Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა თბილისის გარნიზონს ამ კვირაში დატოვებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გუშინ, 17 დეკემბერს, დასრულდა რუსეთის შეიარაღებული ძალების თბილისის გარნიზონის კუთვნილი ტექნიკისა და ქონების გატანის პროცესი.

პირადი შემადგენლობა საქართველოს ამ კვირაში დატოვებს. რუსეთის მხარემ საქართველოს უკვე გადასცა ის უძრავი ქონება, რომელსაც რუსეთის სამხედრო ბაზები იკავებდნენ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამ ქონებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აუქციონის წესით გაყიდის. როგორ აფასებს რუსული მხარე იმ ფაქტს, რომ დასრულდა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი?

რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას, ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესი სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას საქართველოს თვითაღიარებულ რესპუბლიკებში? - ამ კითხვით მიმართა ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომმა” რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გენადი გუდკოვს და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს სერგეი მიხეევს. რუსი დეპუტატი საკმაოდ პათეტიკურ განცხადებას აკეთებს, როცა ამბობს - დღეს ჩვენთვის მძიმე დღეა, რადგან დასრულდა რუსეთის 200 წლიანი ყოფნა საქართველოშიო. გენადი გუდკოვის აზრით, შეცდომა მაშინ იყო მოსკოვის მიერ დაშვებული, როცა მან ივალდებულა საქართველოდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანა. სტამბულის შეთანხმებას ის რუსეთის კავკასიური პოლიტიკის გაუაზრებლობის შედეგად მიიჩნევს და ამბობს, რომ რუსეთის წასვლა საქართველოდან ზეიმის ხასიათზე დააყენებს ნატოს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ რეგიონზე გავლენის გაძლიერებას ცდილობენ და რუსეთი გულზე არ ეხატებათ.

პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგეი მიხეევი კი ფიქრობს, რომ თუ მოსკოვმა დაიწყო საქართველოდან სამხედრო ნაწილების გაყვანა, უმჯობესია, ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ამ მოსაზრებას პოლიტოლოგი ასე ხსნის: “რუსეთ-საქართველოს დღეს არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამხედროები საქართველოში მძევლების როლში აღმოჩნდნენ, რომელთა მიმართ შესაძლო პროვოკაციებმა შეიძლება თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.” მისივე აზრით, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის აფხაზეთს, რადგან მხოლოდ მოვლენების ფანტასტიკური სცენარით განვითარების შემთხვევაში შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს, რომ თუ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, ასე ვთქვათ, ქართველების ზურგში დარჩენილი რუსი სამხედროები რაიმე როლის შესრულებას შეძლებენ. მიმოხილვას კი დავასრულებ სერგეი მიხეევის დასკვნით, რომელიც ასე ჟღერს: “პრინციპში, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაში კარგი არაფერია - სამხედრო ყოფნა ადასტურებდა ჩვენს გეოპოლიტიკურ გავლენას ამ რეგიონზე. მაგრამ რადგან მოვლენები ასე განვითარდა, მიღებული გადაწყვეტილებები ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.”
XS
SM
MD
LG