Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ვახტანგ კახიძე ამ კვირაში ჩვენი რადიოს

თხოვნით დღიურს აწარმოებდა დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე.

10 დეკემბერი, კვირა
გუშინ კონცერტი მქონდა გერმანიის ქალაქ ნოიბურგში. ეს ძალიან ლამაზი ქალაქია, რომელშიც არის შუა საუკუნეების ულამაზესი სასახლე. ამ სასახლის დარბაზში იმართება კონცერტები. მე უკვე მეორედ გავმართე კონცერტი კამერულ ორკესტრ dell'Arte-სთან ერთად. ამჯერად პროგრამაში იყო მოცარტის "ღამის პატარა სერენადა" და სიმფონია N29; აგრეთვე, ვივალდის და სამარტინის კონცერტები ბლოკფლეიტისთვის. ამ უჩვეულო, სალამურის ჟღერადობის მქონე ინსტრუმენტზე შესანიშნავად უკრავდა გერმანელი მუსიკოსი იუსტუს ვილბერგი. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. მოგვიწია რამდენიმე "ბისის" დაკვრა. კონცერტის შემდეგ ჩემმა მეგობარმა გამართა ვახშამი, რომელიც გვიან ღამით დასრულდა. ამის გამო დღეს გვიან გავიღვიძე. ჩავალაგე ბარგი და საღამოს 6 საათზე წავედი მიუნხენში. აეროპორტში საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება ყველა ფორმალობის გავლას, სანამ გამოფრინდები. თვითმფრინავში შემხვდა ჩემი ახლო მეგობარი. ერთად ვისხედით და ამან ორივეს შეგვიმსუბუქა ხანგრძლივი ფრენის დისკომფორტი.

11 დეკემბერი, ორშაბათი
თბილისში ჩამოვფრინდი დილის 4 საათზე. რამდენიმე რეისი ერთად ჩამოფრინდა, ამიტომ დიდხანს მოგვიწია ბარგის ლოდინი. საბოლოოდ, ექვსის ნახევარზე მოვხვდი სახლში. გასაკვირი არ არის, რომ ნახევარი დღე მეძინა. გერმანიიდან რამდენიმე ამანათი გამომატანეს, რომლებიც ადრესატებს გადავეცი. საღამოს სახლში ვიყავი. გვიან ღამემდე ჩემს შვილს, ანუკას ვამეცადინებდი კომპოზიციაში.

12 დეკემბერი, სამშაბათი
სევდიანი დღე იყო. ჩემს არყოფნაში გარდაიცვალა ჩემი ახლო მეგობარი და ნათესავი, საკმაოდ ახალგაზრდა ქალი. დღეს იყო მისი დაკრძალვა ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან. მერე სამსახურში ვიყავი, იქაც ბევრი საქმე დაგროვდა. საღამოს ჩემი შვილიშვილი მყავდა "მაკდონალდსში". მასთან ურთიერთობამ საგრძნობლად გამიუმჯობესა განწყობილება.

13 დეკემბერი, ოთხშაბათი
მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე რემონტთან დაკავშირებით, ყოველ ოთხშაბათს იმართება მშენებელთა თათბირი. პუნქტების მიხედვით განვიხილავთ, გასული კვირის განმავლობაში რა გაკეთდა, და ვგეგმავთ შემდეგი კვირის ამოცანებს. თათბირის შემდეგ მშენებლებთან ერთად შემოვიარე ცენტრის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც ადგილზე იყო მისაღები კონკრეტული გადაწყვეტილება - მათ შორის: სხვენი, ბაღი და სხვა. დღის განმავლობაში მქონდა შეხვედრები არქიტექტორებთან.
საღამოს ვიყავი სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზის გახსნაზე, სადაც გაიმართა პირველი კონცერტი და შემდეგ მიღება. მთელი თბილისი იქ იყო. ძალიან ლამაზი დარბაზია! იქ ბევრი საინტერესო კონცერტის და სხვა ღონისძიებების ჩატარება შეიძლება.

14 დეკემბერი, ხუთშაბათი
მთელი დღე სამსახურში ვიყავი. გუშინდელისგან განსხვავებით, მუსიკალური და ადმინისტრაციული საქმეებით ვიყავი დაკავებული.
საღამოს ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლზე "ზაფხულის ღამის სიზმარი". ამ სპექტაკლში რეჟისორმა ლევან წულაძემ გამოიყენა პუჩინის, მამაჩემის და ჩემი მუსიკა. მე მხოლოდ გენერალური რეპეტიცია მქონდა ნანახი, ისიც - უკოსტუმებოდ. ამიტომაც მაინტერესებდა, საბოლოოდ რა გამოვიდა. სპექტაკლით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა მაქვს რამდენიმე შენიშვნა.

15 დეკემბერი, პარასკევი
დილით ვიყავი სამსახურის ხელოსანთან. შემდეგ მთელი დღე ვიყავი სამსახურში. საღამოს წავედი კონცერტზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში. მოვისმინე საორღანო მუსიკის კონცერტი ფრანგი მუსიკოსის ტიერი მეშლერის შესრულებით. მან საკმაოდ საინტერესოდ შეასრულა ფრანგი კომპოზიტორის დიუპრეს ნაწარმოები.
კონცერტის მერე ვიყავი ჯაზ-კლუბში მეგობრებთან ერთად.

16 დეკემბერი, შაბათი
შუადღეს მქონდა შეხვედრა კინოპროდიუსერთან და დიზაინერთან. განვიხილეთ კინოფილმ "რუსული სამკუთხედისთვის" ჩემს მიერ დაწერილი მუსიკის ცალკე კომპაქტდისკად გამოცემის საკითხი. მერე შევიარე სამსახურში, დავხედე მშენებლობას და დავგეგმე მომავალი კვირის საქმეები.
საღამოს ვუყურე გერმანიიდან ჩამოტანილ ვიდეოფირებს, რომლებზეც ჩაწერილია ჩემს მიერ გამართული ბოლო ორი კონცერტი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG