Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ანა კალანდაძე ჩვენი რადიოს თხოვნით,

ამ კვირაში დღიურს პოეტი ანა კალანდაძე აწარმოებდა.

17 დეკემბერი, კვირა
დღეს ბარბალობაა ... ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავთ ერთმანეთს და ვიმედოვნებთ, რომ განგების ძალით კვლავაც არ “ჩავიძირებით განურჩევლობის ზღვაში!”

18 დეკემბერი, ორშაბათი
როგორც საოცრებას, ისე შევყურებდი ბლისა და თუთის წითელ-ყვითელ ფოთოლთა ცვენას, უკეთ ფოთოლთა თოვას (სხვა სიტყვა ვერ მიპოვია ამ სურათის გადმოსაცემად!): “ქარი არ ჩანდა”, ნიავიც კი არ იძროდა, უბრალოდ..... წყნარად თოვდა... ფოთოლთა ამ სიხშირეში მოპირდაპირე სახლსაც კი ვერ ვხედავდი! ღამით ყინვა იყო და ეს იმისი შედეგიაო, თქვეს.
ფიქრი ფიქრს აედევნა... ამ სახლში ახალი გადმოსულები გახლდით... ერთ დღეს ჯერ კიდევ უცნობი მეზობელი ქალბატონი მეწვია და გაოცებულმა მითხრა, თქვენს ფანჯარასთან თუთა თავისით ამოვიდაო... 70-იანი წლები იყო. თუთა ახლა დიდი ხეა...
მაგონდება ერთი შემთხვევაც: უნივერსიტეტის დერეფანში ერთმა უცნობმა ახალგაზრდა ქალმა გამაჩერა და მიამბო, რომ მათ ეზოში მდგარ თუთის ხეს, რომლის ტოტები ორსართულიანი ძველი სახლის სახურავს სცილდებოდა, მეზობლებმა სასტიკი განაჩენი გამოუტანეს - იგი უნდა მოეჭრათ იმიტომ, რომ მისი ნაყოფი სვრიდა სახლის სახურავს, ეზოს და, რაც მთავარია, თუთის ქვეშ მდგარ მანქანებს... მე მათ თქვენი ლექსი მოვაგონე თუთისადმი მიძღვნილი და მოხდა საოცრება: მათ ხელი აიღეს განზრახვაზეო.
ეს “ბრალდება” ჩვენს თუთასაც წაუყენეს და იმავე სასჯელით ემუქრებოდნენ, მაგრამ გადარჩა მეზობელი ქალბატონების წყალობით...
ის თუთა კი, გურიაში, სოფელ ხიდისთავში, ჩვენი ოდის წინ რომ იდგა და რომელსაც მივუძღვენი ლექსი “ლამის სახლში შემოიჭრას თუთა”, 60-იან წლებში მოჭრეს თუთის ხეების ავადმყოფობასთან დაკავშირებით.

19 დეკემბერი, სამშაბათი
აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ გულთბილი საღამო მიუძღვნეს "კავკასიურ სახლში", სვეტონიუსისადმი მიძღვნილ მშვენიერ წერილში ერთგან წერს: “ავგუსტუსის პერიოდი ოქროს ხანაა რომის კულტურაში, ხელოვნებაში, ამ დროს მოღვაწეობდნენ ვერგილიუსი, ჰორაციუსი, ოვიდიუსი, ტიტუს ლივიუსი...” (ჟურნალი “ენა და კულტურა”, 2005, № 5-6)
დიახ, ეს მარადიული სახელები ამშვენებენ და მხოლოდ დიდებას მატებენ ოქტავიანუს ავგუსტუსის ეპოქას და მეორე მხრივ კეისარიც წარმოგვიდგება, როგორც დიდებული პიროვნება და მაღალგონიერი ადამიანი!

20 დეკემბერი, ოთხშაბათი
რომელიღაც წიგნს ვეძებ. ხელში მომხვდა პატარა კონვერტი, რომელშიც აღმოვაჩინე ჩემი ჩანაწერები, ჩემი ძმისწულების, ქეთინოსა და გიორგის ბავშვობის წლებს რომ ეხება.
თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმეზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
ქეთინო ხუთი წლისაა, ჩემს მეგობართან მიმყავს. მშვენიერი თბილი, მთვარიანი საღამოა. ნახე, რა ლამაზი მთვარეა-მეთქი, ვეუბნები. გამოცოცხლდა, ჩვენს ეზოშიცააო, მომიგო... დავინტერესდი და ჩამომითვალა, სად და ვისთან ენახა კიდევ ასეთი მთვარეები.
...აფორიაქებული და შეწუხებულები არიან იმით, რომ არაა ცნობილი თამარ მეფის საფლავი. ალბათ იმსჯელეს კიდეც და ერთ საღამოს ჩურჩულით მკითხეს, ... შენც არ იცი, სადაა თამარ მეფის საფლავი?
...სამი წლის გიორგი აცხადებს, ვეფხვი ვარო. ჯობს, ლომი იყო, მხეცების მეფეა-მეთქი, “ვურჩიე”. დაფიქრდა და შიშნარევი ხმით მკითხა: სპილოსიც?
...ძლიერი ქარი ამოვარდა. ქეთინო შეშინებულია, ამ ქარიშხალმა არ დაანგრიოს სვეტიცხოველი... თუმცა, ინუგეშებს თავს, მიწისძვრას გადაურჩა და ქარი რას დააკლებსო?
...გიორგის ერთ ღამეს ძილი გაუკრთა და დედამისს ეხვეწება, დედა, მასწავლე დაძინებაო. მასვე უკითხავს: ყველას მამიდა ლექსებს წერსო?
...თორმეტი წლის ბიჭს მაგიდაზე გაშლილი ჰქონდა საქართველოს რუკა და მის ძველ საზღვრებს “აზუსტებდა” ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი ტომის მიხედვით. აი, რამხელა ყოფილა საქართველო, მითხრა და მომიხაზა ძველი საზღვრები - ეს იმან მიიტაცა მერე, ის კიდევ - ამანო, შემომჩივლა დანაღვლიანებულმა.
ისტორიით უსაზღვროდ გატაცებულმა საბოლოოდ მედიცინა ირჩია... როგორი იქნება ჩვენი ახალგაზრდობის ხვალინდელი დღე?

21 დეკემბერი, ხუთშაბათი
დარეკა უცნობმა ქალმა. ვინაობა მითხრა და თანამდებობაც დაასახელა. ლექსი დავწერე თქვენზეო და წამიკითხა. თან ბოდიშობდა, ლექსი არასოდეს დამიწერია, მაგრამ ამას წინათ კაპადოკიაში ვიმოგზაურე... ტაო-კლარჯეთში რომ შევედით, ჩვენი ყურადღება მიიპყრეს... დანაოჭებულმა მთებმა!.. მთელმა ავტობუსმა ერთხმად წამოიძახა: ანას “ბებერი ტაო” არისო! ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ... ტაო-კლარჯეთში არასოდეს ვყოფილვარ!

22 დეკემბერი, პარასკევი
ჩემს ოთახში ვარ (ვმუშაობ ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში)... უცებ მესმის: "გაგიმარჯოთ, ქალბატონო ანა!" ღია კარებთან ახალგაზრდა ქალი იდგა! უცნობის სალამი ჩემთვის უცხო არაა, მაგრამ მეორე დღესაც რომ იგივე განმეორდა, დავინტერესდი - იეზიდი ყოფილა.
ერთხელ თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ჩატარებული საღამოს შემდეგ შინ ვბრუნდებოდი. ტაქსის მძღოლი მეუბნება, ჩემმა რძალმა მითხრა, რომ თქვენ ლექსი დაგიწერიათ ჩვენზეო. მძღოლიც იეზიდი აღმოჩნდა!

23 დეკემბერი, შაბათი
ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს ერთხელ, ყველაზე მეტად რომელი კალანდა დაგამახსოვრდათო. სამწუხაროდ, არც ერთ კალანდას არ დავსწრებივარ, მხოლოდ ზაფხულობით ჩავდიოდით მშობლიურ ხიდისთავში (ჩოხატაურის რაიონშია). ამასთან დაკავშირებით მაშინ ეს შემთხვევაც მოვიგონე: ერთ დღეს რადიოთი მშვენიერ მუსიკას გადმოსცემდნენ, მაგრამ რადიო გვიან ჩავრთე და არ ვიცოდი, რომელი კომპოზიტორის მუსიკას ვისმენდი. მუსიკამ რატომღაც რიწის ტბა მომაგონა... საოცარი (და დაუჯერებელიც!) ის გახლდათ, რომ ბოლოს გამოაცხადეს, თქვენ ისმენდით ანდრია ბალანჩივაძის "რიწის ტბასო"... რომ იტყვიან, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა! ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ... მთავარი წინ მელოდა... როდესაც ბატონ ანდრიას ეს ყველაფერი ვუამბე, მან გულდასმით მომისმინა და მითხრა: როდესაც ამ მუსიკას ვწერდი, რიწის ტბა თვალითაც არ მენახა და რომც მენახა, ალბათ ამ მუსიკას ვერ შევქმნიდიო. აი, როგორი ძლიერია წარმოსახვა რეალობასთან შედარებითო, დასძინა მან. წარმოსახვით შეიქმნა ლექსი “შემოდიოდა ჩვენში კალანდა”... ვფიქრობ, “ბებერი ტაოც” წარმოსახვათა რიგისაა!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG