სხვები გინდ გაგიმჟღავნებია და გინდ - არა.

მოვისმინოთ, რა სიბრძნე მოწვეთავდა მათ კალმებს. ერთი ფრაგმენტი ბრეჟნევის მოგონებებიდან. გენერალური მდივანი მსჯელობს:

”კაცი, რომელსაც არ უყვარს დედა - დედა, რომელმაც სიცოცხლე მიანიჭა, გამოზარდა და აღზარდა - ასეთი კაცი პირადად ჩემთვის საეჭვო პიროვნებაა. ტყუილად როდი უთქვამს ხალხს, დედასამშობლოო. ვისაც დედის მიტოვება და დავიწყება შეუძლია, ის არც სამშობლოს გამოადგება შვილად.”

ბრეჟნევის მოგონებებში არის პასაჟები, რომელთა ინტერპრეტირება შესაძლებელია არა მხოლოდ კომუნისტური აგიოგრაფიის კანონებით. ეს ნარატივი, მაგალითად, გაამხიარულებს მოყვარულ ფსიქოანალიტიკოსებს:

”შინ დავბრუნდი, გავიძრე ჭვარტლისაგან თითქმის მთლად გაშავებული სათბურა და დედამ სწორედ ისევე, როგორც მამას აბანინებდა ხელ-პირს, ცივი წყალი დამისხა. მახსოვს, თავი რომ ავწიე, მის კეთილ თვალებში ცრემლი შევნიშნე.
-
რა იყო, დედი?
-
მიხარია, შვილო, მიხარია. აი, შენც უკვე მარჩენალი ხარ”.

[მუსიკა]

ბრეჟნევის მოგონებათა ავტორმა (თუ ავტორებმა) იზრუნეს, მკითხველს შექმნოდა განცდა, რომ ლეონიდ ილიას ძე არ უცხოობდა წიგნთან, ლიტერატურასთან ურთიერთობას. მისი სახელით გამოსულ წიგნებში არაერთი ეპიზოდია, სადაც ბრეჟნევი ლაპარაკობს წერა-კითხვის ცოდნაზე, წიგნიერებაზე, პოეზიის ძალაზე. განსაჯეთ, რა გამოვიდა ამ მცდელობიდან:

”ერთხელ მატარებლით ვმგზავრობდი. იმავე ვაგონში ჩემი თანატოლი ქალიშვილი იჯდა, ისიც სტუდენტი. საუბარი გავაბით. ქალიშვილმა მაჩვენა რვეული ისეთი ლექსებისა, ჩვეულებრივ, ალბომში რომ აგროვებენ ხოლმე. განსაკუთრებული ის იყო, რომ ალბომში აღმოჩნდა ლექსი, რომელიც არ წამეკითხა - ”ვოროვსკის სიკვდილის გამო”. მაშინ ჩვენ მწარედ განვიცდიდით ჩვენი ელჩის მკვლელობას. ამ ლექსმა ამაღელვა და აქვე გავიზეპირე... პირველი სტრიქონიდან - ”ეს მოხდა ლოზანაში” - უკანასკნელ სტროფამდე:

”დილით კი ოტელ ”ასტორიაში”
მტრის ხელმა ელჩი გვიქცია ფერფლად...
დიდი რუსეთის ისტორიაში
მსხვერპლს მიემატა კვლავ ესეც მსხვერპლად.”

ლეონიდ ბრეჟნევი ქცეულა წიგნის პერსონაჟადაც. წელს გარდაცვლილი რუსი მწერლისა და ლოგიკოსის ალექსანდრ ზინოვიევის წიგნში ”პირდაბჩენილი სიმაღლეები” ბრეჟნევი პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ძალიან იოლი ამოსაცნობია. ”სიტყვა საკონტინენტთაშორისოს წარმოთქმისას გამგემ ყბა იღრძო” - სიტყვასიტყვით ასე შეიძლება ითარგმნოს რუსულიდან ზინოვიევის ფრაზა. ”გამგე არც ისეთი კრეტინია, თქვა მოაზროვნემ” - მწერალთან მოაზროვნის პროტოტიპი მერაბ მამარდაშვილია. ბრეჟნევი და ხანდაზმული პოლიტბიურო ტრანსფორმირდება ვლადიმირ ვოინოვიჩის ანტიუტოპიაში ”მოსკოვი, 2042”. მარშალ ჟუკოვის მოგონებები არ გამოიცა მანამ, სანამ ტექსტში არ გაჩნდა ასეთი ეპიზოდი: ომის დროს, ნოვოროსიისკთან მყოფი ჟუკოვი (მცირე მიწა, თუ გახსოვთ, იქვეა) მოსათათბირებლად მიდის პოლკოვნიკ ბრეჟნევთან, მაგრამ ის, სამწუხაროდ, ადგილზე არ აღმოჩნდება. გიორგი ჟუკოვს, რომელიც ვერ ხვდებოდა, რა აბრკოლებდა მისი მემუარების გამოცემას, პირდაპირ უთხრეს, რომ ბრეჟნევს, უკვე გენერალურ მდივანს, სურდა, მარშალს მოეხსენიებინა თავის წიგნში. ჟუკოვის ამ იძულებითმა ინტერპოლაციამ 6 გამოცემას გაუძლო და მხოლოდ მეშვიდეში გაქრა. ბრეჟნევი ჩნდება ქართულ ტექსტებშიც: მაგალითად, თან მწარეა და თან ძალიან სასაცილო გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟთა ფიქრები ბრეჟნევზე მოთხრობაში ”იქამდე”.

გენერალურ მდივანზე გადაიღეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, დაწერეს კვლევები, მოგონებები და პუბლიცისტური წერილები. ბრეჟნევის მომდევნო ხანაში მას და მის ეპოქას ირონიულად, მაგრამ მაინც ხშირად ეხმიანებოდნენ. ეტყობა, ამ ტენდენციამ პასუხის სურვილიც გააჩინა და დღეს ბრეჟნევის იმიტირებულ ხმას რუსეთში სატელეფონო ავტომოპასუხედ იყენებენ. ეს ხმა უფრო ჰგავს ნამდვილ ბრეჟნევს, ვიდრე ვითომ ბრეჟნევის წიგნები - ნამდვილ ლიტერატურას.

[”ბრეჟნევის” ხმა რუსულად] ”გამარჯობა. საუბარი ახლა არ გამოდის, ამიტომ წარმოგვიდექით, გეთაყვა, გადმოეცით სათქმელი და დატოვეთ თქვენი კოორდინატები. თქვენ აუცილებლად დაგირეკავენ. გმადლობთ.”


ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG