Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის პრესკონფერენცია: აშშ-ის სამხედრო ძალები შესაძლოა, გაიზარდოს


გასული 6 წლის მანძილზე დონალდ რამსფელდი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რანგში - აქცენტს აკეთებდა თანამედროვე ტექნოლოგიასა და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაზე,

რათა შეძლებისდაგვარად მცირე ყოფილიყო ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი. მაგრამ რამსფელდი თავდაცვის მინისტრის პოსტს გამოეთხოვა და ახლა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სტრატეგიის შეცვლაზე ფიქრობს. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა აშშ-ის სახმელეთო ძალების გაზრდაზე ილაპარაკა.

კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ახსენა სურვილი, გაიზარდოს ჯარისკაცების რიცხვი შეერთებული შტატების არმიაში და საზღვაო ქვეითთა ძალებში. საუბარი შეეხო ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის დროებით გაზრდასაც, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და თავდაცვის ახალ მინისტრ რობერტ გეიტსს სთხოვა ამ საკითხში რჩევა, რომელსაც, მოელის, რომ შეძლებისდაგვარად მალე მიიღებს კიდეც. ამჟამად რობერტ გეიტსი ერაყშია ჩასული და ამერიკელ სარდლებთან აწარმოებს მოლაპარაკებას ამ და სხვა საკითხებზე.

პრეს-კონფერენციაზე ჯორჯ ბუშს ჰკითხეს, სწორი იყო თუ არა რამსფელდი, როცა უფრო მომცრო, მოქნილი შეიარაღებული ძალების კონცეფციას ემხრობოდა. აი, ბუშის პასუხი ამ შეკითხვაზე:

[ჯორჯ ბუშის ხმა] “თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დონალდ რამსფელდმა პენტაგონში რამდენიმე არსებითი ცვლილება განახორციელა და მე მათ გადაჭრით ვემხრობი. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამით არმიისა და საზღვაო ქვეითების მომძლავრება ბრკოლდება. ჯარის გაძლიერება კი იმიტომ მგონია მიზანშეწონილი, რომ - რამდენადაც ვხვდები - დიდხანს მოგვიწევს ბრძოლა რადიკალებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ.”

ერაყის ახალ სტრატეგიას ჯორჯ ბუში, მისივე თქმით, ახალი წლის შემდეგ წარმოადგენს: როგორც იუწყებიან, პრეზიდენტი ემხრობა ერაყში მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას დროებით, მაშინ როცა სამხედრო სარდლები სკეპტიკურად არიან განწყობილი უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ კიდევ უფრო დაიტვირთება ძალები, ისედაც ორ ფრონტზე რომ არიან განაწილებული: ერაყსა და ავღანეთში.

კიდევ ერთი საყურადღებო შეკითხვა, რომელიც ოთხშაბათს, ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაუსვეს ჯორჯ ბუშს: რა დასკვნები გამოიტანა მან ერაყიდან, რომელიც შესაძლოა ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად გამოდგეს? ამ კითხვაზე პასუხში პრეზიდენტმა ერაყელ სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება ახსენა - დაპირისპირება, რომელსაც ზოგი სამოქალაქო ომადაც კი მოიხსენიებს.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ცხადია, ამ ომის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც მცდარად წარიმართა, აღმსარებლობის ნიადაგზე ძალადობაა ბაღდადში: ძალადობრივი ურთიერთდაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის, რამაც მრავალი სიცოცხლე შეიწირა (...) ეს არის შემაშფოთებელი, ძალიან შემაშფოთებელი ასპექტი, რომლის წარმატებით მოგვარებაში ერაყის მთავრობას ხელი უნდა შევუწყოთ”.

პრეზიდენტმა ბუშმა იქვე დასძინა, რომ ერაყის ლიდერებს სთხოვს უფრო აქტიურ მოქმედებას მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ორი კვირის წინ, 6 დეკემბერს, გავლენიანი ექსპერტების კომისიამ გამოთქვა რეკომენდაცია, რომ ერაყის სტაბილიზაციის მისაღწევად მიზანშეწონილია, ვაშნიგტონის ადმინისტრაციამ პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს ირანთან და სირიასთან. ამ რეკომენდაციას პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დადებითი გამომხმაურება არც მაშინ მოჰყოლია და მან დღესაც აღნიშნა, რომ არ აპირებს ირანთან მოლაპარაკებას, ვიდრე ის არ შეწყვეტს ბირთვულ პროგრამას.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ირანელ ხალხს მინდა ვუთხრა: თქვენ იმაზე მეტს იმსახურებთ, ვიდრე გყავდეთ ხელისუფლება, რომელიც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობს; რომელმაც ვერ შეძლო თქვენი ეკონომიკის გაძლიერება და რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს - იარაღისა, რომელიც, მსოფლიოს აზრით, არ უნდა გქონდეთ.”

დაბოლოს, რაც შეეხება სირიას. მასთან მოლაპარაკებაც, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია, სანამ სირია განაგრძობს ჩარევას მეზობელი ლიბანის საშინაო საქმეებში და არ წყვეტს ისეთი ორგანიზაციის მხარდაჭერას, როგორიც არის “ჰიზბოლაჰი” - გასამხედროებული ჯგუფი, რომელსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG