Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 675-ე გამოშვება


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს გავაგრძელებთ საუბარს საქართველოს კონსტიტუციის გარშემო მიმდინარე დისკუსიაზე; შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ არის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური ქვეყანა; შევეცდებით გავარკვიოთ, სჭირდება, თუ არა თბილისის საბაგირო ტრანსპორტი; ვისაუბრებით პროცესებზე, რომლებიც განვლილი წლის მანძილზე ხდებოდა რუსეთში. გადაცემას დავასრულებთ სიუჟეტით გამოჩენილ ამერიკელ მულტიპლიკატორზე, ჯოზეფ ბარბერაზე, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა ლოს ანჯელესში.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


კვლავ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დისკუსია ბოლომდე არ ცხრება. ჩვენ გვისაუბრია ახალი კონსტიტუციის მიზანშეწონილობაზე, ამჯერად კი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა კრიტიკას შემოგთავაზებთ. კრიტიკა ძირითადად უტრიალებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დამთხვევას 2008 წელს. დავით პაიჭაძე პოლიტოლოგს, რესპუბლიკური პარტიის წევრს, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია


საქართველო მსოფლიო ოპტიმისტთა ათეულში შედის

ბიძინა რამიშვილი:
”საქართველო მსოფლიო ოპტიმისტთა ათეულში შედის” - ასეთი გახლავთ გელაპის საერთაშორისო ასოციაციის მიერ მსოფლიოს 50 ქვეყნის მოსახლეობის განწყობილების დასადგენად ჩატარებული გამოკითხის შედეგი. ამ გამოკითხით გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი 2007 წელს ოპტიმიზმით უყურებს. მეტს საქართველოს მოსახლეობის ოპტიმიზმის მიზეზების შესახებ თამარ ჩიქოვანისგან შეიტყობთ.

თამარ ჩიქოვანი:
ათი წელია, რაც გელაპის საერთაშორისო ასოციაციის დაკვეთით, საქართველოს მოსახლეობის განწყობილებას სოციოლოგიური კვლევის სამსახური ”გორბი” ადგენს. გორბის დირექტორის მერაბ ფაჩულიას თქმით, მართალია, საქართველოში ოპტიმისტთა რაოდენობა შემცირდა - მაგალითად, 2004 წლის გამოკითხვით, საქართველოს ოპტიმისტ ქვეყნებს შორის მეორე ადგილი ეკავა, მაგრამ ოპტიმისტთა რაოდენობით საქართველო მსოფლიო მასშტაბით ათეულში შედის - საქართველოში გამოკითხულთა 56 პროცენტი დარწმუნებულია, რომ 2007 წელი უკეთესი იქნება. ოპტიმიზმის თვალსაზრისით, საქართველოზე უკეთესი მონაცემები აქვს ვიეტნამს, ჰონ-კონგს, ჩინეთს, განას, ნიგერიას, კოსოვოს, კანადა და ვენესუელას. რაც შეეხება პესიმისტებს - გამოკითხვით, 2007 წლის მიმართ ყველაზე პესიმისტურად გერმანიაში არიან განწყობილნი - იქ უკეთესი მომავლის იმედი გამოკითხულთა მხოლოდ 31 პროცენტს აქვს.

თუმცა, მოდით, კვლავ საქართველოს დავუბრუნდეთ - შეგახსენებთ, საქართველოში გამოკითხვა ”გორბიმ” ჩაატარა, რომლის დირექტორის მერაბ ფაჩულიას თქმით, ქვეყანაში ოპტიმისტთა არსებობა მეტად მნიშვნელოვანია:

[ჟურნალისტის ხმა] ” სად ცხოვრობენ ოპტიმისტები - სოფლად თუ ქალაქად?

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ალბათ, ქალაქად, როგორც მახსოვს - უფრო ახალგაზრდები, მამაკაცები და ქალაქად მცხოვრებნი.

[ჟურნალისტის ხმა] ” ანუ მამაკაცები უფრო ოპტიმისტები არიან?

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ოდნავ. ქალებთან შედარებით.”

მერაბ ფაჩულიას განმარტებით, გამოკითხულები რამდენიმე კითხვას პასუხობდნენ - მათ შორის, მოლოდინს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ან დასაქმების შესახებ - აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ საქართველოში ნომერ პირველ პრობლემად დასაქმება ითვლება. იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ან დასაქმებასთან დაკავშირებით, გამოკითხულებს ოპტიმიზმი არ გამოუთქვამთ, ისინი 2007 წელს მაინც ოპტიმისტური განწყობით ხვდებიან:

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ” ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა არსებობს ოპტიმიზმი ქვეყანაში. კვლევებითაც დადგენილია, რომ ოპტიმისტ ადამიანებს უფრო ჯანმრთელი და მდგრადი იმუნური სისტემა აქვთ, ვიდრე პესიმისტებს. ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპტიმიზმი არსებობს, გაცილებით ადვილად ლახავს ნებისმიერ პრობლემას. მითუმეტეს, თუ ქვეყანაში მიმდინარეობს რეფორმები. მითუმეტეს, თუ მიმდინარეობს ისეთი მწვავე რეფორმები, როგორიც ჩვენთან საქართველოში.”

ადამიანების ოპტიმიზმის სხვა მიზეზებზე საუბრობს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც თავდაპირველად საკითხის ბიოლოგიურ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] ამ საკითხის ვულგარულ ვარიანთან შეგვიძლია ვთქვათ ძალიან ზერელედ ჩამოყალიბებული ფრაზა - ენდომორფინების რაოდენობა ორგანიზმში. ენდომორფინი - ორგანიზმის თავისებური შინაგანი მორფია. თავის დროზე აღმოაჩინეს არა ადამიანში, არამედ აქლემში. როდესაც აქლემის ტვინი დაამუშავეს, გაირკვა, რომ ყველაზე მეტი რაოდენობა ენდომორფინებისა ჰქონდა აქლემს, რომელსაც ძალიან მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება და რომ არა ეს შინაგანი ნარკოტიკი, ის უდაბნოში მშიერ მწყურვალი ვერ იცხოვრებს.”

რამაზ საყვარელიძის აზრით, ქვეყნებში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრების მძიმე პირობებში უწევთ ადამიანებს არსებობა, ყალიბდება ცხოვრების ასეთი ფორმულა - ბედნიერი უნდა ვიყო, უბედურებას რომ გავუძლოა. მისივე შენიშვნით, ოპტიმისტი ქვეყნების ათეულში სწორედ ის ქვეყნები შედიან, სადაც ცხოვრების თვალსაზრისით, პირობები ასე ვთქვათ დალაგებული არ არის:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] ”იცით, გაჭირვებას ადვილად გადაგატანინებს ეს ხასიათი, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმის გაკეთებასაც ხელს შეუშლის ასეთი ხასიათი. მეოცე და განსაკუთრებით, 21-ე საუკუნე - საქმის საუკუნე გახლავთ. პრინცილში, ეს აქვს საქართველოს შინაგანად სულიერ წყობასთან დაკავშირებით გადასაწყვეტი: როგორ სურს, რომ იყოს - ისეთი, რომ გაჭირვებებს კარგად გაუძლოს თუ ისეთი, რომ გაჭირვება ადძლიოს, ააშენოს, შექმნას და ამ გზით დაძლიოს პრობლემები. ანუ შემოქმედებით და მუშაობით დაძლიოს გაჭირვება თუ საკუთარ თავში ენდომორფინის მეტად გამოყოფით.”

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


სჭირდება, თუ არა თბილისის საბაგირო ტრანსპორტი?

ბიძინა რამიშვილი:
ბოლო დროს თბილისის ხელმძღვანელობის ძირითადი ყურადღება ტრანსპორტის ორი სახეობის - მუნიციპალური ავტობუსებისა და მეტროს შესყიდვა- რეაბილიტაციისკენაა მიმართული. მათ ფონზე აშკარად იჩაგრებიან და ქალაქის სატრანსპორტო სქემიდან იდევნებიან საქალაქო ტრანსპორტის სხვა სახეობები. ტრამვაი უკვე ქალაქის ისტორიის ნაწილი გახდა, ამავე ბედს თანდათან იზიარებენ ტროლეიბუსებიც, უკვე კარგა ხანია მივიწყებულია თბილისისათვის დამახასიათებელი სატრანსპორტო სახეობაც - საბაგირო გზაც. მართალია მუნიციპალური საწარმოს ”თბილბაგირტრანსის” ბალანსზე ჯერ კიდევ რჩება 4 საბაგირო გზა, მაგრამ ისინი უფრო ინერციით ფუნქციონირებენ. სჭირდება, თუ არა თბილისის ამ სახეობის ტრანსპორტი და რა პერსპქექტვა გააჩნია ქალაქში საბაგიროს განვითარებას - ამის თაობაზე ალექსანდრე ელისაშვილი ”თბილბაგირტანსის” ხელმძღვანელსა და ექსპერტებს ესაუბრა.

ალექსანდრე ელისაშვილი:
შპს ”თბილბაგირტრანსის” ხელმძღვანელთან რევაზ მეცხოვრიშვილთან დასაკავშირებლად საკმაოდ დიდი გზის გავლამ მოგვიწია. საწარმოს ოფისი, რომელიც რუსთაველის 52 ნომერში მდებარეობს ამ დროისათვის გამოკეტილია. ეს ოფისიც, რომელიც ფუნიკულიორის საბაგიროს ქვედა სადგურში მდებარეობს და ფუნიკულიორის ტრამვაიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ერთ-ერთ კომპანიას ხანგრძლივი იჯარით აქვს აღებული. ბევრი გაკითხვის შემდეგ თბილისის მერიის სატრანსპორტო განყოფილებაში რეზო მეცხოვრიშვილის ტელეფონი მოგვცეს. ბატონმა რეზომ სატელეფონო საუბრისას დაგვიზუსტა, რომ ამ დროისათვის მისი საწარმოს ბალანსზე 4 საბაგირო გზაა, აქედან ერთი დელისი- ლისის ტბის დამაკავშირებელი გაჩერებულია, ერთი ვაკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სეზონურია და 1 დეკემბრიდან 1 მაისამდე გაჩერებულია, ერთი უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი გამართულია, მაგრამ დევნილი მოსახლეობის დენის დავალიანების გამო დროებით არ ფუნქციონირებს ხოლო სრული დატვირთვით სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ფუნქციონირებს. სჭირდება, თუ არა ქალაქს სმ სახეობის ტრანსპორტი - ჩვენ ამ შეკითვაზე ბატონმა რეზომ გვიპასუხა:

[რევაზ მეცხოვრიშვილის ხმა] ქალაქს ჯერესერთი ეკოლოგიური, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან სჭირდება, ელექტროტრანსპორტი საერთოდ და მით უმეტეს ეს კოლორიტული სახეა გადაზიდვების და მაგალითად კუს ტბაზე რატომ არ უნდა იყოს საბაგირო გზა, როცა ამდენი კულტურის კერა გვქვს. მეტრო სამგორის, ვაზისუბნის დასახლებაში რატომ არ უნდა იყოს, როცა ხალხი 20 თეთრად ადის და ძალიან მოხერხებულია ეს გზა. ლისის ტბას ამხელა პერსპექტივა აქვს და თუ გაკეთდება მით უმეტეს. ამიტომ არ უნდა გაუქმდეს, ეს საცოდაობაა.


საბაგირო გზების გაუქმება დაუშვებელია, ხოლო მათი განვითარება თბილისის მსგავსი რელიეფის მქონე ქალაქისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია - მიიჩნევს ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლადო ვარდოსანიძე:

[ლადო ვარდოსანიძის ხმა] როგორც ცნობილია სპეციალისტებისთვის თბილისში ჭირს განივი სატრანსპორტო კავშირები. რელიეფის გამო, იმის გამო, რომ ქალაქი დასერილია ბუნებრივი და ხელოვნური წინაღობით, მტკვარი, რკინიგზა და ასე შემდეგ. პლუს კიდევ ნიშნულების სხვაობა. ამდენად საბაგირო გზების განადგურება, სხვანაირად ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ, რა თქმა უნდა იყო უდიდესი დანაშაული, განსაკუთრებით საბაგირო გზების სადგურების პრივატიზება.

”თბილბაგირტრანსის” ხელმძღვანელს რევაზ მეცხოვრიშვილს ვთხოვეთ ჩამოეთვალა საბაგირო გზების ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმებოდა საბჭოთა პერიოდში:

[რევაზ მეცხოვრიშვილის ხმა] ბაგებიდან წყნეთშიდაც კი იყო პროექტი გაკეთებული. ასევე გზა იყო გაკეთებული ფუნიკულიორიდან, ზედა სადგური მაქვს მხედველობაში კუს ტბამდე, პარალელური გზა უნდა ყოფილიყო. ჩადებული იყო, რომ სადგურის გადასასვლელი ხიდიდან ლოტკინზე უნდა ყოფილიყო. იყო თითქმის დამთავრებული პროექტი ნუცუბიძის პლატოდან საირმის ქუჩის გავლით ბახტრიონზე.

რევაზ მეცხოვრიშილის თქმით, თითქმის დასრულებული იყო სამუშაოები ვერის პარკიდან მარჯანიშვილის მოედნამდე. ბევრი ალბათ შეუმჩნევია ვერის პარკის აღმოსავლეთით გადაკიდული ბეტონის უცნაური კონსტრუქციები - ისინი სწორედ ამ საბაგირო გზის ზედა სადგურის დაუსრულებელი ბაქნებია. მიუხედავად საკმაოდ ბუნდოვანი და პესიმისტური პერსპექტივისა ლადო ვარდოსანიძე იმედს არ კარგავს, რომ თბილისი უარს არ იტყვის ტრანსპორტის ამ ორიგინალურ და ეკოლოგიურად სუფთა სახეობაზე:

[ლადო ვარდოსანიძის ხმა] რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ერთ-ერთმა უცხოურმა საპროექტო კომპანიამ უნდა წარმოადგინოს თბილისის სატრანსპორტო განვითარების კომპლექსური სქემა, აი ვნახოთ იქ, როგორ იქნება ჩადებული საბაგიროების საკითხი.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ირლანდიურმა საპროექტო კომპანიამ ქალაქის სატრანსპორტო განვითარების სქემა რამდენიმე თვეში უნდა წარმოადგინოს, მანამდე კი მუნიციპალურ საწარმო ”თბილბაგირტრანსს” რუსთაველის გამზირზე საკუთარი ოფისის დაცლა მოუწევს.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თვისუფლება, თბილისი.


განვლილი წელი რუსეთში

ბიძინა რამიშვილი:
რადიო თავისუფლება განაგრძობს გადაცემათა ციკლს, რომელშიც კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს განვლილი წლის მანძილზე მსოფლიოში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებსა და პროცესებს. ამჯერად თქვენს ყურადღებას რუსეთზე შევაჩერებთ: რით იყო გამორჩეული 2006 წელი ამ ქვეყნისთვის, მარიამ ჭიაურელი მიმოიხილავს.

მარიამ ჭიაურელი:
2006 წლის პირველივე დღე სიმპტომატური გამოდგა რუსეთისთვის: ერთი მხრივ, ის მეტად გავლენიანი როლის შესრულებას შეუდგა - სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯგუფს - ე.წ. დიდ რვიანს, მეორე მხრივ კი დასავლეთის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო. ამ ნაბიჯმა, რომელიც ენერგომომარაგების ფასზე დავას მოჰყვა, შუა ზამთარში გაზის გარეშე დატოვა - თვით უკრაინის გარდა - კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა და სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის, როგორც საიმედო ენერგომომმარაგებლის რეპუტაციას - იმავდროულად მის ლეგიტიმურობას დიდი რვიანის მორიგე თავმჯდომარის რანგში.

ყველაზე მკაცრი კრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ გამოთქვა, როცა კრემლი ენერგორესურსებით შანტაჟში დაადანაშაულა.

და ვინც მის შეფასებას იზიარებდა, ვარაუდები კიდევ უფრო გაუმყარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. “დივერსიული აქტების” შედეგად, ენერგომომარაგების გარეშე აღმოჩნდა საქართველოც - ისიც შუაგულ ზამთარში... “დივერსიული აქტები” დღემდე გამოუძიებელი რჩება.

როგორც უნდა იყოს, ერთი რამ მოსკოვში დაფუძნებულ კვლევით ცენტრ, ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის დირექტორის, ევგენი ვოლკისთვის ნათელია: კრემლი ცდილობს, გაზით და ნავთობით მოპოვებული სიმდიდრის გამოყენებას პოლიტიკური პოზიციის განსამტკიცებლად.

[ვოლკის ხმა] “ეს წელიწადი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ცვლილებებით რუსულ მენტალიტეტსა და რუსულ პოლიტიკაში. ნავთობის გაძვირების შედეგად მოპოვებული უზარმაზარი ფინანსური პოტენციალი რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმოდგენაში გადაიქცა სერიოზულ ინსტრუმენტად - მსოფლიოში პოლიტიკური გავლენის მოპოვების. აქ ლაპარაკია ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენაზე იმ მასშტაბით, საბჭოთა კავშირს რომ ჰქონდა აღმავლობის პერიოდში.”

დავით კაკაბაძე:
მოსკოველმა ექსპერტმა ყოფილი საბჭოთა კავშირი ახსენა- სწორედ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობა ცხადჰყოფს რუსეთის მზადყოფნას, გამოიყენოს კიდეც ბერკეტები, რომელსაც მას ნავთობით და გაზით სიმდიდრე ანიჭებს: სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა მონოპოლისტმა გაზპრომმა მკვეთრად გაძვირებული ფასები შესთავაზა აზერბაიჯანს, ბელორუსიას, უკრაინას, ბალტიის ქვეყნებს, და - როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს.

თუმცა საქართველოსთან ურთიერთობა მაინც, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული იყო გასული 12 თვის მანძილზე.

მარტის მიწურულს აიკრძალა რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი, მოგვიანებით - ღვინოს მინერალური წყლები, მათ შორის ბორჯომიც დაემატა. სექტემბერში კი ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების, ალბათ, ყველაზე უფრო მწვავე დიპლომატიურმა კრიზისმა იფეთქა, როცა თბილისში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 4ი რუსი ოფიცერი დააკავეს.

ოფიცრების მალევე გათავისუფლების მიუხედავად, რუსეთმა მკაცრი საპასუხო ზომები მიიღო: შეწყვიტა საქართველოსთან საფოსტო და სატრანსპორტო კავშირი, თბილისიდან გაიწვია დიპლომატიური კორპუსის დიდი ნაწილი, შეუდგა თვით რუსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციას. ზომიერებით არც სიტყვიერი დაპირისპირება გამოირჩეოდა: რუსეთის პრეზიდენტმა ქართული მხარე “სახელმწიფო ტერორიზმში” დაადანაშაულა, რუსი ოფიცრების დაკავება კი 30იან წლებში, ლავრენტი ბერიას პერიოდის წმენდას შეადარა. ეს განცხადება პირველ ოქტომბერს გაკეთდა

თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 6ს ოქტომბერს შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში ქსენოფობიის მომძლავრების, იქვე არაცივილიზებული მეთოდების გამოყენების გამო.

მოსკოველი ექსპერტი ევგენი ვოლკი, რომლის ერთი მოსაზრებაც წეღან უკვე მოისმინეთ, ასე განსაზღვრავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დაძაბულობის გამწვავების მიზეზს, რომელიც, აქვე უნდა ითქვას, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან რუსეთის ურთიერთობასაც ეხება:

[ვოლკის ხმა] “რუსეთის ელიტას განუმტკიცდა რწმენა, რომ ქვეყნები, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, ლოგიკურად ეკუთვნიან რუსეთის გავლენის სფეროს. და, ცალკეული ქვეყნების მცდელობა, გავიდნენ ამ გავლენის სფეროდან, და ორიენტაცია აიღონ დასავლურ სტრუქტურებზე, ბუნებრივია, უკიდურესად მტკივნეულად აღიქმება - ღალატად... და მიმართავენ ზომებს იმისათვის, რომ დასაჯონ ეს ქვეყნები, არ დაუშვან მათი გასვლა გავლენის სფეროდან”.

მარიამ ჭიაურელი:
რუსეთი არა მარტო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში ავლენს ეკონომიკური აღმასვლით გაზრდილ ამბიციებს: ის, პალესტინელთა რადიკალურ ორგანიზაცია ჰამასის მხარდაჭერით, და ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაბლოკვით - ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების პოზიციას. დაძაბულია ურთიერთობა ბრიტანეთთანაც, რომლის დიპლომატებიც წლის დასაწყისში მოსკოვში ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.

[მარკოვის ხმა] “რუსეთი თავის ძალას აღადგენს. მაგრამ მეტისმეტად ოპტიმისტურად აფასებს თავის ძალებს. სხვა ქვეყნები კი პირიქით, მეტისმეტად პესიმისტურად აფასებენ მის გაძლიერებას. ამ ვითარებას მოლოდინთა შეტაკებამდე მივყავართ. რუსეთი მოელის, რომ მას უფრო ძლიერად მიიჩნევენ, ვიდრე სინამდვილეშია, სხვა ქვეყნები კი მოელიან, რომ რუსეთი უფრო სუსტი იქნება, ვიდრე სინამდვილეშია.”

რუსეთმა ამერიკული პი-არ- კომპანიაც კი დაიქირავა, უცხოეთში იმიჯის გასაუმჯობესებლად წელს დიდი რვიანის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით - თუმცა თვით პრეზიდენტის ზოგი განცხადება, სავარაუდოდ, დიდად არ ეხმარება ამერიკელი პიარ ექსპერტების საქმიანობას...

[პუტინის ხმა]“ჩემთვის ცნობილია დიდი რვიანის ლიდერების განწყობა. არავინ არის ამ კლუბში ჩვენი ყოფნის, ჩვენი აქტიური მონაწილეობის წინააღმდეგი. რადგან არავის უნდა, რომ “დიდი რვიანი” ჩასუქებული კატების თავყრილობად იქცეს” - ჩასუქებული კატების მეტაფორა - დასავლეთის მდიდარ დემოკრატიულ ქვეყნებზე საუბრისას, პუტინმა წელს 31ტ იანვარს მოიყვანა, როცა სულ ერთი თვე იყო გასული დიდ რვიანში რუსეთის მორიგე თავმჯდომარეობის დაწყებიდან. წლის მრავლისმეტყველი განცხადებები ამით არ ამოწურულა.

დავით კაკაბაძე:
ბევრი გააოცა და აღაშფოთა რუსეთის პრეზიდენტის კომენტარმა, რომელიც ცნობილი ჟურნალისტის, კრემლის კრიტიკით სახელგანთქმული ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას მოჰყვა: აი, რა თქვა პუტინმა:

[პუტინის ხმა] “დიახ, ეს ჟურნალისტი რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსი იყო. მაგრამ, ვფიქრობ, ჟურნალისტებმა ეს უნდა იცოდნენ - ყოველ შემთხვევაში, ექსპერტებს ეს ძალიან კარგად ესმით - რომ პოლიტკოვსკაიას გავლენა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე - უკიდურესად უმნიშვნელო იყო. ის ცნობილი იყო ჟურნალისტების წრეებში, უფლებადამცველების წრეებში, დასავლეთში. ვიმეორებ - გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მინიმალური იყო”.

ამასობაში ჩეჩნეთში, რომელზე რეპორტაჟებმაც გაუთქვა სახელი პოლიტკოვსკაიას, როგორც კრემლი ირწმუნება, “ნორმალიზაციის” პროცესი გრძელდება.

[პატრუშევის ხმა] “შამილ ბასაევი და რამდენიმე ბანდიტი, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ტერორისტული აქტები ინგუშეთში, ელიმინირებული არიან”.

ეს განცხადება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის - ეფესბეს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა გააკეთა ათ ივლისს, რის შემდეგაც მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ბასაევის სიკვდილმა - გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა სეპარატისტულ ძალებს.

თუმცა ცუდი დღე არა მარტო სეპარატისტებს დაუდგათ:

[სკინჰედების ხმა]

ეს მოსკოვში სკინჰედების ერთი გამოსვლის ჩანაწერია - ულტრანაციონელისტების გამოსვლა კიდევ ბევრი იყო რუსეთიდან არა-რუსების გაძევებას მოთხოვნით. თუმცა, გაძევებას ვინ ჩივის: ორგანიზაცია “სოვას” ინფორმაციით 2006ი წლის მანძილზე რუსეთის ტერიტორიაზე რასიზმით მოიტვირებულმა თავდასხმებმა, სულ ცოტა, 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თვით რუსეთის მთავრობამაც გადადგა ნაბიჯები, რომელიც უცხოეთში- დისკრიმინაციულად იქნე მიჩნეული. მაგალითად გამოდგება ეთნიკური ქართველების დეპორტაცია, რომლის მასშტაბის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა 5 დეკემბრის განცხადებით, რომელშიც ასევე შეშფოთებით გამოეხმაურა 2 დეკემბერს რუსეთის გამანაწილებელში საქართველოს მოქალაქე, მანანა ჯაბელიას გარდაცვალების გამო.

ამასობაში, რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც მომავალი წლის აპრილიდან შედის ძალაში და უცხოელებს უკრძალავს ბაზრებსა და ჯიხურებში ვაჭრობას.

უფლებადამცველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსეთში მიმდინარე პროცესებით და დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, უფრო მკაცრი, უფრო კრიტიკული პოზიცია გამოიჩინონ კრემლთან მიმართებაში, რომელიც - უფლებადამცველების შეფასებით - სულ უფრო სცილდება დემოკრატიზაციის გზას... მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, დასავლეთის მთავრობებისაგან მკვეთრი რეაქციის მოწმე გავხდეთ.

ის კი არა, წლის ბოლოს, შეერთებული შტატები დაყაბულდა რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც გზას უხსნის ამ ქვეყნის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ეს ნაბიჯი შეერთებულმა შტატებმა სულ რამდენიმე კვირაში გადადგა მას შემდეგ, რაც მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს.


გარდაიცვალა ჯოზეფ ბარბერა

ბიძინა რამიშვილი:
იგი ბავშვების მრავალ თაობას აცინებდა. ამერიკული მულტიპლიკაციური კინოს პიონერმა ჯოზეფ ბარბერამ თავის მეგობარ უილიამ ჰანასთან ერთად შექმნა ისეთი პოპულარული ფილმები, როგორებიცაა “ტომი და ჯერი” ანდა “ჯეთსონები” და “ფლინტსტოუნების ოჯახი”. ორშაბათს ჯოზეფ ბარბერა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის სახლში ლოს ანჯელესში.

თავის დიდი ხნის პარტნიორთან და მეგობართან, ჰანასთან ერთად, მან ექვსი ათეული წლის მანძილზე 350-ზე მეტი მულტფილმი, სერიალი, ტელე და კინოფილმი გადაიღო. მისი შემოქმდეების ყვლეაზე პოპულარულ ფიგურებს შორისაა ვერაგი კატა ტომი და ყოჩაღი თაგვი ჯერი, რომლებიც თავბრუდამხვევ თავგადასავლებს წარმოადგენენ 200-ზე მეტ ფილმში. ამ გმირებმა ბარბერას და ჰანას შვიდი ოსკარი მოუპოვეს.

[მულტფილმის ხმა]

1911 წლის 24 მაისს ნიუ იორკში დაბადებულმა ჯოზეფ ბარბერამ ბედი ჯერ ბანკირის, მწერლისა და მოყვარული ბოქსიორის ამპლუაში სცადა, სანამ 1937 წელს ჰოლივუდში შეხვდებოდა ხელმოცარულ ინჟინერსა და ყოფილ ჟურნალისტს, უილიამ ჰანას. მათ მრავალი ხელით ნახატი მულტფილმი შექმნეს კინოსტუდია მეტრო-გოლდუინ-მეიერისთვის. 1957 წელს კი მულტფილმების საკუთარი კინოსტუდია დააარსეს.

1960 წელს შეიქმნა ერთობლივი ნამუშევარი “ფლინტსტოუნების ოჯახი”. პუბლიკის გულები მალე დაიპყრეს ქვის ხანის გმირებმა: მუდამ ხელმოცარულმა ფრედმა, იღბლიანმა ბარნიმ, მათმა ცოლებმა ბეტიმ და უილმამ, ბავშვებმა პებლსმა და ბამ-ბამმა და, რა თქმა უნდა, ძაღლმა დინომ.

[მულტფილმის ხმა]

ეს მულტიპლიკაციური სერიალი ტელევიზიის ისტორიაში შევიდა. იგი 60 ქვეყანაში 22 ენაზე გადიოდა და დღესაც ხშირად იხილავთ ტელეეკრანზე.

ქვის ხანის გმირებს მოჰყვა “ჯეტსონების ოჯახი” - სერიალი, რომელიც კოსმოსში თამაშდება. ასევე მრავალი სხვა ერთობლივი პროექტი, მათ შორის ვესტერნების ტრფიალთა საყვარელი მულტფილმი - “ლაკი ლუკი”.

თავიანთი ერთობლივი ღვაწლისთვის ბარბერას და ჰანას დუეტმა მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის შვიდი ტელეპრიზი ემი. მათი შემოქმდებითი კარიერის მწვერვალი იყო 1976 წელს მათი მემორიალური ვარსკვლავების განთავსება ჰოლივუდის სახელოვანთა ქუჩაზე.

როგორც კრიტიკოსი ლეონარდ მალტინი წერდა, ბარბერას ძალა ხატვასა და კომიკური სცენების მოგონებაში იყო, 2001 წელს გარდაცვლილ ჰანას კი დროის ზუსტი შეგრძნება და ფიგურების მორთვა ეხერხებოდა.

თავად ჯოზეფ ბარბერას არ უყვარდა ხმამაღალი სიტყვები. ამ დღეებში “ნიუ იორკ ტაიმსი” მის ნათქვამს იხსენებდა: “ჩვენს მულტფილმებზე ვერ ვლაპარაკობ. მათ შესაფასებლად მათი ნახვაა საჭიროო.”


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა.

მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG