Accessibility links

logo-print

ქართული პრესა ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის, გამოღვიძებული დათვისა და ”ლაჩარი” ბიზნესმენების შესახებ


21 დეკემბერს გამოსული ქართული გაზეთების მთავარი თემაა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მიერ ჩატარებული ერთობლივი მასშტაბური ანტიკრიმინალური სპეცოპერაცია.



გაზეთ ”რეზონანსის” თანახმად, 18-დან მალე, შესაძლოა, 100-მდე გაიზარდოს იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ქურდული სამყაროსთვის თანხების შეგროვებას უკეთებდნენ ორგანიზებას. ”არსებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტებისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ სპეციალური ოპერატიული ღონისძიების ჩატარება იგეგმებოდა სამეგრელოშიც, თუმცა ინფორმაციის გაჟონვის გამო ეს დროებით გადაიდო”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”. გაზეთი ასევე აქვეყნებს უფლებათდამცველ ნანა კაკაბაძის კომენტარს, რომელშიც ნათქვამია, რომ ”ასეთი ოპერაციები უფრო დაშანტაჟებისა და დამუქრების ხასიათს ატარებენ და გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოება დააშინონ.”

გაზეთი ”24 საათი” კი აქვეყნებს ამერიკული გამოცემა ”ამერიკენ სინქერის” პუბლიცისტის ჯერემი შარონის ვრცელ სტატიას, სათაურით ”დათვმა გამოიღვიძა”, რომელშიც საუბარია რუსეთის მცდელობაზე ”დერჟავული” მეთოდებით აღიდგინოს დაკარგული გავლენა მეზობელ ქვეყნებზე. ”რუსეთი მსოფლიო არენაზე მრავალ სფეროში ინარჩუნებს სიძლიერეს; ამასთან, მოსკოვი წარმოჩნდება ისეთი საერთაშორისო მოძრაობის დასაყრდენად, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის გავლენასთან ბრძოლას. ნათელია, რომ ის აქტიურად ახორციელებს ძველი სიძლიერის აღდგენის გეგმას და თავის გამხრწნელ ზეგავლენას აზიასა და სხვა რეგიონებზე ავრცელებს. გაუგებარია ერთი რამ - სურს თუ არა დასავლეთს გამოღვიძებული დათვის მოთოკვა. და თუ სურს, როდის? ” კითხვას სვამს ჯერემი შარონი ყოველდღიურ გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ამავე გაზეთში თურქეთში მყოფ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ”ჩაღლარის” დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მესუთ ბოზქირი. ბატონი ბოზქირი ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილს 2006 წელს ”აღმოსავლეთ ევროპის წლის ადამიანის ტიტული” ერგო და რომ თურქი ხალხი მის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას გამოხატავს.

პრეზიდენტ სააკაშვილის დაბადების დღეს ეხმაურება გაზეთი ”ალიაც”, თუმცა პუბლიკაციაში, სათაურით ”უნდა სააკაშვილს რევოლუცია? მიიღებს”, გატარებულია აზრი, რომ ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად რევოლუციას მოუწყობდა პრეზიდენტ სააკაშვილს. ”ოპოზიციონერი მიშა აუცილებლად დაემუქრებოდა პრეზიდენტ მიშას დაჭერით, თუნდაც მარტო სხვათა და სხვათა საკუთრების ხელყოფის, სასამართლოებზე განხორციელებული ზეწოლების, ბიუჯეტის არადანიშნულებისამებრ ფანტვის გამო,” - წერს 21 დეკემბრის გაზეთი ”ალია”.

კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე ვრცლად წერს გაზეთი ”ახალი თაობაც”. შევჩერდებით ორიგინალურ იდეაზე, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერს ირაკლი წერეთელს ეკუთვნის. სტაჟიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიზნესმენებს, რომლებმაც ქონება ხელისუფლებას გადასცეს, მკაცრად ამუნათებს და ასეთი წინადადებით გამოდის: ”მეწარმეების, რომლებმაც ხელისუფლებას საკუთარი წარმოებები აჩუქეს, სახელები და გვარები თბილისის ქუჩებში უნდა გამოვაკრათ, როგორც ლაჩარი მონებისა და მოღალატეების,” - წერს ირაკლი წერეთელი გაზეთ ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG