Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრადიციული და ყოველწლიური


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ქართული სპორტის ელიტა

გასულ პარასკევს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის რეზიდენციაში შეიკრიბა. იქ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა.

ამგვარი შეხვედრები ტრადიციულად დეკემბერში ტარდება და საუკეთესო ადგილია განვლილი სპორტული სეზონის შედეგების შესაფასებლად. მით უმეტეს, ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის სხვა სპორტული თავყრილობა საქართველოში არც იმართება. სესიის მუშაობაში მონაწილეობენ საზოგადოებრივი და სახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, სხვადასხვა თაობის სპორტსმენები, სპორტული წლის ლაურეატები. სესია სწორედ დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო. საიუბილეო თარიღები მიულოცეს და სიგელ-მედლებთან ერთად ფულადი პრემიები გადასცეს ჩვენს სახელოვან ვეტერან სპორტსმენებს_მზია ჯუღელს, ნონა გაფრინდაშვილს, ვახტანგ ბალავაძეს, ნოდარ ჯირჯიკიას, გურამ მინაშვილს და შოთა ხაბარელს. ამის შემდეგ ახალგაზრდების ჯერიც დადგა. ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2006 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ძიუდოისტი ზაზა კედელაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე დავით ბედინაძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი. შეგახსენებთ: კედალაშვილმა წლეულს ჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მერე კი საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ბედინაძე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეორე ადგილებზე გავიდა. რაც შეეხება გედევანიშვილს, მას ტურინის ოლიმპიადაზე მეათე ადგილი ერგო, ევროპის ჩემპიონატზე _ მეხუთე. ისე მოხდა, რომ ოლიმპიური სახეობების მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოდან გამარჯვება ვერავინ შეძლო, ევროპის ჩემპიონატებზე კი ოქროს მედალი მხოლოდ ზაზა კედელაშვილმა აიღო. ზაზას აქამდე არასოდეს უჭიდავია სერიოზულ საერთაშორისო ტურნირებში და მისი წარმატება სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა.

[ზაზა კედელაშვილის ხმა] "2006 წელი ჩემთვის იყო მართლაც წარმატებული წელი. ევროპის ჩემპიონატში პირველად მივიღე მინაწილეობა და წარმატებით გამოვედი. მომიწია ოთხი შეხვედრის ჩატარება, ფინალში მოვუგე ევროპის მოქმედ ჩემპიონს და მსოფლიოს პრიზიორს ბენჟამენ დარბალეს. შემდეგ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, არის მეტად პრესტიჟული, ჩვენ, ქართველებმა მართლაც რომ გმირობა ჩავიდინეთ და გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. მე პირველ შეხვედრაში მივიღე ტრავმა, ასე გავაგრძელე ბრძოლა და ოთხივე შეხვედრა მოვიგე."

გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობ ტერმინებს _ კისრულს, შუაკაურს, იუკოს, იპონს და სხვებს, ტურინის ოლიმპიადის შემდეგ ახალი სიტყვები შეემატა, მაგალითად _ლუტცი და აქსელი. საქმე იქითკენ მიდის, რომ ჩვენში პოპულარულ სახეობათა რიცხვში ფიგურული ციგურაობაც შევა და ეს, პირველ ყოვლისა, ელენე გედევანიშვილის დამსახურება იქნება. ელენე აქამდე მოსკოვში ცხოვრობდა და იქ ემზადებოდა შეჯიბრებებისთვის. თვენახევრის წინ, საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, გედევანიშვილების ოჯახი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო. რაკი აქ შესაფერისი სავარჯიშო პირობები არ არის, ელენეს ამერიკაში, ნიუ ჯერსიში მოუწევს გამგზავრება და ეს ორიოდ დღეში მოხდება.

[ელენე გედევანიშვილის ხმა] "ამერიკაში ჩემი მწვრთნელი იქნება გალინა ზმიევსკაია, რომელსაც ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი. ახლა ამერიკაში მუშაობს, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჯაფარიძემ ამოგვირჩია… ნიუ ჯერსიში მთელი ოჯახი მივდივართ, ჯერ ვიცხოვრებთ ჩემი ახალი მწვრთნელის სახლში, სანამ ვიპოვით სახლს, რომელიც უნდა ვიქირაოთ."

ჯერ არავინ იცის, რამდენ ხანს მოუწვეს ელენეს ამერიკაში დარჩენა. როგორც საქართველოს სპორტის დეპარტამენტში გვითხრეს, ყველაფერი სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყდება, ხარჯებს კი _წელიწადში დაახლოებით 150 ათას ამერიკულ დოლარს_სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. რაც შეეხება ოლიმპიურ ფონდს, მან წლეულს ოლიმპიური პროგრამების დასაფინანსებლად ორ მილიონამდე ლარი დახარჯა, ფონდისა და მთლიანად ოლიმპიური კომიტეტის საგაისო გეგმები კი უმთავრესად პეკინის ოლიმპიური ლიცენზების მოპოვებას უკავშირდება. ლიცენზიებს ოცამდე სახეობის წარმომადგენლებისგან ელოდებიან. რაც მეტი, მით უკეთესი. სესიაზე გამოსვლისას ბადრი პატარკაციშვილმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი და სახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების შეთანხმებული მუშაობის მნიშვნელობას. გადაწყდა, რომ კვლავ განახლდეს სამხრივი ხელშეკრულების პრაქტიკა, როცა სპორტულ ფედერაციებს ერთობლივად აფინანსებენ ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის დეპარტამენტი. სესიაზე სიტყვით გამოსულმა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა ძირითადად სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა. მოგვიანებით მას პატარკაციშვილი გამოეხმაურა: კარგია, რომ სპორტულ დარბაზებს და სტადიონებს აშენებთ, მაგრამ დროა სპორტის სასახლესაც მივხედოთ, ნახეთ, რა დღეშიაო. სესიის დამთავრების შემდეგ ამ თემაზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ასეთი კომენტარი გააკეთა.

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] "რაც შეეხება სპორტის სასახლეს, მე ასეთი ტენდენცია შევნიშნე, რომ თუ ოლიმპიური კომიტეტი და პირადად მე რომელიმე საკითხს დავაყენებ რამოდენიმეჯერ, შემდეგ მე თუ არ მომცემენ ამას, იმას მაინც აკეთებენ, რომ თვითონ აღადგენენ ხოლმე. ამოტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვითხოვე, რომ სპორტის სასახლე გადმოსცენ ოლიმპიურ კომიტეტს".

სპორტის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე ასევე იზრუნებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალშექმნილი ათლეტთა კომისია, რომელსაც სახელოვანი ფალავანი ლუკა კურტანიძე უხელმძღვანელებს. კომისიის უახლოეს გეგმებში შედის სპორტსმენთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნა და სოციალური პრობლემების მოგვარება. როგორც კურტანიძემ სესიაზე თქვა, ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება, მაგრამ კომისია შეეცდება სპორტსმენებს გვერდში დაუდგეს.

[ლუკა კურტანიძის ხმა] "სპორტსმენი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის, მისი ღირსებისთვის იბრძოდა, სპორტის დამთავრების შემდეგ უნდა იყოს დაცული ან სამსახურეობრივად, ან ხელფასით, რომ ცხოვრება თავიდან არ ჰქონდეს დასაწყები. აი, ეს არის ყველაზე მთავარი".

თავად ლუკა კურტანიძე კვლავ აქტიურ სპორტსმენად რჩება და იმედი აქვს, რომ პეკინში თავის მეოთხე ოლიმპიადაზე იჭიდავებს. ჯერჯერობით ქართველ სპორტსმენთაგან ოლიმპიადის საგზური მოპოვებული აქვს მხოლოდ ნინო სალუქვაძეს. ეს მისთვის მეექვსე ოლიმპიადა იქნება.
XS
SM
MD
LG