Accessibility links

logo-print

20 დეკემბერს ”შაჰ-დენიზის'' საბადოდან გაზის მოპოვება და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ექსპლუატაცია დაიწყება


19 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 დღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტიდან საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის გამოყოფაზე მიღწეული შეთანხმების საბოლოო გაფორმებაა. 20 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი თავად ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ექსპლუატაციის დაწყება, გაზსადენისა, საიდანაც საქართველო რუსეთის გაზის ალტერნატიულ ბუნებრივ აირს მოელის. მე შევეცადე გამერკვია, მოხერხდა თუ არა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დამატებითი მოცულობის გაზის ფასზე საბოლოო შეთანხმება.

საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში გამგზავრებამდე საინფორმაციო სააგენტოებმა, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის ნატიკ ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ჯერაც ვერ შეთანხმდნენ ”შაჰ-დენიზის” საბადოს გაზის განაწილების პრინციპებსა და ფასზე. ალიევის კომენტარიდან:

"ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ საქართველო მომდევნო წლებში შეძლებს თურქეთისთვის ვალის დაბრუნებას. ამ მხრივ, ოფიციალურ თბილისს ჯერჯერობით არ გააჩნია პრაქტიკული გეგმა, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის გაზმომარაგება."

როგორც ცნობილია, ამ დღეებში ბაქოში სამი ქვეყნის ექსპერტები თურქეთის კვოტიდან საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის რაოდენობაზე, მის ფასსა და ვალის დაბრუნების მექანიზმებზე მსჯელობდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთი მზადაა საქართველოს 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი დაუთმოს, თუმცა დღემდე გაურკვეველი რჩება, როგორ მოხდება ამ გაზის საფასურის გადახდა - საბაზრო ღირებულების შესაბამისად თუ ნატურის სახით. ენერგეტიკული საკითხების ექსპერტის გია ხუხაშვილის კომენტარი:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ითქვა, უბრალოდ, ზეპირად, რომ ჩვენ ამ გაზს დაგიბრუნებთ, თუმცა არანაირი სქემა არ იყო წარმოდგენილი - როგორ, საიდან და რანაირად, რა გზებით დაუბრუნებენ თურქეთს. ანუ აბსოლუტურად არასერიოზული და არაკომპეტენტური იყო ქართული მხარე ამ მოლაპარაკებებზე.”(სტილი დაცულია)

ბაქოში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ალეკო ხეთაგური წარმოადგენდა. მე მასთან სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ - ხეთაგურმა მოუცლელობა მოიმიზეზა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კი უარყოფს ბაქოში მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს და აღნიშნავს, რომ გაზის განაწილების საკითხებზე მოლაპარაკებები თურქეთში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, გაგრძელდება. დელეგაციის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ირწმუნება, რომ ანკარაში ყველაფერი გადაწყდება და საქართველო 2007 წლის პირველი იანვრიდან გაზის გარეშე არ დარჩება:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”იმედი მაქვს, რომ ანკარაში ვიზიტის დროს მოვახერხებთ პრინციპული პრობლემის გადაწყვეტას საქართველოსთვის და საქართველო ზამთარში უზრუნველყოფილი იქნება ენერგომატარებლებით. ჩვენ ყველა ინდიკაცია გვაქვს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რომ ის მოთხოვნა, რომელიც გააჩნია საქართველოს, იქნება უზრუნველყოფილი.”(სტილი დაცულია)

პირველი იანვრის წინ, როდესაც “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურება, თურქეთი და აზერბაიჯანი რომ საქართველოს გაზის გარეშე არ დატოვებენ, ეს გია ხუხაშვილსაც სჯერა:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”დახმარების ხელს გამოგვიწვდიან, მაგრამ... მე დღეს არ მინდა ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ უნდა დაისვას იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში იცოდნენ, რომ ფასები მოიმატებდა და სიტუაცია შეიყვანეს ასეთ ჩიხში, ასეთ ცაიტნოტურ მდგომარეობაში, როდესაც 11 დღით ადრე ქვეყანას არა აქვს ხელშეკრულება არც ერთ გრამ გაზზე.”(სტილი დაცულია)

ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან, რომლის ექსპლუატაცია 20 დეკემბერს უნდა დაიწყოს, საქართველო წლის ბოლომდე 10 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. 2007 წელს გარანტირებული გაზის სახით საქართველოს 250 მილიონი ეკუთვნის.

დამატებითი მოცულობის სახით კი, თურქეთის კვოტიდან საქართველო, სავარაუდოდ, 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ეს, ჯამში, მილიარდ 50 მილიონს შეადგენს. სულ საქართველოს მომავალ წელს დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG