Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე მსჯელობს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის გენერალ ბალუევსკის მიერ გაკეთებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ,

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განმუხტვა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ უნდა იყოს - შეგახსენებთ: რუსეთში აკრედიტებულ უცხოეთის სამხედრო ატაშეებთან შეხვედრისას გენერალმა ბრძანა, რომ რუსეთს აშფოთებს საქართველოს, ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო გეგმები. როგორც რუსეთის გენშტაბის უფროსმა განაცხადა, უკანასკნელ ხანებში საქართველო, სამხედრო განვითარების თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერად იქცა, რაც, კრემლის აზრით, აძლიერებს ვერსიას თბილისის მხრიდან აჯანყებული რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოყენების მზადების შესახებ.

მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთბრალდებების პოლიტიკა გრძელდება. 19 დეკემბრის ინტერნეტგამოცემა ”სტრანას” ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების ანტირუსულ პოლიტიკას ოფიციალური თბილისის სავიზიტო ბარათი უწოდა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება - ეს რუსული მხარის არჩევანი არ არის. “სამწუხაროდ, - ნათქვამია მის განცხადებაში, - ჩვენ მიერ მეგობრობისთვის გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ამწვავებდა ურთიერთობებს რუსეთთან.” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასე ჟღერს: ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სახელმწიფოს ეფექტური მართვისთვის აუცილებელია რეალიზმი და პასუხისმგებლობა, აღებული ვალდებულებების შესრულება - მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების კუთხით; საჭიროა აგრეთვე მიღებული წესების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას. გამოცემა ”სტრანას” ცნობით, ლავროვმა რუსეთსა და საქართველოს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ კულტურულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

”ე.წ. დასვენება დეპორტაციის წინ” - ასეთი სათაურით აქვეყნებს 18 დეკემბრის გაზეთი ”ნოვიე იზვესტია” რეპორტაჟს მოსკოვის განმანაწილებლიდან, საიდანაც დეპორტაციას ის ადამიანები ელიან, ვისაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები უკანონო მიგრანტებს უწოდებენ. გაზეთის კორესპონდენტმა, მცდელობის მიუხედავად, თავად განმანაწილებლის შენობაში ვერ შეაღწია - ამისთვის სპეციალური ნებართვა ყოფილა საჭირო, რომელსაც ყველას არ აძლევენ. როგორც გაზეთს განუცხადა ორგანიზაცია ”მემორიალის” წევრმა სვეტლანა განუშკინამ, მან ერთხელ შეაღწია განმანაწილებელში და მისთვის ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა: ”ადამიანებს საშინელ პირობებში ამყოფებენ. მას შემდეგ, რაც განმანაწილებელში ქართველ მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა, დაკავებულებს უკვე საკვებიც არ ჰყოფნიდათ. პრაქტიკულად, ისინი შიმშილობდნენ,” - ამბობს ”მემორიალის” წარმომადგენელი. განმაწილებელში საკვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენელი დავით ბერიტაშვილიც, რომლის თქმითაც, დაკავებულების ახლობლებს უფლებას არ აძლევდნენ ოჯახის წევრებისთვის საკვები გადაეცათ. რუსეთში საქართველოს კონსული ზურაბ პატარაძე კი სანკტ-პეტერბურგის განმაწილებელში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. კონსულის განცხადებით, ცნობილია შემთხვევები, როცა სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გადაყვანისას ადგილობრივი მილიცია დეპორტირებულების მიმართ ელექტროშოკს იყენებდა.

”ამის დავიწყება და პატიება წარმოუდგენელია,” - წერს გაზეთი და მკითხველს აცნობებს, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს რუსეთის მისამართით, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისას ადამიანის აღიარებული უფლებები დაარღვია.
XS
SM
MD
LG