Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი კვირის დასაწყისში გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებდა “გელაპის საერთაშორისო ასოციაციის” წევრის, “გორბის”, გამოკითხვის შედეგებს საქართველოში.


სტატია ეხებოდა მსოფლიოში მოსახლეობის ოპტიმიზმსა და პესიმიზმს მომავალი 2007 წლის მიმართ. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოში ოპტიმიზმის პიკი იყო და გამოკითხულ რესპონდენტთა 70%-ზე მეტი იმედიანად უყურებდა მომავალ 2004 წელს. 2006 წლის ბოლოს ოპტიმიზმის მაჩვენებელმა შესამჩნევად დაიწია. მიუხედავად ამისა, დღესაც ჩვენი მოქალაქეების ნახევარზე მეტი ოპტიმიზმით უყურებს მომავალ 2007 წელს. მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო ოპტიმისტთა ათეულში მოხვდა. რაც შეეხება გამოკითხვას მომავალი წლის მშვიდობიანობის შესახებ, მსოფლიოს მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ორჯერ მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ მომავალი 2007 წელი იქნება მშვიდობიანი, სამჯერ ნაკლების აზრით კი, 2007 კონფლიქტებით სავსე წელი იქნება (ასე მიაჩნია საქართველოს მოსახლეობის 13%-სა და მსოფლიოს მოსახლეობის 35%-ს).

ბათუ ქუთელიას თავდაცვის მინისტრობისთვის ამზადებენ - ამტკიცებდა გასულ კვირაში გაზეთი ”ახალი ვერსია”. თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია უხელმძღვანელებს. კეზერაშვილის უწყებაში სტრუქტურული ცვლილებებიც იგეგმება. ამ ცვლილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროში კონტრდაზვერვის ტიპის ქვეუწყება ჩამოყალიბდება. მინისტრს, ხუთის ნაცვლად, ექვსი მოადგილე ეყოლება. როგორც ამბობენ, ამ ახალ სამსახურს ჩამოყალიბების შემდეგ სწორედ ბათუ ქუთელია უხელმძღვანელებს. სამხედრო ექსპერტები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ქუთელიას რეალურად თავდაცვის მინისტრობისთვის ამზადებენ. დავით კეზერაშვილი კი თავდაცვაში თავის დროზე მხოლოდ იმისთვის გადაიყვანეს, რომ სამინისტრო ოქრუაშვილის კადრებისგან გაწმინდოს. ამ მისიის შესრულების შემდეგ კი კეზერაშვილს სხვა პოსტს გამოუძებნიან, ხოლო ”გაწმენდილ” სამინისტროში პირველი პირის სავარძელში სწორედ ქუთელია გადაჯდება - წაიკითხავდით ”ახალ ვერსიაში”.

”ახალი 7 დღე” პუბლიკაციას უძღვნიდა იმ კვლევის შედეგებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესასწავლად. კვლევისას აღმოჩნდა, რომ მოზარდთა 89%-ს სურს სწავლის გაგრძელება, თუმცა თავად სწავლა არ აინტერესებს და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მხოლოდ პრესტიჟის გამო სურს. კვლევა ჩაატარა ფონდმა “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”. გამოკითხული მოზარდების 13% მიიჩნევს, რომ ოჯახში მშობლებთან კონფლიქტი გარდაუვალია. სტატისტიკურად სარწმუნოა კავშირი ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციასა და ქცევით პრობლემებს შორის. ქცევის სერიოზული პრობლემები პიკს აღწევს ვაჟთა შორის 14 წლის, ხოლო გოგონებში - 15 წლის ასაკში.

თვალი შევავლოთ შაბათის, 23 დეკემბრის, პრესასაც. ”24 საათი” წერს, რომ ამ ეტაპზე რუსეთიდან გაზის მოწოდებას ალტერნატივა მაინც არა აქვს. ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მაინც მოუწევს რუსულ გაზში პოლიტიკური ფასის გადახდა. გავრცელებული ცნობით, “გაზპრომმა” საქართველოსთან სამი კონტრაქტის გაფორმება მოასწრო და ამიერიდან 1000 კუბურ მეტრ გაზს 235 დოლარად შევიძენთ. ”იძულებული ვართ, მომავალი წლის დასაწყისში გავაგრძელოთ რუსეთიდან გაზის მიღება, თუმცა ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იგივეა. როგორც კი არსებული პრობლემები მოგვარდება, ჩვენ დავიწყებთ გაზის ძირითადი ნაწილის მიღებას აზერბაიჯანიდან,” - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ‘”24 საათის” ფურცლებზე. პრობლემა კი, გაზეთის ცნობით, შაჰ-დენიზის ერთ-ერთ ჭაბურღილზე მოულოდნელად წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზია.

ამავე საკითხზე, ოღონდ სხვა რაკურსით, მსჯელობს გაზეთი ”ალია”: ”ანკარა გაზს იაფად გვაძლევს - დაახლოებით 150 დოლარად, მაგრამ ერთი პოლიტიკური პირობით: თურქეთი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის აღდგენას ითხოვს. ანკარა ამ მოთხოვნას შევარდნაძის დროიდან აყენებს, მაგრამ ერევანი აქ ყოველთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყო. სომხეთი ახალქალაქის ”აფეთქებით” იმუქრება. თბილისი იძულებულია დასთანხმდეს თურქეთს, რომელიც ყველა ხარჯს თავად კისრულობს. მას ბაქოსთან იაფი კავშირების აღდგენა სურს. ასე რომ, შაჰ-დენიზის იაფმა გაზმა, შესაძლოა, პოლიტიკური პრობლემებიც შეგვიქმნას, - ვარაუდობს “ალია” და მკითხველს არ ეუბნება, საიდან იცის, რომ ერევანი ახალქალაქის ”აფეთქებას” აპირებს.
XS
SM
MD
LG