Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი თავდაცვის მინისტრის ხედვა საზოგადოების ობიექტივში


ნატოსთან “ინტენსიური დიალოგის”

ფორმატში პირველი მოლაპარაკების გარდა, გასულ კვირაში ქვეყნის სამხედრო მშენებლობით დაინტერესებული საზოგადოებისათვის კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი მოხდა: თავდაცვის ახალმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დუმდა, საკუთარი ხედვა საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა. ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში თავდაცვის მინისტრი 2007 წლისათვის ძირითად პრიორიტეტად ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას, არსებული ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტურ გამოყენებას, აგრეთვე თავდაცის მართვის სისტემისა და საჯარო საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებას მიიჩნევს.

პოსტრევოლუციური საქართველოს რიგით მეოთხე სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, რომელიც ყველა წინამორბედზე ახალგაზრდაა, საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება სარეკორდოდ მოკლე დროში მოასწრო. ასეთ ოპერატიულობას, ექსპერტების შეფასებით, რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. უპირველს ყოვლისა, დავით კეზერაშვილის ოფისს არ უცდია ”ველოსიპედის” ხელახლა გამოგონება და მკაცრად მიჰყვა ეროვნული უსაფრთოხების კონცეფციით განსაზღვრულ ამოცანებს. გარდა ამისა, 2005 წელსაც - ჯერ კიდევ ოქრუაშვილის დროს - შემუშავდა მსგავსი კონცეპტუალური დოკუმენტი, საიდანაც ახალი თავდაცვის მინისტრის საგაისო ხედვაში რამდენიმე აუცილებელი დებულება განმეორდა. თუმცა კომპილაციის პროცესი ვერც შეუსაბამობას გადაურჩა. როგორც რადიო ”თავისუფლებას” სამხედრო ექსპერტმა კახა კაციტაძემ უთხრა, მინისტრის ხედვაში ყველაზე დიდმა შეუსაბამობამ თავი შიდა და გარე საფრთხეების განსაზღვარში იჩინა:

[კახა კაციტაძის ხმა] ”შიდა საფრთხეებში დაფიქსირებულია საფრთხეები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას არ ეკუთვნის. მაგალითად, ენერგომატარებლების პრობლემა. საერთოდ, მე პირადად ვთვლი, რომ თავდაცვის ამოცანაა გარე საფრთხეების მოგერიება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ბაზებზეა ლაპარაკი, ეს შიდა საფრთხე არ არის. ეს რომ გეოგრაფიულად საქართველოს შიგნით არის, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ შიდა საფრთხეა. მით უფრო, რომ გაყვანის რეჟიმშია და ერთ წელიწადში ეს საფრთხე აღარ იქნება.”(სტილი დაცულია)

სამხედრო ექსპერტ კახა კაციტაძის თქმით, მინისტრის ხედვაში წინააღმდეგობებია გარე საფრთხეების ჩამონათვალშიც, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების ახალ პროექტს საყოველთაო რეზერვის მობილიზების შესახებ:

[კახა კაციტაძის ხმა] ”ნუ, მაგალითად, წერია, რომ გარე საფრთხეები, ანუ ღია აგრესიის საფრთხე, არის მინიმალური. მაშინ იბადება შეკითხვა, ეს ტოტალური რეზერვი რაში გვჭირდება, თუ ასეა? განა არ ჯობია, რესურსები სხვა რამეებისთვის გამოვიყენოთ?!”(სტილი დაცულია)

საყოველთაო რეზერვის შესახებ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ისედაც მწირი რესურსების არაეფექტური გამოყენების საშიშროებაზე ბევრი ექსპერტი და პოლიტოლოგი საუბრობს. ითქვა ისიც, რომ საყოველთაო სარეზერვო შეკრებები, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებთან. ამიტომ გასულ კვირაში ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში მყოფ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძეს რადიო ”თავისუფლებამ” მიმართა შეკითხვით, თუ როგორ უყურებს ალიანსის ხელმძღვანელობა საქართველოში ახალი სარეზერვო კანონის ამოქმედებას.

[გიორგი ბარამიძის ხმა] ” ნატოს მრავალ ქვეყანაში არის ანალოგიური სისტემა და ისეთ მცირეეროვან ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ეს შეიძლება საკმაოდ გამართლებული იყოს მაშინ, როცა რეალურად საუბარია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, განსაკუთრებით სტიქიური უბედურებების წინააღმდეგ და რაღაც კატასტროფებთან დაკავშირებით, კრიზისების დროს. ნატოში ამ თვალსაზრისით რაღაც კამათის სურვილი არავის უჩნდება.”(სტილი დაცულია)

მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ თავდაცვის მინისტრის ”ხედვას” 2007 წლისთვის. მით უფრო, რომ დოკუმენტი, როგორც სამხედრო ექსპერტმა კახა კაციტაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, პოზიტიურ შეხედულებასაც შეიცავს:

[კახა კაციტაძის ხმა] ”მე ყველაზე უფრო პოზიტიურად მიმაჩნია ის, რომ საბოლოოდ არის განცხადებული, რომ შიდა კონფლიქტები არ გადაწყდება ძალის გამოყენებით.”(სტილი დაცულია)

ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი თავდაცვის მინისტრის ხედვაში, რაც ამ დოკუმენტს მისი წინამორბედის, ანუ ირაკლი ოქრუაშვილის, ხედვისგან განასხვავებს, ექსპერტების შეფასებით, არის პრიორიტეტების ჩამონათვალში ”საჯარო საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესების” აქცენტირება. სამხედრო გაზეთ ”არსენალის” რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში ტაბუირებულ ჟურნალისტთა სიის სათავეში აღმოჩნდა, რადიო ”თავისუფლებასთან” ჩატეხილი ხიდის აღდგენის სურვილი გამოთქვა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”პირველი, რასაც მე ვისურვებდი, ეს იქნება, რომ ახალმა თავდაცვის მინისტრმა ახლებური პოლიტიკა განახორციელოს, პირველ რიგში, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაში; რაც შეიძლება ღია გახადოს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებისათვის, რადგან ის ჩატეხილი ხიდი, რომელიც არსებობდა არმიასა და საზოგადოებას შორის, ადრე თუ გვიან, უნდა შეკეთდეს, რადგან ამით აგებს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ თავად არმიაც.”(სტილი დაცულია)

ჩვენთან საუბარში ირაკლი ალადაშვილმა ოპტიმისტურ პროგნოზს თავი აარიდა და მიზეზიც განმარტა. პრესასთან თანამშრომლობის სურვილის დოკუმენტში დაფიქსირება ერთია და ამ გეგმის ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელება - მეორე. თანაც, დოკუმენტში, რომელსაც ”თავდაცვის მინისტრის ხედვა 2007” ჰქვია, ლაპარაკია მხოლოდ ”მედიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე” და არა ამ თანამშრომლობის განვითარებასა ან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, რაც იწვევდა კიდეც გაუცხოებას საზოგადოებასა და მის მიერ დაქირავებულ არმიას შორის.




  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG