Accessibility links

logo-print

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის განხილვა გაზაფხულისთვის გადაიდო


ქცევის კოდექსის არსებული პროექტის განხილვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეისთვის იყო დაგეგმილი,

მაგრამ შეკრება 5 წუთში განხილვის გადადების შესახებ ინფორმაციით დასრულდა. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილისგან გაიგეს, რომ საქართველოს პარლამენტმა კოდექსის მიღება 31 დეკემბრიდან 1 აპრილისთვის გადადო. ამასთან, საუბარია იმაზეც, რომ იქმნება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ახალი პროექტი.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის განხილვა-მიღება პარლამენტში მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან მომავალი წლის 1 აპრილისთვის გადაიდო. კოდექსის 2006 წლის 31 დეკემბრამდე მიღება “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებით განისაზღვრა. იმისათვის, რომ ეს ვადა გაგრძელდეს, საჭიროა კიდევ ერთი ცვლილების შეტანა კანონში, რაც ახალ წლამდე უნდა მოხდეს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება ერთადერთი ცვლილება, რომელიც კანონში შევა. საუბარია ისეთ ცვლილებაზეც, რომელიც, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლის მიმართ სანქციების გატარებას გამორიცხავდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა დავით პატარაიამ ჩემთან საუბარში განმარტა, რომ მისი უწყება უკვე რამდენიმე წელია ელოდება წინადადებებს მედიის წარმომადგენლებისა და სხვა ექსპერტებისგან:

[პატარაიას ხმა] “პრაქტიკულად, ჩვენ წლების განმავლობაში ველოდებოდით მოსაზრებებს, სხვადასხვა პოზიციებს, სხვადასხვა პროექტებს, მაგრამ, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე (ამის გამოცდილება, რაც მარეგულირებელში მუშაობა დავიწყე, აქტიურად მაქვს) არის ის, რომ სანამ ბოლო წუთი არ მოვა, არ ხდება ამის აქტუალიზება, სამწუხაროდ.
- იქნებ, კარგად არ მოითხოვეთ...
- სექტემბერში, მაგალითად, ევროსაბჭოსთან ერთად შედგა სწორედ ამ ოთახში ამ დოკუმენტის პრეზენტაცია, მოხდა ამის განხილვა. ამ დოკუმენტის პრეზენტაცია-განხილვაზე გავავრცელეთ სრული ინფორმაცია. ერთი დღის განმავლობაში ხდებოდა ამ დოკუმენტის სამუშაო ვარიანტზე მსჯელობა უცხოელ ექსპერტებთან ერთად.”

როგორღაც ისე მოხდა, რომ ქართველი მაუწყებლებისთვის ქცევის კოდექსის პროექტის შინაარსი უფრო გვიან გახდა ცნობილი, ვიდრე ევროსაბჭოს ექსპერტებისთვის. დოკუმენტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტზე ერთი თვის წინ გამოქვეყნდა. დღეს უკვე კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი ნებისმიერი ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირისგან წერილობითი სახით ითხოვს შენიშვნებსა და წინადადებების მიღებას.

რას შეიძლება არეგულირებდეს სახელმწიფო მაუწყებლების საქმიანობაში? ამ შეკითხვაზე პასუხი ორი ტელეკომპანიის – “იმედისა” და “კავკასიის” წარმომადგენლებს გიორგი თარგამაძესა და ნინო ჯანგირაშვილს ვთხოვე:

[ჯანგირაშვილის ხმა] “სახელმწიფო უნდა ერეოდეს იმ საკითხში, რაც არის არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენა, სერიოზულად. რა თქმა უნდა, რეკლამაში უნდა ერეოდეს და ერევა. საარჩევნო პროცესებს როგორ გააშუქებს, იმაში ისედაც ერევა, და ეს კოდექსი საერთოდ არ იყო საჭირო ამისათვის. დანარჩენი, აი, ამ სამ ნაწილს თუ გამოვაკლებთ, ხო, რაც წერია ამ კოდექსში, იმაში საერთოდ არ უნდა ერეოდეს. მაგალითად: რედაქტორი ჟურნალისტს როგორ დაავალებს მასალის მოტანას და ის რომ მოვა, მერე განცხადებას დაწერს, თუ პირდაპირ სამონტაჟოში შევა, თუ რაღაც, ეს აბსურდებამდე მიდის ეს ყველაფერი, რა.” (სტილი დაცულია)

[თარგამაძის ხმა] “ეს ქცევის კოდექსი თავის თავში უნდა მოიცავდეს, პირველ რიგში, პროგრამული რეგულირების თემებს, თუნდაც უფრო მეტად განვრცობის, ვიდრე დღეს ეს არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობაში. რაც შეეხება შინაარსობრივ რეგულირებას, ჩვენ ამ მხრივ გვაქვს პრობლემა და ვთვლით, რომ ნებისმიერი მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან ნორმატიული აქტით მოახდინოს შიდა რეგულირება ქცევის კოდექსების რომელიმე ტელეკომპანიაში, ეს იქნება პრობლემის შემქმნელი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ტელევიზიებში.” (სტილი დაცულია)

კოდექსის შინაარსობრივი მხარის გარდა, არ არის ბოლომდე ნათელი რა სტატუსის იქნება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსი”. კოდექსის ინიციატორები, ერთი მხრივ, საუბრობენ თვითრეგულირებაზე, მეორე მხრივ, იმაზე, რომ ეს თვითრეგულირება სავალდებულო უნდა იყოს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განმარტავს, რომ თუკი კოდექსს მიენიჭება ნორმატიული აქტის სტატუსი, არსებული კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი აქტის დარღვევის შემთხვევაში, გარდაუვალია მაუწყებელზე პასუხისმგებლობის, სანქციების დაკისრება. ამდენად, ელემენტარულ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა აქტის სავალდებულობისა და პასუხისმგებლობის არარსებობაზე. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები მთლიანად თვითრეგულირების სფეროს უნდა განეკუთვნებოდეს:

[ჩხეიძის ხმა] “ისეთი თემები, როგორიც არის ჟურნალისტიკის ეთიკა, თავისთავად ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უნდა მიეკუთვნებოდეს და თვითონ მაუწყებლები უნდა შეთანხმდნენ ამ პრინციპებზე, ამ ეთიკურ ნორმებზე და თვითონ მაუწყებლების მიერ მოხდეს რეაგირება ეთიკური ნორმების დარღვევაზე.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG