Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 დეკემბერს მიგრანტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება


18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს, მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ

და უცხო ქვეყნებს აფარებენ თავს - ადამიანებს, რომლებსაც, როგორც წესი, სიხარულით არსად ხვდებიან და ხშირად მათ სერიოზული პრობლემებიც ექმნებათ. მიგრაციული პროცესები საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გააქტიურდა და მას შემდეგ სამშობლოდან წასული ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დაუზუსტებელი მონაცემებით კი, ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დაახლოებით მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. კეთილდღეობას ისინი, ძირითადად, 4 ქვეყანაში ეძებენ. რომელ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას ემიგრანტი ქართველები, რა გზებით ხვდებიან ისინი უცხო ქვეყნებში და რა ბედი ელით მათ?

პატარა საქართველოსთვის მილიონი ემიგრანტი ძალიან ბევრია. თუმცა ეს მაჩვენებელი დაუზუსტებელია და არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც სამშობლო სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით დატოვეს, მილიონზე მეტიც იყოს. აღრიცხვა იმიტომ ჭირს, რომ უმრავლესობა ქვეყნიდან არალეგალური გზით მიდის. გამოკვლევების მიხედვით, ჩვენი თანამოქალაქეების ძირითადი ნაწილი ამჟამად თურქეთს, საბერძნეთს, რუსეთსა და გერმანიას აფარებს თავს. გავრცელებულია უკანონო მიგრაციის ორი სახე:

(თამარ მარდალეიშვილის ხმა) ”აქედან კანონიერი დოკუმენტების საშუალებით გადიან, მაგრამ, უკვე საზღვარგარეთ მოხვედრილები, იქ (მას შემდეგ, რაც ვიზას გაუვა ვადა) უკვე არალეგალური სტატუსით რჩებიან. ხშირია შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, თურქეთიდან გადადიან საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ვთქვათ - არალეგალური გზით.” (სტილი დაცულია)

არალეგალური მიგრაციის მეორე გზა, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ მარდალეიშვილმა ახსენა, დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ვინც ამ გზას დაადგება, პრაქტიკულად ბრმად მიჰყვება ეგრეთ წოდებულ გამცილებლებს, რომლებიც გაცილებისთვის საკმაოდ დიდ ანაზღაურებას იღებენ. ასეთი მოგზაურობა ფიზიკური შესაძლებლობების დიდი გამოცდაც არის:

(თამარ მარდალეიშვილის ხმა) ”ადამიანი ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს, რომ იაროს კილომეტრები, ვთქვათ, გადალახოს მთები, მდინარეები. ძირითადად, როცა შემოვლითი გზა არის, იქ ყოველთვის რაღაცა რისკი არის... რა თქმა უნდა, იქ შეიძლება, რომ დაიჭირონ... ამიტომ, ვთქვათ, მიდიან ხოლმე ღამე... არ უნდა ამოიღო ხმა და უნდა იყო ჩუმად.” (სტილი დაცულია)

ვთქვათ, ადამიანმა ყველანაირ გაჭირვებას გაუძლო და სანატრელ ქვეყანაში მოხვდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საბოლოო გამარჯვებას. მას უნდა ახსოვდეს, რომ ”არალეგალებს” სიხარულით არც ერთ ქვეყანაში არ ელოდებიან. გამართლება იქნება, თუკი მასპინძელი ქვეყანა ”არალეგალთა” ლეგალიზაციის პროცესს გამოაცხადებს და მათ ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს. მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საკმარისია ისეთი მიზეზი, როგორიც არის: განსხვავებული პოლიტიკური მრწამსი, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ანდა გაუსაძლისი ეკონომიკური პირობები. საჭიროა გაცილებით სერიოზული არგუმენტები:

(თამარ მარდალეიშვილის ხმა) ”უნდა დაასაბუთოს ადამიანმა, რომ ის თუ სამშობლოში დაბრუნდება, მას ფიზიკური განადგურების ან დევნის საფრთხე ემუქრება... და ეს ხდება, ვთქვათ, მთავრობის მიერ. აი, ამას თუ ვერ დაასაბუთებს, მაშინ, უმრავლეს შემთხვევაში, უარს ეუბნებიან თავშესაფარზე.” (სტილი დაცულია)

თამარ მარდალეიშვილი ამბობს, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურა სულ უფრო ძნელდება. რეალობის უკეთ აღსაქმელად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საინფორმაციო კამპანიას 2002 წლიდან ეწევა. სტატისტიკა მოწმობს, რომ 2005 წელს თავშესაფრის მსურველი საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა საკმაოდ იკლო. როგორც ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რუსუდან იმნაიშვილი, ვარაუდობს, პოტენციურმა ემიგრანტებმა, ჩანს, ერთი რამ უკეთ გააცნობიერეს:

(რუსუდან იმნაიშვილის ხმა) ”ახლა ასე პირდაპირ გუდა-ნაბადის აკვრა, აქ სახლების გაყიდვა და იქ თავშესაფრის გაკეთება, ეს გამოსავალი არ არის და, უმრავლეს შემთხვევაში, უკან უშვებენ ან იძულებულნი არიან და დეპორტაციას აკეთებენ და აქ თავშესაფარიც აღარ აქვთ და სახლი აქვთ გაყიდული.” (სტილი დაცულია)

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქართველები, ძირითადად, დროებით მიგრაციას ანიჭებენ უპირატესობას. უკვე 3 წელია, რაც დაბრუნებაში ეხმარება მათ პროექტი ”დაბრუნებაში დახმარების გაწევა და რეინტეგრაცია”. როგორც რუსუდან იმნაიშვილი ამბობს, ამ პროექტის ფარგლებში, ინგლისიდან, ჩეხეთიდან და შვეიცარიიდან ნებაყოფლობით დაბრუნდა საქართველოს 170 მოქალაქე. მასპინძელი ქვეყნები მათ სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციისთვის საკმაოდ კარგ დაფინანსებას სთავაზობენ.

მართალია, სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობს, მაგრამ, ხსენებული სამი ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზცია ვარაუდობს, რომ ბოლო პერიოდში სამშობლოს სულ უფრო მეტი მოქალაქე უბრუნდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG