Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჟიოტაჟი მაუწყებელთა ეთიკის კოდექსის თაობაზე - პრესის ყურადღების ცენტრში


19 დეკემბრის გაზეთი ”24 საათი” ”არაკომპეტენტურ დებატებს” უწოდებს მაუწყებელთა ეთიკის კოდექსის თაობაზე საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟს.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები არ იცავენ ეთიკის ელემენტარულ მოთხოვნებს. ”თუ ქართული ტელევიზიების გადაცემებს გადავხედავთ, განსაკუთრებით დილის საათებში განმეორებით გაშვებულ გადაცემა ”დროებას”, შიშველი სხეულების ვულგარულ ეგზიბიციონიზმსა და მართლმადიდებლობის ქადაგებას შორის დაკარგულს, რეგულირების აუცილებლობა აშკარაა,”- წერია გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ყურადღებას იქცევს ამავე გაზეთში გამოქვეყნებული სტრატეგიული კვლევების ფონდ ”მემკვიდრეობის” წარმომადგენლების არიელ კოენისა და კონვეი ირვინის სტატია, სათაურით ”საჭიროა შავი ზღვის ამერიკული სტრატეგია”. ”შავი ზღვის რეგიონი შეიძლება იქცეს პლაცდარმად ავღანეთში, ერაყსა და ირანში სამხედრო, აღდგენითი და სამშვიდობო ოპერაციების ჩასატარებლად, აგრეთვე კასპიისპირეთიდან დასავლეთ ევროპის ბაზარზე გასატანი ენერგოპროდუქტების საზღვაო არხების დასაცავად. ამასთან ერთად, ეს არის ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი,” - ვკითხულობთ გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის ავტორები მიიჩნევენ, რომ ”რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს რუსეთის იძულებით, მოხსნას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სანქციები და განაახლოს მრავალმხრივი მოლაპარაკებები ”გაყინული კონფლიქტების” მოსაგვარებლად”.

”გაყინული კონფლიქტების” თემას ეხება 19 დეკემბრის ”რეზონანსი”. მასში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, სათაურით ”კვიციანი სააკაშვილის თამაშს თამაშობს.” კონფლიქტოლოგს მიაჩნია , რომ საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობიდან ”აბსოლუტურად აბსურდული ხელისუფლება უნდა გამოიყვანოს”, ხოლო კოდორის ხეობაში ივლისის ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე ასეთ დაკვირვებას გამოხატავს: ”სიტუაციის დაძაბვა და ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახურიდან ირაკლი ალასანია და გოგა ხაინდრავა გაათავისუფლეს. ამას მოჰყვა კოდორის ხეობაში, ვითომცდა ლეგიტიმაციის აღდგენის მიზნით, სპეცოპერაციის ჩატარება. კვიციანი კი, როგორც მაშინ არ დააპატიმრეს, არც ახლაა დაკავებული. როგორც ჩანს, კვიციანი სააკაშვილის თამაშს თამაშობს,”- ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ”რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

გაზეთი ”ალია” კი ხელისუფლების კორუფციული სქემის გაშიფვრას ცდილობს და მთლიანად ეყრდნობა საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელს კახა კუკავას, რომელმაც რამდენჯერმე საჯარო ხმაური ატეხა ცალკეული მინისტრების უკანონო ბიზნესინტერესებზე. დეპუტატის თქმით, ”თუკი შევარდნაძის დროს ნავთობის, სიგარეტის, უძრავი ქონების სფეროებს ინაწილებდა მისი გარემოცვა, ახლა მხოლოდ სახელი და გვარი შეიცვალა. იგივე დარჩა მადა, ოჯახური კლანები, წილების ”ახევის” (ანუ წართმევის) სქემა”, -ამბობს დეპუტატი კუკავა და ხელისუფლებაში არსებული კლანური დაჯგუფების ასეთ განლაგებას გვთავაზობს: “ნოღაიდელი აკონტროლებს პრივატიზაციას, კეზერაშვილი - ნავთობის, ხოლო მერაბიშვილი - ხე-ტყის ბიზნესს, ადეიშვილი - ბიზნესის წართმევას ხელმძღვანელობს, უგულავა კი - მშენებლობას.” აღსანიშნავია, რომ ”დემოკრატიული ფრონტის” წევრებმა მთავრობის წევრთა უკანონო ბიზნესინტერესებზე 18 დეკემბერს პარლამენტში პრევენციული განცხადებები გააკეთეს და საზოგადოებას, მედიის საშუალებით, ახალი ფაქტების გამომზეურებას დაჰპირდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG