Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს” გამჭვირვალობას უწუნებს


არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისთვის” “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის” შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.



ანგარიშის ავტორებს სერიოზული პრეტენზიები აქვთ ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს” მიმართ. თუმცა ფონდის ამერიკელი დირექტორი აღფრთოვანებულია მუშა ჯგუფის საქმიანობით და მიაჩნია, რომ პროგრამის მიმდინარეობის გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს. რატომ არის არსებითი “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” მიმდინარეობის სრული გამჭვირვალობა?

2005 წლის აგვისტოში შეერთებული შტატების “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს მიერ წარდგენილი ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ღირებულება 295 მილიონ დოლარს აჭარბებს. პროგრამის ორ ძირითად კომპონენტს ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და საწარმოთა განვითარება წარმოადგენს. პროგრამის უნიკალურობა ის არის, რომ შეერთებული შტატები ეხმარება ქვეყანას ამ ქვეყნის მთავრობის მიერვე წარდგენილი პრიორიტეტების დაფინანსების გზით. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 102 მილიონ დოლარზე მეტი - სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, 60 მილიონი – რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, 49,5 მილიონი კი - ენერგოსექტორის რეაბილიტაციას.

პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი კოალიციამ “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისთვის” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით განახორციელა. კოალიციის კოორდინატორმა ირინა ლაშხმა უმთავრეს პრობლემად ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოსგან” (ემ-სი-ჯისგან) დეტალური ინფორმაციის მიუღებლობა დაასახელა:

[ლაშხის ხმა]
“ჩვენი მონიტორინგის პირველ ეტაპზე საკმაოდ გართულდა “ემ-სი-ჯისგან” დეტალური ფინანსური და სამოქმედო გეგმების მიღება იმ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ხაზს ვუსვამ დეტალურ ფინანსურ და სამოქმედო გეგმებს.”

“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” წარმომადგენელი კოლინ ბაკლი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ გამჭვირვალობის მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს, რადგან გამჭვირვალობა გულისხმობს ინფორმაციის გავრცელებას არა გეგმების, არამედ უკვე შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯების თაობაზე. ამ თვალსაზრისით კოლინ ბაკლი აღფრთოვანებულიც კია “ემ-სი-ჯის” მუშაობით:

[ბაკლის ხმა]
“ჩვენი გაგებით, გამჭვირვალობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს როგორ დაიხარჯა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა და არა ის, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ის მომავალში. მიმაჩნია, რომ “ემ-სი-ჯიმ” შესანიშნავად შეასრულა ეს ამოცანა. არსებობს ინტერნეტგვერდი, რომელზეც განთავსებულია დოკუმენტური ინფორმაცია თითოეულ შესყიდვაზე.”

კოლინ ბაკლის აგრეთვე მიაჩნია, რომ ფინანსური გეგმების გზადაგზა ცვლაშიც არაფერია დასაძრახი.

“ეკონომიკური კვლევის ცენტრის” პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა განმარტავს, რომ პროგრამის მონიტორინგი და გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, რომლის დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში მიღებული თანხა წარმოადგენს და ამ თანხის ცვლა იწვევს მნიშვნელოვან ცვლას ბიუჯეტში:

[უგულავას ხმა]
“მაინტერესებს ქართველი ხალხი რითი განსხვავდება ამერიკელი ხალხისგან ისე, რომ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რაში უნდა დაიხარჯოს ფული და ამერიკაში, აი, ბეისბოლის სტადიონი უნდა აშენებულიყო თუ ამერიკული ფეხბურთის, რეფერენდუმი ჩატარდა. და ჩვენც რაღაცნაირად გვინდა, რომ ვიცოდეთ ეს თანხა სად დაიხარჯება, იმიტომ რომ მაინც ეს არის ჩვენი ბიუჯეტის თანხა, ეს არის ჩვენი თანხა, სახელმწიფოს თანხაა და გვაქვს ეს ინტერესი, რომ ვიცოდეთ როგორ დაიხარჯება.”(სტილი დაცულია).

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისთვის” ჰპირდება “ემ-სი-ჯის”, რომ მომავალშიც გულდასმით დააკვირდება “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს და პროგრამის მუშა ჯგუფს სრულყოფილ თანამშრომლობას სთავაზობს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG