Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცი, რომლის კარიერა ტყუილით (თუ შეცდომით?) დაიწყო. ლეონიდ ბრეჟნევი – 100


თარიღი, რომელსაც ზარ-ზეიმით

დღეს მხოლოდ რუსი კომუნისტები აღნიშნავენ – 19 დეკემბერს ლეონიდ ბრეჟნევს ასი წელი შეუსრულდებოდა. საბჭოთა კავშირის ცეკას გენერალურ მდივანს ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საქართველოშიც, მხოლოდ ირონიით იხსენებენ – ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, რუსეთში კომუნისტების არც ერთ ლიდერზე არ შეუქმნიათ იმდენი ანეგდოტი, რამდენიც ბრეჟნევზე შექმნეს. მაგრამ მე დღეს ამ ანეგდოტებით არ გაგართობთ – მე მხოლოდ ბრეჟნევის საჯარო გამოსვლებს მოგასმენინებთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს კაცი, ეს ხმა, 16 წელი მართავდა ჩვენს ხალხს.

[ხმა.საბჭოთა რადიო ბრეჟნევის გარდაცვალებას აცხადებს]

1982 წლის 10 ნოემბერს საბჭოთა ხალხმა ჩვეულებრივად იზეიმა მილიციის დღე, რომელიც თავის დროზე ოქტომბრის რევოლუციის წლისთავს მიაყოლეს და ასე გაუხანგრძლივეს ხალხს დღესასწაული. საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი საშვიდნოემბრო აღლუმს დაესწრო, უფრო მეტიც, უცხოელმა ჟურნალისტებმაც კი შენიშნეს, რომ ჩვეულებრივზე კარგად გამოიყურებოდა, მილიციის დღეს კი ტელევიზორში აღარ გამოჩნდა... ვერც გამოჩნდებოდა. იგი უკვე აღარ იყო ცოცხალი. თუმცა საბჭოთა ხალხს და საბჭოთა მილიციას დღესასწაული არ ჩაუშხამეს, უფრო მეტიც, ნაბახუსევზე, 11 ნოემბერს, ერთი-ორი ჭიქის გადაკვრის საშუალებაც მისცეს და ბრეჟნევის გარდაცვალების ამბავი მხოლოდ 12 ნოემბერს გამოუცხადეს.

თუმცა ცეკას ლიდერის გარდაცვალების ცნობა 10 ნოემბერსაც რომ გავრცელებულიყო, რუსეთში “სანოემბრო სუფრას” მაინც შემოუსხდებოდნენ. მართალია, ეს სუფრა მაინცდამაინც მრავალფეროვანი ვერ იქნებოდა (1982 წლის ნოემბერში მაღაზიის დახლები სრულიად ცარიელი იყო), მაგრამ,სამაგიეროდ, არყის ნაკლებობას არსად იგრძნობდნენ – იმხანად სპირტიანის ყიდვა ჯერ კიდევ კაპიკებად შეიძლებოდა.

ასეც მოხდა. ბრეჟნევის გარდაცვალების ამბავი ხალხმა სრულიად გულგრილად მიიღო. ერთი-ორი ცრემლი მოერიათ პოლიტბიუროს წევრებს – ჩერნენკოს, ანდროპოვს, გორბაჩოვს, შევარდნაძეს, მაგრამ ქვეყნის მამა-მარჩენალი მათაც მალე დაავიწყდათ. 1983 წლიდან პარტიის ლიდერები ბრეჟნევს საერთოდ აღარ ახსენებდნენ. არსებითად იგი გაცილებით ადრე - “დაიტირეს” თუ არა - “მოინელეს” მაინც. 1964 წელს, როცა ბრეჟნევმა ნიკიტა ხრუშჩოვს შეთქმულება მოუწყო და ცეკას პირველი მდივნის პოსტიდან გადააყენა, 58 წლის ლეონიდ ილიას ძე პოლიტბიუროს ყველაზე ჯანმრთელი წევრი იყო.

1976 წელს ბრეჟნევი, როგორც იტყვიან ხოლმე, “კლინიკური სიკვდილის” მსხვერპლი გახდა. კრემლის ექიმებმა ფეხზე დააყენეს, მაგრამ მეტყველება ვერ გამოუსწორეს. უფრო მეტიც, მისი ლოგოპედები გაოცებას ვერ მალავდნენ: ბრეჟნევმა ისე დაიწყო მეტყველება, როგორც ახალგაზრდობაში, როცა უკრაინაში პარტიულ თანამდებობაზე მუშაობდა. ისევ ამბობდა “ღ”-ს, “რ”ს მაგივრად.

[ბრეჟნევის ხმა]

1981 წელს, მეორე ინფარქტის შემდეგ, კრემლში ხუმრობდნენ, ბრეჟნევმა დაამტკიცა, რომ ადამიანისთვის მთავარი არა სიცოცხლე, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებააო. ჰელმუტ შმიდტთან შეხვედრის დროს ხალხმა დაინახა, რომ ბრეჟნევს საერთოდ დაკარგული ჰქონდა გადაადგილების უნარი. ამავე წელს ბაქოში, მენავთობეებთან შეხვედრისას, ბრეჟნევმა თავისი სიტყვა ასე დაიწყო: “ძვირფასო ავღანელო მშრომელებო!”... ავღანეთი აზერბაიჯანში აურია... რაც ბუნებრივი იყო: მძიმედ ავადმყოფი ბრეჟნევის ყურადღება ამ დროს სწორედ ავღანეთისკენ იყო მიმართული.

საბჭოთა ტანკების შესვლა პრაღაში 1968 წელს, სამხედრო ინტერვენცია ავღანეთში 1979 წელს, ბიუროკრატული სისტემის შექმნა, ეკონომიკის, მეცნიერების კრიზისი, დასავლეთთან გართულებული ურთიერთობა, დისიდენტების დევნა – ყველაფერი ეს სწორედ ბრეჟნევის სახელს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ლეონიდ ილიას ძე იხტიბარს არ იტეხდა - უყვარდა ომახიანი გამოსვლები:

[ბრეჟნევის ხმა. თარგმანი] “დღევანდელი კრიზისი უჩვეულოა. მათი იდეოლოგების დაპირება – შეექმნათ საყოველთაო კეთილდღეობა – არ შესრულდა: გაძვირდა საქონელი, გაღრმავდა საზოგადოების იდეურ-პოლიტიკური კრიზისი... კორუფცია სულ უფრო აშკარა ხდება. ესაა საზოგადოება, რომელსაც არა აქვს მომავალი.”

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბრეჟნევმა აქ თავისივე ქვეყანა აღწერა და თავისი თავი დაახასიათა. ის, რითაც თავი გამოიჩინა, იყო: სასმელის სიყვარული, ქალების სიყვარული, ქრთამის სიყვარული, ორდენების სიყვარული (იგი ოთხჯერ გახდა საბჭოთა კავშირის გმირი). 70-იან წლებში მან საკუთარი მემუარები დააწერინა ჟურნალისტებს – “აღორძინება”, “მცირე მიწა”, “ყამირი”, რომელიც სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებში შეიტანეს. მისი წიგნები მსოფლიოს 60 ენაზე გამოიცა.

ხალხის უკმაყოფილების მაინცდამაინც არ ეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ არც გამჭრიახობით გამოირჩეოდა, არც ინტელექტით, ერთი რამ კარგად იცოდა: გაზარდე ბიუროკრატიული აპარატი და ძალაუფლება გარანტირებული გექნება.

[ბრეჟნევის ხმა. ჰყვება პარტიის რიგების მნიშვნელოვან ზრდაზე]

ლეონიდ ბრეჟნევი აქ პარტიის რიგების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობს. ჯანმრთელობა და ინტელექტი კი ღალატობდა, მაგრამ ის კი კარგად იცოდა, რომ მისი ერთგული პარტიული ელიტა არასდროს დათმობდა მონაპოვარს – საზღვარგარეთის საუკეთესო კურორტებზე მოგზურობის საშუალებას, ახალთახალ “ვოლგასა” და “ჩაიკას”, სპეციალურ მაღაზიებში პროდუქტების შეძენის უფლებას. ასეთ გარემოში ბრეჟნევი დაცულად გრძნობდა თავს. უყვარდა მოლდავური ღვინო, სუფრას კი ასეთი სადღეგრძელოთი იწყებდა: “სიცოცხლე მშვენიერი ხდება, როცა წინასწარ გადაჰკრავ ხოლმე.”

[ბრეჟნევის გამოსვლა რევოლუციის 60 წლისთავზე] “ჩვენ გავუძლებთ! ჩვენ ავიტანთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!”

“ჩვენ გავუძლებთ! ჩვენ ავიტანთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!” – დაგვპირდა ბრეჟნევი 1977 წელს, ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავზე... და პირობა შეასრულა. უცხოელი ანალიტიკოსები იმხანად გაკვირვებას ვერ მალავდნენ, როგორ უძლებს ამხელა ქვეყანა კრიზისს, რომელიც საბჭოთა ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო.

იმასაც ხომ ვერ ვიტყვით, ბრეჟნევის ფიზიკურ და სულიერ გახრწნასთან ერთად, ნელ-ნელა კვდებოდა საბჭოთა სისტემა და ხალხი მის გარდაცვალებას ელოდებოდაო... ფაქტია – ბრეჟნევი გარდაიცვალა, მაგრამ ეგრეთ წოდებული “ზასტოის” ეპოქა კვლავაც გაგრძელდა. ბრეჟნევი მისმა მემკვიდრეებმა – ასევე დაუძლურებულმა ანდროპოვმა და ჩერნენკომ შეცვალეს. ქვეყანაში კვლავაც ეწყობოდა კომუნისტური დღესასწაულები და კვლავაც ჟღერდა ასეთი მუსიკა:

[ბრეჟნევის ეპოქის სიმღერა ლენინზე]

1950 წელს დიდ თეატრში, ოქტომბრის რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სტალინს წარუდგინეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმხანად დნეპროპეტროვსკის ოლქის პირველი მდივანი იყო. გააცნეს შეცდომით – უთხრეს, ეს კიშინიოვის კომპარტიის პირველი მდივანიაო... კარგად მუშაობ, უთქვამს სტალინს, გნიშნავ მოლდავეთის ცეკას პირველ მდივნად. ეს ახალგაზრდა კაცი – ლეონიდ ბრეჟნევი იყო. მისი კარიერა ტყუილით ან შეცდომით დაიწყო. არავინ იცის დღემდე, ტყუილი იყო თუ შეცდომა მისი 16-წლიანი მმართველობა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG