Accessibility links

logo-print

კვირის მოვლენების მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში ქვეყნის საშინაო

პოლიტიკურ ასპარეზზე ყველაზე დიდი ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებსა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტს დაეთმო. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენებად კი შეიძლება ინტენსიური დიალოგის ფორმატში საქართველო-ნატოს პირველი კონსულტაციები და ბუნებრივი აირის განაწილების საკითხზე ბაქოში ჩატარებული მოლაპარაკებები მივიჩნიოთ. გასული კვირის ზოგიერთ მოვლენას ნინო გელაშვილი შეგახსენებთ:

კვირის დასაწყისში საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი ერთმა გახმაურებულმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელმაც თავის დროზე მედიისა და პოლიტიკოსების აქტიურობით დიდი რეზონანსი შეიძინა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, - შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი არ აღმოჩენილა. დაზარალებული მხარის მოთხოვნა უცვლელი რჩება:

[ირინე ენუქიძის ხმა]
“არ მიწყნარდება ეს ოჯახი, სანამ დამკვეთები არ დაისჯებიან. მე თქვენ გეუბნებით, რომ მელნიკოვიდან იწყება ახლა ყველაფერი. სალაყაია, ახალაი, სანოძე, დონაძე... ერთ წელს მოუმატებდნენ, თუ დააკლებდნენ ამათ, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთვის”.

რადგან სასამართლოს შევეხეთ, შეგახსენებთ აგრეთვე, რომ მიმდინარე კვირაში დაიწყო სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით გერმანიაში მყოფი ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვა. მომდევნო პროცესი 26 დეკემბერს გაიმართება. პირველი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად განსასჯელის ადვოკატი კვლავაც აპირებს მოითხოვოს კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის ნუგზარ ნაჭყებიას დაკითხვა. მანამდე კი, 16 დეკემბერს სამართალდამცავებმა ბიძინა გიორგობიანის თბილისის ბინაში, სადაც მისი დედა ცხოვრობს, ჩხრეკა განახორციელეს. მინდინარე კვირაში გაგრძელდა და მომავალ კვირაში კიდევ ერთი საინტერესო საქმის განხილვა განახლდება: ის ლევან კალაძის გატაცების საქმის ყოფილ გამომძიებელ ბათალბი საღინაძეს შეეხება. საღინაძის ადვოკატებიც ჯერჯერობით ამაოდ ცდილობენ საქმის ირგვლივ დამატებითი მოწმეების, მათ შორის მაღალჩინოსნების დაკითხვაზე მოსამართლის თანხმობის მიღებას.

მიმდინარე კვირაში განსაკუთრებით გაცხოველდა მსჯელობა “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტის ირგვლივ. თავდაპირველად დოკუმენტის შინაარსით აღშფოთებული მედიის წარმომადგენლები საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ უპირველეს პრობლემას დოკუმენტის სტატუსი, ანუ ის წარმოადგენდა, რომ კოდექსს ნორმატიული აქტის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მაუწყებელთა მიმართ სანქციების განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტის დამტკიცებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დეკემბრის ბოლოსთვის გეგმავდა. დღეს უკვე აღარ არის ნათელი რა მოხდება, რა შინაარსისა და რა სტატუსის დოკუმენტს დაამტკიცებენ მომავალში, რადგან მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა აქტიურობამ ერთგვარად შეცვალა უმრავლესობის წარმომადგენელთა პოზიცია.

[ბოკერიას ხმა]
“თვითონ მაუწყებლების მიერ დაწესება სტანდარტების პრესისთვის ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ეს არის გზა. სიმართლე გითხრათ, სამწუხაროდ, ჩვენი ტელევიზიების შემხედვარე, მე ვთვლი, რომ ეს აუცილებელია და ვურჩევდი ყველა ტელევიზიას გადმოიღოს ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ტელევიზიის თვითრეგულირების მანუალი დანახოს როგორი დეტალურია ის. მაგრამ, ამის აღსრულება ძალით არ შეიძლება და ეს არ უნდა ხდებოდეს და ვერც მოხდება ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით”.

ის, რაც დღემდე ეჭვს იწვევს მაუწყებლებში არის ის, რომ “თვითრეგულირების” საერთო წესებს, მართალია, ჯერჯერობით პროექტის სახით, მაგრამ მათ მაინც სახელმწიფო სთავაზობს. კარგად ვერავინ გაიგო რა არის მაუწყებლის გარედან რეგულირებადი თვითრეგულირება. კოდექსის ერთ-ერთი ავტორის სიტყვიერი ინფორმაციის თანახმად, კოდექსის განხილვა თებერვლისთვის გადაიდო, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის სანქციების ნაწილიდანაც ამოღებული იქნება მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. სავარაუროდ, მომავალი კვირების მანძილზე საკითხი მეტად გაირკვევა.

14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, როგორც ჩანს, ვერ მოხდება შეთანხმება პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. კამათის უმთავრეს საგნად კვლავაც რჩება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების საკითხი და ნებისმიერი კონტრარგუმენტის მიუხედავად ცვლილებების საბოლოო კენჭისყრითაც მიიღებენ. უმრავლესობის წევრ ნიკა გვარამიას არგუმენტი:

[გვარამიას ხმა]
“ეს ნორმა არის ისეთი, რომელიც არ შეიცვლება მიუხედავად იმისა, როგორი კითხვის ნიშნებიც არ უნდა დასვას ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა და ეს ნორმა არის იმგვარი, რომელიც ვენეციის კომისიის შენიშვნების პირობებშიც კი, რომელსაც სამართლებრივი შინაარსი ექნება მხოლოდ, ბუნებრივია, მე ვვარაუდობ, რომ არ გადაიხედება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის მატარებელი ნორმა მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ფორმით არის წარმოდგენილი. ეს არის პოლიტიკური დატვირთვის ნორმა”.

ოპოზიცია სვამს კითხვას რამდენად მართებულია ერთჯერადი პოლიტიკური დატვირთვის ნორმის კონსტიტუციაში შეტანა. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიმართ ინტერესს იჩენს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაც. მას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მიერ განემარტა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ მომავალ არჩევნებს შეეხება.

ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე წინასწარ რეკომენდაციებს მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. ვენეციის კომისია ევროსაბჭოს საკონსულტაციო უწყება გახლავთ, რომლის სრული სახელწოდებაა “ევროპის კომისია კანონის გზით დემოკრატიის მისაღწევად”, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს სამი ძირითადი ფასეულობის უზრუნველყოფას, მათ შორის ცალკეული ქვეყნების კონსტიტუციებში. ესენია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. საინტერესოა, როგორი იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შინაარსი.

ევროსაბჭოს მეორე უწყების – საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა კი 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებულ სულ სხვა საკითხზე – კერძოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საპარლამენტო ასამბლეის მორიგი – 2007 წლის იანვრის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე. მონიტორინგის კომიტეტის წევრი მატიაშ ერში ამ საკითხზე დასძენს:

[ერშის ხმა]
“ზოგადად, საერთაშორისო ურთიეთობებში კონფლიქტები გარდაუვალია. თუკი მიმდინარე კონფლიქტს შევხედავთ, დავინახავთ მის არაერთ პოტენციურ მიზეზს. ერთ-ერთი პოტენციური მიზეზი გახლავთ რეგიონული როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს. ის ატარებს საკუთარ პოლიტიკას და გააჩნია სხვადასხვა ორგანიზაციებში ინტეგრაციის ამბიცია. მიგვაჩნია, რომ საქართველო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი პოლიტიკა. მეორე პოტენციური მიზეზი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის “გაყინული კონფლიქტების” ზონებს უკავშირდება და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიცა და საქართველოც საერთაშორისო საზოგადოებრიობის ხელშეწყობით მიაღწევენ მათ გადაჭრას და საქართველოსთვის ამ ტერიტორიების დაბრუნებას. მაგრამ, როდესაც კონფლიქტებზე ვლაპარაკობთ, ღრმად გვწამს, მათი გადაჭრა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება”.

ვიდრე საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილება, ამ ურთიერთობაში, სავარაუდოდ, გარკვეული ცვლილებები შევა. შეერთებულ შტატებში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ “საქართველო წარმატებით შორდება რუსეთს და მიიწევს დასავლეთისკენ” და რომ რუსეთის სანქციების მიუხედავად, საქართველო მოახერხებს მომავალ ზამთარში ენერგორესურსებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და ეს აზერბაიჯანის დახმარებით მოხდება. 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ შაჰ-დენიზის საბადოდან ბუნებრივი აირის სამრეწველო მოპოვება დაიწყო. ბაქოში გამართული რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ კვლავაც არ იყო ბოლომდე გარკვეული რა ფასად მიიღებს საქართველო ბუნებრივ აირს მომავალი წლიდან. ამ საკითხზე მსჯელობა მომავალ კვირაში თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას გაგრძელდება, სადაც გაფორმდება კიდეც ხელშეკრულება 2007 წელს შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქართველოს დასავლეთისკენ ლტოლვას, ამ კონტექსტში უსათუოდ უნდა აღინიშნოს ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველო-ნატოს კონსულტაციების დაწყება. რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტთან სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, რომელიც ბრიუსელის კონსულტაციებზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ სამხედრო რეფორმაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და შიდა კონფლიქტებზე საუბრის გარდა დიდი ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებზე საუბარს, რაც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების ნებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული:

[ბარამიძის ხმა]
“ასევე მნიშვნელოვანი საშინაო საკითხი, რაც უკვე უშუალოდ ჩვენ გვეხება – კანონის უზენაესობის საკითხები, რაც ისედაც ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრშია, ანუ სასამართლო რეფორმა, პენიტენციალური რეფორმა, სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა, საზღვრის დაცვის საკითხები. ეს არის ის, რაც საშინაო დავალების თემა არის განსაკუთრებული”.

მაშ ასე, კანონის უზენაესობა – ინტენსიური დიალოგის ფარგლებში ჩატარებულ პირველ კონსულტაციებზე ნატო საქართველოს საშინაო დავალების ამ ნაწილს კიდევ ერთხელ შეახსენებს. გიორგი ბარამიძემ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო საკითხებზე მეტად ყურადღება პირველი კონსულტაციების მიმდინარეობისას პოლიტიკურ საკითხებს დაეთმო.
XS
SM
MD
LG