Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის მტკიცებით, კერძო ქონების უკანონო ჩამორთმევის პროცესს სულ უფრო მეტი ფაქტი ადასტურებს


”დემოკრატიული ფრონტი” პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და, მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერის იმედი არა აქვს, ამ საკითხზე მაინც მართავს კონსულტაციებს უმრავლესობასთან.


ირკვევა, რომ იაკობ შამათავას, რომელმაც კერძო საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით 19 დეკემბერს ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და მცხეთა-მთიანეთის რაიონის პროკურატურა მუქარაში დაადანაშაულა, ათეულობით მიმდევარი გამოუჩნდა. ძალადობის მსხვერპლი კერძო მესაკუთრეები თავიანთ ამბებს საგამოძიებო კომისიას მოუთხრობენ. თუკი უმრავლესობა უარს იტყვის, გამოძიების პროცესს სათავეში ”დემოკრატიული ფრონტი” ჩაუდგება - ასეთი განცხადება ფრაქციის წარმომადგენელმა კახა კუკავამ 20 დეკემბერს დღისით გააკეთა; საღამოს კი გავრცელდა ცნობა იაკობ შამათავას დაკავების შესახებ.

ვიდრე იაკობ შამათავას დააკავებდნენ, 1 საათით ადრე გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და შამათავა დოკუმენტების გაყალბებაში დაადანაშაულა:

(გიორგი ღვინიაშვილის ხმა) ”2005 წელს თავისი ბაბუის მოსახელე და მოგვარე იაკობ შამათავამ გააყალბა დოკუმენტები, თითქოს იგი იყო ის პიროვნება, რომელსაც ეს მიწა თავის დროზე გამოეყო (როდესაც ის იყო 14 წლის) და, ამ გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, უკანონოდ მიითვისა აღნიშნული მიწა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს პიროვნება იქნება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.” (სტილი დაცულია)

თაღლითობაში დადანაშაულება და დაკავება რომ ელოდა, ამის შესახებ თავად იაკობ შამათავა ჯერ კიდევ 19 დეკემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე საუბრობდა. მისი თქმით, ასე მას მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენლები დაემუქრნენ და ისიც უთხრეს, რომ გისოსებს მიღმა იმ შემთხვევაში აღმოჩნდებოდა, თუკი ის ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს საჩუქრად არ გადასცემდა. მუქარის ფაქტს მისი ადვოკატი აკაკი მარტოლეკიც შეესწრო:

(აკაკი მარტოლეკის ხმა) ”თაღლითობა მდგომარეობს იმაში, რომ ვითომ კობა შამათავას არ ერგებოდა პაპისგან მემკვიდრეობა. რაღაც აბსურდული მიზეზია ეს, რა... იგივე ლოგიკით, შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ კობა შამათავა დავიჭიროთ მკვლელობის მუხლით.” (სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც იაკობ შამათავამ 19 დეკემბერს საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, ”დემოკრატიულ ფრონტს” მსგავსი პრობლემით შევიწროებულმა რამდენიმე ათეულმა კერძო მესაკუთრემ მიმართა. ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელი კახა კუკავა ვარაუდობს, რომ შამათავას სითამამე სხვებისთვის სერიოზული ბიძგი აღმოჩნდა:

(კახა კუკავას ხმა) ”ცნობილი ფილმის არ იყოს - იყვირონ სხვებმა და ვიყვირებ მეცო... ახლა, ყველა ერთმანეთს უყურებს. ნამდვილად, ახლა ჩვენ ძალიან ბევრი გვიკავშირდება. ეს ადამიანები, განსხვავებით იმათგან, ვინც შარშან და შარშანწინ იქნა დარეკეტებული, არიან არა მეწარმეები, არა ჩინოვნიკები, არამედ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები არიან, წვრილი მესაკუთრეები არიან და მათ, ამ საკუთრების გარდა, რაიმე სხვა შემოსავლის წყარო არ აქვთ. ამიტომ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვირჩევნია ჩავჯდეთ ციხეში, მაგრამ ჩვენს შვილებს დავუტოვოთ რაღაცა ქონება...” (სტილი დაცულია)

კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ”დემოკრატიული ფრონტი” ამჯობინებს შევიწროებულმა კერძო მესაკუთრეებმა ჩვენებები სპეციალურ საგამოძიებო კომისიას მისცენ. საუბარია საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც ჯერ არ შექმნილა და რომლის შექმნაც კუკავას მიერ გახმიანებული ახალი ინიციატივაა:

(კახა კუკავას ხმა) ”თუკი უმრავლესობა არ დაეთანხმება, - და ჩვენ ვფიქრობთ, რომ, სავარაუდოდ, არ დაეთანხმება ასეთი კომისიის ჩამოყალიბებას, - ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამოუკიდებლად შევქმნით ასეთ საგამოძიებო ჯგუფს და საჯაროდ დავკითხავთ ყველა ამ ადამიანს. საზოგადოება პირდაპირ იხილავს, ტელევიზიით, ყველა ამ ადამიანის ჩვენებას, რომელსაც იძულებით ჩამოართვეს ქონება.” (სტილი დაცულია)

“დემოკრატიული ფრონტი” ვარაუდობს, რომ ოპოზიციას სწორედ ამ მეორე გზით მოუწევს სიარული. მით უმეტეს, თუკი გავიხსენებთ მტკიცე უარს, რომელიც ოპოზიციამ კონტროლის პალატის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ახლო წარსულში მიიღო. უმრავლესობა ასეთი კომისიების შექმნას რომ არ მიესალმება, ეს მისი წარმომადგენლის დეპუტატ ვახტანგ ბალავაძის კომენტარიდანაც კარგად ჩანს:

(ვახტანგ ბალავაძის ხმა) ”უნდა მოიტანონ ფაქტები, რა ფაქტები არსებობს ამისი და მერე უკვე შეიძლება ვიმსჯელოთ მიზანშეწონილობაზე. მე, საერთოდ, არ მიმაჩნია სწორად, რომ ყველაფერზე შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, იმიტომ რომ ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, “დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელი კახა კუკავა პირობას დებს, რომ კერძო ქონების ჩამორთმევის ყველა ფაქტი ბოლომდე იქნება გამოძიებული, ხოლო გენერალური პროკურორი, ეკონომიკის მინისტრი და დედაქალაქის მერი მოსვენებას დაკარგავენ:

(კახა კუკავას ხმა) ”ჩვენ უკვე იმდენი მტკიცებულებები გვაქვს, იმდენი დოკუმენტები გვაქვს, რომ შემიძლია შევპირდე ბატონ ადეიშვილსაც, ბატონ არველაძესაც, ბატონ უგულავასაც, რომ მშვიდი ძილის საშუალებას არც ერთს არ მივცემთ. ყოველდღე გვექნება ახალი ფაქტები და ვერავინ ვერ შეძლებს ამ სიტუაციის მიფუჩეჩებას და მიჩქმალვას. უკვე იყვნენ ჩემთან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. არის ძალიან დიდი ინტერესი და ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს ეს კამპანია.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG