Accessibility links

logo-print

პარლამენტის უმრავლესობა და ოპოზიცია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე ვერ თანხმდება


საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის მეორე სხდომაზე რამდენიმე ათეულ საკითხთან ერთად განიხილა კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შექმნის შესახებ

და კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი. დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს საგადასახადო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტისა და ფინანსური პოლიციის გაერთიანებასა და მათ საფუძველზე ერთიანი შემოსავლების სამსახურის შექმნას. კამათი გამოიწვია კონსტიტუციის ძირითად პუნქტებში შესატანი ცვლილებების განხილვამ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების ერთდროულად ჩატარება, რასაც ასევე ითვალისწინებს ცვლილებათა პროექტი, ერთადერთ მიზანს - ძალაუფლების შენარჩუნებას - ემსახურება. აქვე უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ექსპერტიზა ჩაუტარა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამაც, რომლის დასკვნა 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გავრცელდა.

დეპუტატებმა კანონპროექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს, მეორე მოსმენით მიიღეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა გოცირიძემ განმარტა, რომ ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების შერწყმით, შეიქმნება შემოსავლების სამსახური, რომელმაც სამივე ზემოხსენებული დაწესებულების ფუნქციები უნდა შეითავსოს, თუმცა გოცირიძის თქმით, ახალ სამსახურსა და ფინანსურ პოლიციას შორის იქნება თვისებრივი განსხვავება:

[ლაშა გოცირიძის ხმა] „დაზუსტდა შემოსავლების სამსახურის უფლება-მოვალეობები. სამსახური არ არის სამართალდამცავი სტრუქტურა, თუმცა სამსახურის ცალკეულ ერთეულებს გააჩნიათ სამართალდამცავთა მატარებელი ფუნქცია.“ (სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციის გამყარებას ემსახურებოდა უმრავლესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის, გამოსვლა:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] "ფინანსური პოლიციის უფლებებით აღჭურვილი არც ერთი ელემენტი არ აწარმოებს შემოწმებას, ვიდრე საქმეს საგადასახადო ორგანო არ შეისწავლის, თუმცა კონტრაბანდა და ტვირთების მოძრაობის კონტროლი არ იქნება საგადასახადო ინსპექტორის ფუნქცია."

თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ხედვას არ იზიარებს ოპოზიცია. ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, დარწმუნებულია, რომ პროექტით გათვალისწინებული შემოსავლების სამსახური მეწარმეთა ხვედრს დიდად ვერ შეამსუბუქებს:

[კახა კუკავას ხმა] "ის პრობლემა, რომ საქართველოში მიმდინარეობს უხეში ადმინისტრირება, მიმდინარეობს მეწარმეთა რეკეტი ფისკალური სამსახურების მხრიდან, ეს არ არის მოგონილი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ კანონპროექტის ინიციატორი არის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მარტ ლაარი, რომელმაც პრეზიდენტს ზაფხულში ურჩია ფინანსური პოლიციის გაუქმება. ამ კანონპრექტის მიხედვით, არ არის წარმოდგენილი არანაირი ცვლილება დღეს მოქმედ სისტემაში, გარდა სახელწოდებისა."

კახა კუკავა და მისი ოპოზიციონერი კოლეგები კიდევ უფრო მძაფრად აკრიტიკებდნენ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის განხილვა პარლამენტმა შესვენების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, დაიწყო. საქმეს ვერც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ექვსგვერდიანმა დასკვნამ უშველა. უცნაურია, მაგრამ მხარეებმა ერთი და იგივე დოკუმენტი სხვადასხვაგვარად წაიკითხეს. დავით ბაქრაძისა და კახა კუკავას კომენტარები:

[დავით ბაქრაძის ხმა] "ვფიქრობ, დასკვნა ძალიან ნორმალურია. დასკვნაში ცალსახად არის მთავარი შეფასება, რომ ყველა ცვლილება არის სწორი და წინგადადგმული ნაბიჯი. არის იქ ვენეციის კომისიის თხოვნა, რომ დაზუსტდეს რამდენიმე დეტალი, რომ მოტანილი იყოს რამდენიმე დამატებითი დეტალი, რასთანაც დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ისე, როგორც ეს წინასწარ იყო გაცხადებული." (სტილი დაცულია)

[კახა კუკავას ხმა] "კრიტიკული დასკვნაა! პრაქტიკულად იმეორებს ყველა იმ არგუმენტს, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით ხელისუფლებასთან დებატებში. მითითებულია, რომ თუკი 2008 წელს ჩატარდება ეს არაორდინალური არჩევნები, მაშინ უნდა ჩატარდეს 2008 წლის აპრილამდე და არა დეკემბრამდე. მეორე საკითხი: თუკი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები ტარდება ერთდროულად, ეს უნდა იყოს ზოგადი წესი და არ უნდა ხდებოდეს ცალკეულ სიტუაციაზე მორგება." (სტილი დაცულია)

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების უცვლელად დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები 2008 წლის 1 სექტემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება, მაშინ როცა 5 წლით არჩეულ მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ვადა 2009 წლის იანვარში, ხოლო პარლამენტს 2008 წლის აპრილში ეწურება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.
XS
SM
MD
LG