Accessibility links

logo-print

შოთა ხაბარელის სამი სიმაღლე


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი დიდი სპორტსმენები იშვიათად ხდებიან

დიდი მწვრთნელები. შოთა ხაბარელი ერთ-ერთი გამონაკლისია იმათ შორის, ვინც ჯერ თავად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მერე კი სახელოვანი ფალავნები აღზარდა. სწორედ ხაბარელის სახელს უკავშირდება ქართველ ძიუდოისტთა ბოლო წლების წარმატებები. თავისი 50 წლის იუბილესთვის უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა_მისმა გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა წლეულს, შემოდგომაზე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წარმატებულ სპორტსმენსა და მწვრთნელზე მოგვითხრობს ჩვენი თბილისელი თანამშრომლის ელგუჯა ბერიშვილის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელსაც ავტორმა ”შოთა ხაბარელის სამი სიმაღლე” დაარქვა.

შოთა ხაბარელი თავისი სპორტული ბიოგრაფიის სამ მთავარ ამბავს გამოჰყოფს: პირველი ამბავი 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს და იქ აღებულ ოქროს მედალს უკავშირდება; მეორე ამბავი გაცილებით ახალია: ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე ხაბარელის გაწვრთნილმა ზურაბ ზვიადაურმა დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ოლიმპიური გამარჯვება მოუტანა; მესამე და სულ ახალი ამბავი: ჩვენი ძიუდოისტები ხაბარელის თავკაცობით პარიზში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონები გახდნენ. და კიდევ ერთი დამატებითი ამბავი: ევროპის ძიუდოს კავშირმა შოთა ხაბარელი კონტინენტის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

თავიდან მივყვეთ. მოსკოვის ოლიმპიადა ხაბარელისთვის უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საბრძოლველად ტატამზე უხმობდნე. დაიწყო მაშინ, როცა, სრულიად მოულოდნელად, მისი სანაკრებო პერსპექტივა სათუო გახდა. საბჭოთა გუნდის მწვრთნელებმა ქართველ მოჭიდავეს რუსი ალექსანდრ ვოლოსოვი ამჯობინეს, რომელთანაც შოთას ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა. საბოლოოდ, ყველაფერი გადაწყვიტა საქართველოს სპორტკომიტეტის ხელმძღვანელთა აქტიურობამ და პრინციპულმა პოზიციამ. ნაკრების მწვრთნელებმა უკან დაიხიეს და ოლიმპიადაზე საჭიდაოდ ხაბარელი გაიყვანეს. ამით შოთას დამატებითი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

[შოთა ხაბარელის ხმა]: "პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ოლიმპიური თამაშები უნდა მომეგო. სხვა გზა არ იყო. არ უნდა გამეწბილებინა ამ ხალხის იმედები. მოხდა ისე, რომ მართლაც გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წარმოვიდგინე, რა სიხარული იქნებოდა საქართველოში. პრინციპში, ამის გადმოცემა არც შეიძლება. დავფრინავდი ცაში.”

მოსკოვში ხაბარელმა ოთხი უძნელესი შეხვედრა გამართა და ოთხივე მეტოქეს ქულებით აჯობა. პირველი იყო ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, გერმანელი ჰარალდ ჰაინკე, მერე _ ბულგარელი გიორგი პეტროვი და რუმინელი მირჩა ფრატიკა, ბოლოს – კუბელი ხუან ფერერი, რომელმაც ფინალამდე რამდენიმე ფავორიტს აჯობა.


[შოთა ხაბარელის ხმა]: ”იმან იქიდან ბრწყინვალედ გამოიარა ყველა შეხვედრა და, რაც მთავარია, ჩამომაცილა უხერხული მეტოქე, ფრანგი ჩულოიანი. მაგას მოუგო სუფთად და საღამოსთვის მე დარწმუნებული ვიყავი, რომ კუბელს მოვუგებდი სუფთად. იმიტომ, რომ ჩემს მხარეს ჭიდაობდა… ფინალში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც თევზი წყალში. ყველა გდება გამომივიდა, ფაქტიურად. ახლა მე რომ ვუყურებ ფინალის ფირს, იქ ორი იპონია გაკეთებული.”

გარდა ოლიმპიურისა, შოთა ხაბარელს სხვა არაერთი მედალი აქვს მოპოვებული: მათ შორის, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ორი ოქრო, პირადი ჩემპიონატის ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო. მერე იწყება ხანგრძლივი და არანაკლებ წარმატებული სამწვრთნელო კარიერა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პირველად 1986-91წლებში მუშაობდა, ხუთწლიანი შესვენების შემდეგ პოსტზე დააბრუნეს და იქიდან მოყოლებული, სათავეში უდგას ქვეყნის მთავარ გუნდს. ამ გუნდის წევრებმა მრავალი გამარჯვება მოიპოვეს. შოთა ხაბარელი განსაკუთრებით გამოჰყოფს ზურაბ ზვიადაურის წარმატებას ათენში.

[შოთა ხაბარელის ხმა]: ”მოხარული ვარ, რომ პირველებმა ჩვენ ავაჟღერეთ ახალი ჰიმნი და ავაფრიალეთ ის დროშა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს. ადამიანი, თურმე, დადებითი ემოციისგანაც შეიძლება ცუდად გახდეს. მართლა ძვრა მოხდა ჩემს ორგანიზმში. ერთ მომენტში, არის კადრებში, გონებაც კი დავკარგე, იმდენად დიდი სიხარული მომიტანა ზვიადაურის გამარჯვებამ.”

როცა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, კიმონო მერეც არ გაუხდია. ნაკრების კანდიდატებს პირობასაც კი უდებდა: თუ მე მომიგებ, ნაკრებში მოხვდებიო. მომთხოვნია, მაგრამ სპორტსმენებთან საერთო ენას ყოველთვის პოულობს. მხოლოდ ავტორიტეტულ მწვრთნელს შეუძლია საბრძოლო შემართებით აანთოს მთელი გუნდი, რაც შოთა ხაბარელს არაერთხელ გაუკეთებია. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა წლევანდელ გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩინებულად მომზადებულმა და ერთ მუშტად შეკრულმა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა პარიზში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო ფალავნების ქვეყანაა.

[შოთა ხაბარელის ხმა]: ”ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით მიზანმიმართულად. ყველა წონაში გამოცდილი სპორტსმენები გვყავს, მაგრამ როცა იაპონია გყავს წინ, კორეა, საფრანგეთი, რუსეთი… ამ ფონზე მე ვფიქრობდი, რომ სადღაც სამეულში უნდა შევსულვიყავით. ბიჭები შემართულები იყვნენ. ყველა შეხვედრაში - იმავე უკრაინასთან, კორეასთან, იგივე რუსეთთან გადიოდნენ, მართლაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. აი, მივაღწიეთ ამ შედეგს. ეს მართლაც ბრწყინვალე შედეგია.”

ამასობაში შოთა ხაბარელს - ქუდბედიან სპორტსმენსა და მწვრთნელს - 50 წელი უსრულდება. როგორც თავად იუბილარი ამბობს, ჯერ დასვენების დრო არ მოსულა, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, თანაც ამ წლებმა დიდი გამოცდილება შემძინაო. ეს გამოცდილება, იმედია, კიდევ არაერთხელ გაამარჯვებინებს ხაბარელს და მის ნაკრებს. მწვრთნელისთვის ნახევარი საუკენე ჯერ კიდევ სიმწიფის ასაკია.
XS
SM
MD
LG