Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლიდან საქართველოს გაზმომარაგებას კვლავ რუსეთი განახორციელებს


გაზის მთავარი მომწოდებელი საქართველოში რამდენიმე კვირის განმავლობაში კვლავ რუსეთი იქნება.

ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ- მინისტრმა 22 დეკემბრის ღამით გააკეთა. მისი თქმით, შაჰ–დენიზის საბადოს ჭაბურღილზე არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, საქართველო იძულებული გახდა “გაზპრომთან” ხელშეკრულება გაეფორმებინა.თავის მხრივ, “გაზპრომექსპორტის” ხელმძღვანელმა ალექსანდრ მედვედევმა დააზუსტა, რომ კონტრაქტი სამ კომპანიასთან დაიდო.

საქართველო უახლოეს პერიოდში რუსეთიდან 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 235 დოლარად შეიძენს. ქართული გაზგამანაწილებელი კომპანიების მიერ “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება, მთლიანობაში, 1,1 მილიარდი კუბური მეტრის მოწოდებაზე დაიდო - მათგან
“ყაზტრანსგაზ– თბილისთან” - სამი თვით, ხოლო „მტკვარი–ენერგეტიკასა“ და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან - 1 წლით.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა]“ რამოდენიმე დღით - შესაძლოა, რამოდენიმე კვირით - გადაიდო ამ ჭაბურღილიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდება. ამიტომ ჩვენ იძულებულნი ვართ, მომავალი წლის დასაწყისიდან გავაგრძელოთ რუსეთიდან გაზის მიღება. თუმცა, როცა ჭაბურღილზე მოგვარდება ეს ტექნიკური პრობლემები, ჩვენ დავიწყებთ, ბუნებრივია, ძირითადად, გაზის მიღებას - ან თავიდან ბოლომდე გაზის მიღებას - აზერბაიჯანიდან.“(სტილი დაქცულია)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი რუსეთს გაზის მთავარ მომწოდებლად მხოლოდ რამდენიმე კვირით განიხილავს, ფაქტია, რომ 2007 წლისთვის ქართული გაზგამანაწილებელი კომპანიების მიერ “გაზპრომისთვის” შეკვეთილი ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობა მხოლოდ 700 მილიონი კუბური მეტრით ნაკლებია 2006 წლის მოთხოვნაზე. როგორც ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი შენიშნავს, ნდობა საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებების მიმართ უკვე ძალიან დაბალია, თუმცა...

[გია ხუხაშვილის ხმა]“ მე იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ადეკვატური იქნება, ანუ პარიტეტი დაცული იქნება, აზერბაიჯანულ, ანუ შაჰ–დენიზის, გაზსა და რუსულ გაზს შორის და ჩვენ რისკების დივერსიფიცირების გარკვეული საშუალება მოგვეცემა.”

საქართველოს პრემიერ–მინისტრი აზერბაიჯანში მოლაპარაკებებს 25 დეკემბრიდან შეუდგება. მანამდე კი დღის წერიგში უკვე დადგა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირება. პრეზიდენტის მიერ მთავრობისათვის მიცემული დავალების შესაბამისად, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროები, ასევე გაზის საერთაშორისო კორპორაცია ერთობლივად მუშაობენ კომპანიებისა და მოსახლეობის შეღავათიან პირობებში ჩაყენების პროექტზე. არსებული მონაცემებით, არ არის გამორიცხული ბუნებრივი აირის იმპორტიორმა კომპანიებმა სახელმწიფო სესხი მიიღონ. რაც შეეხება მოსახლეობას, ჯერჯერობით არ არის ნათელი, მოხდება თუ არა გაზის მოხმარების ხარჯების სუბსიდირება ბიუჯეტის ხარჯზე. 2007 წლის შესწორებული ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვა 29 დეკემბერს დაინიშნა. 22 დეკემბერს კი პრემიერ–მინისტრი საქართველოს ენერგომომარაგებაში შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებასა და რუსული გაზის შესყიდვის აუცილებლობის საკითხზე სასაუბროდ საგანგებოდ შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს.

[დავით გამყრელიძის ხმა]“ავარია მოხდა ჭაბურღილზე. მე არ ვიცი, ეს მართლა ჭაბურღილის ბრალია თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ, იმ განცხადების მიუხედავად, რასაც აკეთებდა პრეზიდენტი, მთავრობა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ რუსულ გაზს არ ვიყიდით და პოლიტიკურ ფასს არ გადავიხდით, მაინც ვყიდულობთ. მთავარი ახლა არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ აისახოს ტარიფში.“(სტილი დაცულია)

ამბობს მემარჯვენეთა ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელიც პრემიერ–მინისტრის დეპუტატებთან შეხვედრაში მონაწილეობდა. თუმცა, ოპოზიციის სიფრთხილის მიუხედავად, როგორც ჩანს, მომავალ წელს გაზის ტარიფი, ერთხელ კი არა, რამდენჯერმე შეიცვლება. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ბუნებრივი აირის ახალი სამომხმარებლო ტარიფის სავარაუდო ოდენობაზე კომენტარს არ აკეთებენ, მის ორჯერ ზრდას კი გამორიცხავენ.
XS
SM
MD
LG