Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურდულის სარეჟისორო დებიუტი


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის

კინომსახიობის თეატრი, როგორც ჩანს, აგრძელებს “ჩეხოვის გზას”, რომელიც თავის დროზე თავად მიხეილ თუმანიშვილმა აირჩია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი მარგველაშვილის, “ალუბლის ბაღის” წარმატებული პრემიერის შემდეგ დიდი დრო არ გასულა და თეატრმა ისევ ჩეხოვის დრამატურგიას, უფრო სწორად, კლასიკოსის ინტერპრეტატორს, ბორის ბაკუნინს (იმავე გრიგოლ ჩხარტიშვილს), მიმართა. წლის ბოლოს ბაკუნინის “ვთამაშობთ თოლიას” კინომსახიობის თეატრის დასის წევრმა, მსახიობმა ნინო ბურდულმა, დადგა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წარმოდგენა გაიმართა, ქართული პროფესიული კრიტიკა ჩეხოვ-ბაკუნინის პიესის დადგმას საერთოდ არ გამოეხმაურა. არ არის გამორიცხული, რომ ჩეხოვის ამ ინტერპრეტაციამ, ცოტა არ იყოს, დააბნია თეატრმცოდნეები - დაახლოებით ისე, როგორც დაიბნენ მსახიობები, როცა ბაკუნინის პიესა წაიკითხეს... დიახ, დაიბნენო, – აღნიშნა ნინო ბურდულმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში:

[ნინო ბურდულის ხმა] “ჯერ ერთი, უნდა გითხრათ, რომ ძალიან შეყვარებული ვარ ჩემს მსახიობებში, ძალიან მომწონს. მაგრამ ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ მსახიობებს თურმე სულ სხვა რეალობის ლოგიკა სჭირდებათ. ისეთ თემებზე სვამდნენ კითხვებს “რატომ და როგორ?”, რომ ვიბნეოდი. ეს კითხვები აკუნინთან დაკავშირებით მე არ გამჩენია. ერთმა მსახიობმა თქვა, ბოლოს და ბოლოს, “დოგვილი” ხომ გვინახავსო...ე.ი. რაღაც პირობითობა სჭირდებოდათ მაგალითის სახით, იმდენადაა ჩვენთან თეატრი გაშეშებული.”

დიახ, მსახიობებს ზოგჯერ მართლაც სჭირდებათ სხვა რეალობა. და არა მარტო მსახიობებს – თეატრმცოდნეებსაც, მაყურებელსაც. ანტონ ჩეხოვი დიდი ხნის განმავლობაში ზღუდავდა თეატრალებს თავის რეალობაში. ჩეხოვის პიესებს მთელ მსოფლიოში დგამდნენ და თითქმის ყველა კითხულობდა, რატომ ამტკიცებდა მწერალი, ჩემი პიესები კომედიებიაო... რა იყო, მაგალითად, სასაცილო “თოლიაში”, რომელიც ერთ-ერთი პერსონაჟის თვითმკვლელობით მთავრდება?

ეს კითხვა თავის თავს ბორის აკუნინმაც დაუსვა და 2000 წელს გადაწყვიტა ჩეხოვის ინტერპრეტაციისთვის მიემართა...უფრო სწორად, გაეგრძელებინა დასრულებული პიესა. აკუნინის ნაწარმოებში ჩეხოვის პერსონაჟები სორინის სახლში იკრიბებიან და მაყურებელს ტრაგედიის საკუთარ ვერსიას სთავაზობენ. “თოლია” დეტექტივად გარდაიქმნება. დეტექტივისთვის აუცილებელია კითხვა “ვინაა დამნაშავე?”. აკუნინს არ სჯერა, რომ კონსტანტინ გავრილოვიჩმა თავი მოიკლა. იგი დარწმუნებულია, რომ ჩეხოვის პერსონაჟი მოკლეს.. და მწერალი, რომელმაც თავის დროზე “ჰამლეტის” რიმეიკს მიმართა, გვთავაზობს აგატა კრისტის კლასიკური დეტექტივის პოსტმოდერნისტულ ინტერპრეტაციას – 13 პერსონაჟი ცალ-ცალკე აღიარებს, რომ სწორედ იგია მკვლელი.

[აუდიონაწყვეტი სპექტაკლიდან "ვთამაშობთ 'თოლიას'"]

ეს იყო ნაწყვეტი თუმანიშვილელთა ახალი წარმოდგენიდან, რომელშიც როლებს, ძირითადად, ახალგაზრდა მსახიობები ასრულებენ. ვერავის გამოვყოფთ. თეატრის კრიტიკოსებს, შესაძლებელია, პრეტენზიები გაუჩნდეთ ზოგიერთი არტისტის მეტყველების, პლასტიკის მიმართ. მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მსახიობებს არ სიამოვნებთ თამაში. მით უმეტეს, რომ სცენაზე საოცარი რამ ხდება - ფაქტობრივად, გამომძიებელი აკუნინი ჩეხოვის პერსონაჟებს ეკითხება იმას, რაც თავად ჩეხოვმა ვერ იკითხა. მერე კი ყველაფერი თავდაყირა დგება: არკადინა შვილს კლავს, რადგან თავის საყვარელზე ეჭვიანობს, ექიმი კი კლავს იმიტომ, რომ არ მოსწონს, როგორ ეპყრობა ტრეპლევი ცხოველებს და ფრინველებს. ყველა მკვლელია, ყველას სურს ინდივიდუალობა ჩაკლას სხვაში და საკუთარ თავშიც... გარკვეული თვალსაზრისით, მკვლელები არიან ისინიც, ვინც მოითხოვს სწორედ ისე წავიკითხოთ ჩეხოვი, როგორც ოდესღაც, დიდი, დიდი ხნის წინ წაიკითხეს.

[ნინო ბურდულის ხმა] “ჩემთვის ჩეხოვი სწორედ ისაა, რაც აკუნინის პიესაში. ეს ისეთნაირად არის დაწერილი, რომ სიუჟეტს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ პერსონაჟების ხასიათის გახსნას, სიურპრიზს მათ ხასიათში. ესაა ერთგვარი პროტესტი იმის მიმართ, რომ ჩვენ ერთნაირად ვხედავთ ადამიანებს და ჩვენ თვითონ ვიქმნით სტერეოტიპებს. იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც ჩეხოვი არ წაუკითხავთ, დოგმატური წარმოდგენები აქვთ, როგორები უნდა იყვნენ ჩეხოვის გმირები.”

ნინო ბურდულის ასეთმა პოზიციამ ნამდვილად გააძლიერა ჩეხოვ-აკუნინის პიესის აქტუალურობა, მთელი წარმოდგენის მანძილზე მაყურებელი სცენაზე მკვდარ თოლიას ხედავს (თოლიას ფიტულს), რომელიც პირდაპირ ასოციაციებს ქმნის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმთან “ჩიტები”... ხომ გახსოვთ, რა გვითხრა თავის ფილმში ჰიჩკოკმა? – დესტრუქციული ვნებები გადამდებია და თუკი ადამიანში შემოქმედებითი იმპულსი ჩაკვდება, თუკი ადამიანები თავისუფალი ინტერპრეტაციის უნარს დაკარგავენ, სამყარო ისეთივე მოსაწყენი გახდება, როგორიცაა ჩეხოვის პიესებში.

[აუდიონაწყვეტი სპექტაკლიდან "ვთამაშობთ 'თოლიას'"]

ნინო ბურდულის თქმით, აკუნინის ნაწარმოებზე მუშაობისას მან, წარმოდგენის მხატვარმა ანა კალატოზიშვილმა, მსახიობებმა არაფერი შეცვალეს პიესაში. აკუნინის ნაწარმოები ხომ ისეა აგებული, რომ რეჟისორს სრულ თავისუფლებას აძლევს. როგორც გინდათ ისე გაიგეთ “ჩეხოვის ეს თამაში”... იმაზეც იფიქრეთ, რომ არტისტი ყოველ თქვენგანში ცხოვრობს და თქვენი, როგორც ადამიანის, შესაძლებლობები არასდროს იქნება ამოწურული. მთავარია არ შეგეშინდეთ.

[ნინო ბურდულის ხმა] “ვერ ვიტყვი, რომ ეს სათქმელი ამ პერსონაჟებთან დაკავშირებითაა, ეს საერთოდ ყველა ადამიანს ეხება... არადა, ადამიანები ისეთ სიურპრიზებს ინახავენ თავიანთ არსში, რომ მე მაინტერესებს ყოველთვის ამ სიურპრიზების ამოხსნა...”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG