Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბა


21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბა.



საშემოდგომო სესიის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ დეპუტატებს განსახილველი დარჩათ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის - 2007 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის დამტკიცება.

პარლამენტის რიგგარეშე სესია 12 საათზე საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

[ჰიმნი]

ჰიმნის მოსმენის შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის სახელით, დაბადების დღე მიულოცა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „მე მინდა თქვენთან ერთად ვუსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირადად მისთვის, არამედ სრულიად ქვეყნისათვის, არამედ საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი დღისათვის.“

საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი დღისათვის ასევე მნიშვნელოვნია 2007 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რასაც, თუ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს დავით გამყრელიძეს დავუჯერებთ, კანონპროექტში შეტანილი უამრავი ცვლილება აფერხებს:

[დავით გამყრელიძის ხმა] „ჩვენი ფრაქცია ითხოვს, რომ ვიდრე კენჭი ეყრება, განხილვა ჩატარდეს ჩვეულებრივი ფორმატით. იმდენად ბევრი ცვლილება შევიდა, რომ საჭიროა მოვუსმინოთ პრემიერ-მინისტრს, მოვუსმინოთ მთავრობას და ფრაქციებმა და დეპუტატებმა ჩვენი აზრი გამოვთქვათ.“

ოპოზიციის ამ მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე გაგებით მოეკიდა და ბევრისთვის მოულოდნელად განაცხადა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „პრემიერ-მინისტრი აუცილებლად მოვა. ის მზად არის, რომ განხილვის დროს თვითონ წარმოადგინოს ბიუჯეტი და ფრაქციებსაც გექნებათ საშუალება თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით ეს ასე არ არის გათვალისწინებული, ჩვენ ვთანხმდებით, რომ, შეტანილი ცვლილებების მასშტაბის გათვალისწინებით, განვიხილავთ ჩვეულებრივი წესით.“

თუმცა 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვამდე დეპუტატებმა კენჭი დღის წესრიგში შეტანილ რამდენიმე ათეულ კანონპროექტს უყარეს. ამ დროისთვის სხდომას უკვე ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უძღვებოდა.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „სამწუხარო ამბავი მოვიდა თურქმენეთიდან. გარდაიცვალა თურქმენბაში და ვუსამძიმრებთ თურქმენ ხალხს.”

სამძიმრის გამოცხადების შემდეგ მიხეილ მაჭავარიანმა ტრიბუნასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიწვია. რომან გოცირიძე დეპუტატების წინაშე 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების მიმოხილვითა და წლიური ანგარიშით წარდგა:

[რომან გოცირიძის ხმა] „ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები გუშინწინ გახდა 809 მილიონი და დღეს ეროვნული ბანკი და მის მიერ წარმოებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, საბანკო ზედამხედველობა და საბანკო სისტემა არის მდგრადი და ჯანსაღი ისე, როგორც არასოდეს. ამის განცხადება შემიძლია თამამად და ყველანი იყავით მშვიდად: ლარი იქნება მყარი და იქნება სტაბილური.“

რომან გოცირიძემ ინფლაციის შემცირების შესახებაც ილაპარაკა. თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარემ შემდეგი მოსაზრება დაუპირისპირა:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „ინფლაცია შემცირდა. იყო 14,5 პროცენტი და მართლა შემცირდა, მაგრამ გინდათ გითხრათ რატომ შემცირდა? ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკი გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. ის გაუშვით, ვინც რეალობა აღრიცხა, ამან კი ისე გაიანგარიშა, როგორც მთავრობას უნდოდა. აი, ამან შეამცირა ინფლაციის მაჩვენებელი.“

უნდა ითქვას, რომ 21 დეკემბრის სხდომაზე დეპუტატები მხოლოდ კანონპროექტების განხილვით შემოიფარგლნენ, საქმე კენჭისყრამდე არ მისულა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და, შესაბამისად, კენჭისყრაც უახლოეს სხდომებზე გაიმართება:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „ბიუჯეტს განვიხილავთ მომავალ კვირას. მინდა ყველა კოლეგას ვთხოვო, რომ არ დაგეგმონ 26 და 27 დეკემბერი და ხვალინდელი დღე ისე, რომ ხელი შეეშალოთ მუშაობაში. გაითვალისწინეთ, რომ მინიმუმ სამი პლენარული სხდომა გვაქვს ჩასატარებელი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG