Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაური გარდაიცვალა


21 დეკემბერს, დილით, გარდაიცვალა “თურქმენბაში”- ყველა თურქმენის მამამთავრად წოდებული, თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაური საფარმურატ ნიაზოვი.

მან დიდხანს და მტკიცე ხელით მართა თავისი ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც სტაბილურობა მოუტანა.

დაიბადა საბჭოთა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში. მამა კავკასიის ფრონტზე დაეღუპა 42-ში, დედა და ძმები - მიწისძვრისას,1948-ში. ობოლ ბავშვთა სახლში მოხვდა, მოგვიანებით ნათესავებთან იზრდებოდა. 22 წლისა კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და უკვე 1967-ში ლენინგრადის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. მშობლიურ თურქმენეთში დაბრუნებულმა, კომპარტიის ბიუროკრატიულ კიბეზე წარმატებული სვლა დაიწყო. 1985 წლიდან სულ მოკლე ხანში განვლო გზა მოსკოვში კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორობიდან თურქმენეთის საბჭოთა რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობამდე და მალევე უმაღლესი პოსტი - ცეკას პირველი მდივნის თანამდებობა - დაიკავა. მიხაილ გორბაჩოვის რეფორმისტულ გარდაქმნას ნიაზოვი ცივად შეხვდა. 1991-ში გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილ პუტჩს მიემხრო, მაგრამ მალევე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თურქმენეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. და ეს საშუალო გაქანების პარტიული ფუნქციონერი დამოუკიდებელი ქვეყნის ყველა სადავეს სწრაფად და მტკიცე ხელით დაეპატრონა. მალევე საპრეზიდენტო არჩევნები (ამ ქვეყანაში დღემდე უკანაკნელი) მოაწყო და მოგვიანებით მარადიულ მეთაურად, თურქმენბაშად, გამოაცხადა თავი.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ვკითხე, ღირს თუ არა სტაბილურობა იმის ფასად, რა მდგომარეობაცაა, მოქალაქეთა უფლებების მხრივ, ამჟამად თურქმენეთში.

(შევარდნაძის ხმა) “სტაბილურობის მიღწევა ყოველგვარი მსხვერპლის ფასად ღირს. მე არ ვიცი მისი მუშაობის სტილი, მისი მუშაობის მეთოდები. ამბობენ, რომ ცოტა მკაცრი კაცი იყო, მომთხოვნი იყო და ქვეყანაში ჰქონდა მტკიცე დისციპლინა. ალბათ, ცოტა ეშინოდათ კიდეც ვიღაც-ვიღაცეებს. მაგრამ ქვეყანაში რომ წესრიგი დაამყარა, ააშენა ამხელა სახელმწიფო, დედაქალაქი დაამშვენა, ეს ყველაფერი ხომ ანგარიშგასაწევია.”

ედუარდ შევარდნაძემ ისიც გვიამბო, თუ როგორ გაუწოდა ნიაზოვმა საქართველოს დახმარების ხელი საწვავით 90-იანი წლების მძიმე პერიოდში. ნიაზოვის მმართველობა ებრძოდა არა მარტო სხვაგვარად მოაზროვნეებს, არამედ ყველას, ვინც შეიძლებოდა სხვაგვარად მოაზროვნე გამხდარიყო.

ნიაზოვი ერთ-ერთ გამოსვლაში ამბობს, ჩვენ ყველაფერზე თვალი უნდა გვეჭიროს - ბანკებზე, რადიო-ტელევიზიაზე... თუკი სადმე ჩუმად ბუზი ბზუის, ესეც უნდა ვიცოდეთო.

(ნიაზოვის ხმა)

ის საკუთარ იდეებზე აგებდა საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს. მისი “რუჰნამა”, “სულის წიგნი”, ქვეყნის განათლების სისტემის ნორმად გამოცხადდა. მეგალომანიით შეპყრობილი ნიაზოვი, ამავე დროს, ქვეყნის სიმდიდრის ხალხისთვის მოხმარებას ცდილობდა. უფასო გახდა მარილი, ელექტროენერგია, გაზი. ამის ფონზე კი იუწყებიან, რომ გამეფებულია უსაზღრო კორუფცია, ჯანდაცვის სისტემა ვერ მუშაობს, ხოლო განათლება ერთი პიროვნების კულტზეა დამყარებული.

ნიაზოვი ცდილობდა, საზოგადოება მთლიანად საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია და წვრილმანებამდე ემართა ადამიანების ცხოვრება - ვთქვათ, ქალიშვილებისთვის კოსმეტიკის ჭარბად ხმარებაც კი აეკრძალა... თურქმენბაშის სახელთანაა დაკავშირებული ასევე ოპერისა და ბალეტის აკრძალვა.

როგორ განვითარდება ახლა, ნიაზოვის სიკვდილის შემდეგ, 5 მილიონიანი თურქმენეთი, ძნელი სათქმელია. სურვილს გამოთქვამენ, რომ იქ სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული. აი, რა ვარაუდს გამოთქვამს შუა აზიის ექსპერტი ანეტ ბორი, ანალიტიკოსი, რომელიც ლონდონში, “ჩეტჰემ ჰაუსის” კვლევით ცენტრში, მუშაობს:

(ბორის ხმა)
“ყველაზე შესაძლებელი სცენარი, ალბათ, ისაა, რომ თურქმენეთი კვლავაც დარჩება არადემოკრატიულ ქვეყნად თვალმისაწვდომ მომავალში. იქ, უბრალოდ, არ არის მარცვალი, რომელიც დღეს შეძლებდა, ამ მხრივ, აღმოცენებას.”

უცხოეთში მცხოვრები თურქმენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უკვე გეგმავენ შინ დაბრუნებას და თავიანთი სტრუქტურების ამოქმედებას. რესპუბლიკური პარტიის აქტივისტმა პარახად იკლიმოვმა “როიტერს” უთხრა, რომ საკუთრივ თურქმენეთში არ არის ოპოზიცია, ის ციხეშია ან შინა პატიმრობაში, მაგრამ ემიგრაცია არსებობს და უკან დაბრუნდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG