Accessibility links

logo-print

16 წლის ეროვნული გვარდია: დღესასწაული, რომელსაც სევდა ახლავს


დამოუკიდებელ საქართველოში

20 დეკემბერი პირველი ქართული სამხედრო ფორმირების, ეროვნული გვარდიის, შექმნის დღეა. თუმცა, ისტორიის ბედუკუღმართობით, პირველსავე დღესასწაულზე ეროვნული გვარდია ორად გაიხლიჩა, ხოლო ორ ბანაკად გაყოფილმა გვარდიელებმა1991 წლის 22 დეკემბერს მთავრობის სახლის წინ, თბილისში, ერთმანეთის სისხლი დაღვარეს. აქედან მოყოლებული, ეროვნული გვარდიის დღესასწაულს ყოველთვის დაჰკრავს სევდა და იგი წარსულში ჩადენილ საბედისწერო შეცდომას შეახსენებს, უწინარესად, იმ ადამიანებს, რომლებმაც 16 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას მიჰყვეს ხელი. დღეს სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” შეიარაღებული ძალების ვეტერანებთან ერთად თვალს გადავავლებთ ეროვნული გვარდიის შექმნის ისტორიას.

თადარიგის გენერალ ზაურ უჩაძეს ქართულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის 15 წლიანი სტაჟი აქვს. ვიდრე 1991 წელს პირველ ქართულ ქვედანაყოფში, ეროვნულ გვარდიაში, ჩაირიცხებოდა, იგი ყაზანში ბრიგადის მეთაურის მოადგილედ მსახურობდა და სერიოზული კარიერის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ოფიცრობა არჩია და სამშობლოში დაბრუნდა. სულ მალე, 1991 წლის 5 აპრილს, ეროვნულ გვარდიაში პირველი გაწვევა გამოცხადდა. შემდეგ იყო პირველი სამხედრო აღლუმი ეროვნულ სტადიონზე, რომელშიც ზაურ უჩაძეც მონაწილეობდა.

[ზაურ უჩაძის ხმა] “1991 წლის 5 აპრილს იყო მთავრობის დადგენილება გაწვევის შესახებ, მაგრამ გაწვევა, სინამდვილეში, დაიწყო 30 აპრილს. ამიტომ, როგორც არმიის შექმნის მთავარი ატრიბუტი არის გაწვევა, 30 აპრილი არის ჩვენი არმიის შექმნის დღესასწაულად წოდებული.” (სტილი დაცულია)

15 წლის წინ ეროვნულმა ხელისუფლებამ საქართველოში სამხედრო ძალების ორგანიზებისათვის აქტიურად დაიწყო საბჭოთა არმიაში მყოფი ქართველი ოფიცრების გადმობირება. ბევრი, ვისაც საქართველო ბავშვობის მერე არ ენახა, პირდაპირ ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში ებმებოდა. მათ შორის გახლდათ თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, რომელიც 1994-96 წლებში შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ედგა სათავეში.

[გურამ ნიკოლაიშვილის ხმა] “1100 თუ 1050 ოფიცრის სია იყო მიღებული, რომლებსაც დაუკავშირდნენ. უმრავლესობა მათგანი ჩამოვიდა და დაუყოვნებლივ ჩაება ომში.” (სტილი დაცულია)

თავდაპირველად საბჭოთა სკოლაგამოვლილ ქართველ ოფიცრებს ეროვნული მოძრაობიდან დაწინაურებული საველე მეთაურები ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ საბრძოლო ოპერაციებმა აჩვენა, რომ ოფიცრების დაყოფა პატრიოტებად და არაპატრიოტებად არასწორი იყო. გენერლები ზაურ უჩაძე და გურამ ნიკოლაიშვილი იხსენებენ, რომ საბჭოთა არმიიდან სამშობლოში დაბრუნებული ბევრი ოფიცერი ბრძოლის ველზე გმირული სიკვდილით დაეცა:

[ზაურ უჩაძისა და გურამ ნიკოლაიშვილის ხმები] “ახლა გვარებს არ ჩამოვთვლი, რადგან შეიძლება ვინმე გამომრჩეს და ამით შეურაცხყოფა მივაყენო. მაგრამ, აი, იურა მაისურაძე ... ჩამოვიდა, არც უცხოვრია საქართველოში და მესამე დღეს დაიღუპა წინა ხაზზე. მარტო ჩვენი მონაცემებით, ომში დაიღუპა 500-მდე კადრის ოფიცერი.”

საბჭოთა სამხედრო გამოცდილების მქონე ბევრი ქართველი ოფიცერი, ვინც ომებს გადაურჩა, ამჟამად პენსიაში იმყოფება. შედარებით ახალგაზრდები კი დათხოვნილები არიან სამხედრო სამსახურიდან კადრების რეორგანიზაციისა და შემცირების გამო, რასაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდგომი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მასშტაბური ხასიათი მიეცა. საბჭოთა სამხედრო განათლებამიღებულ ოფიცრებს ვერც იმან უშველა, რომ მოგვიანებით კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში მიიღეს. გენერალი გურამ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ოფიცრებს, რომლებიც ქართული არმიის შექმნის სათავეებთან იდგნენ, ბოლო წლებში არმიის დღესასწაულებზეც იშვიათად იწვევენ:

[გურამ ნიკოლაიშვილის ხმა] “მე 2000 წლიდან, რაც არმიიდან წავედი, არ მიწვევენ, ვითომ არც ვყოფილიყავი ამ ჯარში. მაგრამ ეს საწყენი არ არის. მე ვფიქრობ, რომ მომავალი თაობები ტრადიციაზე უნდა გაიზარდონ, მათ უნდა იცოდნენ, რომ აი, ეს ასეთი გენერალი იყო, ასე იბრძოდა და ასე შემდეგ. შეუძლებელია ჩვენ ვასწავლოთ მომავალი და არ ვიცოდეთ წარსული.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ჩემი თანამოსაუბრეები ძველი და ახალი თაობის სამხედროებს შორის ამგვარ ხიდჩატეხილობას გაუგებრობას უწოდებენ. გენერალი ზაურ უჩაძე იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა შეიარაღებული ძალების მომავალი დღესასწაულები მათ - ძველი და ახალი თაობის სამხედროებს - არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ რეალურად გააერთიანებთ:

[ზაურ უჩაძის ხმა] “ამ თარიღთან ბევრი რამ არის დაკავშირებული - უამრავი ჭირი და სიხარული, უამრავი ადამიანი. დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანმა გაიარა ჩვენს ხელში - სამხედროებმა, რომლებიც აღვზარდეთ, ვისთანაც უშუალო კონტაქტი გვქონდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ყველას მათ მიუხარიათ ამ დღესასწაულზე. და არ არის ძნელი, მიულოცო ეს დღე, გაუხარო გული. ჩვენ სულ რაღაც გაბრაზებულები ვართ ერთმანეთზე. არადა, ორი კაკალი ქართველები ვართ (იცინის), უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს და გვერდში ამოვუდგეთ. მე მგონი, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს.” (სტილი დაცულია)

ამჯერადაც, 20 დეკემბერს, ეროვნული გვარდიის დაარსების მე-16 წლისთავზე, სამხედრო ხელმძღვანელობას მხედველობიდან გამორჩა ცოცხლად მყოფი ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლებისა და ვეტერანი ოფიცრებისათვის მოსაწვევების გაგზავნა. გამონაკლისი მხოლოდ დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ დაუშვეს. საქართველოში ხომ ყოველთვის ბევრად უფრო ადვილია დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა, ვიდრე ცოცხალ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა.
XS
SM
MD
LG