Accessibility links

logo-print

საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების ფასი და სხვა დეტალები ჯერაც გაურკვეველი რჩება


2007 წლის 1 იანვრიდან საქართველოს გაზით მომარაგების საკითხი ჯერაც ბურუსითაა მოცული. ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტში

თურქეთის კუთვნილი გაზიდან საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის გამოყოფის შესახებ პრინციპული თანხმობა არსებობს, თუმცა ჯერაც გაურკვეველია გაზის საფასურის საკითხები. თურქეთისთვის გაზის უკან დაბრუნების მექანიზმებზე შეთანხმებას თურქეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის დელეგაცია და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობენ. როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდის მიიღებს საქართველო რუსეთის ალტერნატიულ გაზს?

თურქეთში 3 დღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამს:

[სააკაშვილის ხმა] ”საქართველოსა და თურქეთის ძალისხმევამ ენერგეტიკა აქცია ჩვენი ხალხის დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან წყაროდ. ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, ეს არის შაჰ-დენიზის პროექტი.”

უფრო კონკრეტული იყო ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, რომელმაც განაცხადა, მოლაპარაკებათა ძირითადი თემა მხოლოდ ტექნიკური დეტალებიაო:

[ნიკა გილაურის ხმა] ”გაზის მიწოდების საკითხებზე აზერბაიჯანთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, თითქმის გადაწყვეტილია ფასის საკითხიც, აზერბაიჯანთან ირკვევა ტექნიკური ყოველდღიური მოწოდების საკითხები.”(სტილი დაცულია)

ნიკა გილაურმა ისიც აღნიშნა, რომ გაზის საფასური და მისი გადახდის მექანიზმი 21 დეკემბერს სტამბულში თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჟეპ ერდოანთან შეხვედრაზე გაირკვევა. მანვე უარყო რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თურქეთის კუთვნილი აზერბაიჯანული გაზი საქართველომ 250 დოლარად უნდა შეიძინოს:

[ნიკა გილაურის ხმა] “გასარკვევია კომპენსაცია თურქეთისთვის და განიხილება ელექტროენერგიის იმპორტი. თუმცა მოლაპარაკებების საბოლოო დეტალები თურქეთის პრემიერ-მინისტრთან უნდა შეთანხმდეს.”

როგორც გილაურის ნათქვამიდან ჩანს, ქართული მხარე თურქეთს სთხოვს დათანხმდეს, რომ საქართველომ ზაფხულში ჭარბი ელექტროენერგიით გაისტუმროს ზამთარში მოხმარებული გაზის საფასური.

ჯერჯერობით ამ ყველაფერზე თურქეთს თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ 2007 წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. აი, რა განაცხადა 20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე:

[ნოღაიდელის ხმა] ” ამ თვის, უფრო სწორად, ამ კვირის ბოლომდე დაიწყებს უკვე ფუნქციონირებას შაჰ-დენიზის გაზსადენი, ტექნიკურად დაიწყებს ფუნქციონირებას. საქართველოში დაიწყება გაზის მოწოდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გზაზე და, ბუნებრივია, მომავალ წელს საქართველოსთვის გაზის მთავარი წყარო აზერბაიჯანი იქნება.”

2007 წლიდან საქართველოში აზერბაიჯანული გაზი ნამდვილად შემოაღწევს, მაგრამ დააკმაყოფილებს თუ არა ეს მთლიანად საქართველოს მოთხოვნას, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან, რომლის ექსპლუატაცია 20 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რამდენიმე დღით გადაიდო, საქართველო წლის ბოლომდე 10 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. 2007 წელს კი გარანტირებული და დამატებითი მოცულობის გაზის ჯამი მილიარდ 50 მილიონს მიაღწევს, თუმცა საქართველოს მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად მილიარდ 800 მილიონი კუბური მეტრი გაზია საჭირო.
XS
SM
MD
LG