Accessibility links

logo-print

რუგორ აისახება მოსახლეობაზე ბუნებრივი აირის ''პოლიტიკური ფასი''?


25 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მეთაურობით, აზერბაიჯანის დედაქალაქს ესტუმრა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლესი რანგის მოხელეებთან შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოსთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის მოწოდების თარიღისა და ფასის გარკვევაა. როგორც ცნობილია, ოფიციალურ თბილისს სწორედ აზერბაიჯანის ”შაჰ-დენიზის” საბადოს გაზის მოწოდების იმედი ჰქონდა, როდესაც რუსეთის გაზის 235 აშშ დოლარამდე გაზრდილ ფასს პოლიტიკურს უწოდებდა და უარს ამბობდა მის შესყიდვაზე. ჯერჯერობით საქართველო იძულებულია გაზის პოლიტიკური ფასი მაინც გადაიხადოს. რატომ და როგორ აისახება ეს რიგით მოქალაქეებზე?

როდესაც წლის ბოლო მოვიდა და გაირკვა, რომ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტიდან გაზის მიღება ჭიანურდება, საქართველოს გაზგამანაწილებელმა და გაზის მომხმარებელმა კომპანიებმა მოსკოვს მიაშურეს.

[ალექსანდრ მედვედევის ხმა] ”ჩვენ დადებული გვაქვს 3 ხელშეკრულება საქართველოსთვის გაზის მიწოდებაზე 235 დოლარად. და ესენი არიან 3 ძირითადი მომხმარებელი საქართველოდან: კომპანია “მტკვარი”, “ენერგეტიკული კორპორაცია” და ეს არის ყოფილი ”თბილგაზი”, რომელსაც ახლა ეწოდება ”ყაზტრანსგაზ-თბილისი”. შეთანხმებული მოცულობა ეკვივალენტურია ერთი მილიარდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზისა.”

განაცხადა რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრ მედვედევმა, გასული კვირის მიწურულს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ”ყაზტრანსგაზ- თბილისთან” გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ პირველ კვარტალს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი ზამთრის ცივ დღეებში რუსეთიდან მიღებული გაზით გათბება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა თავის მართლება შემდეგი არგუმენტებით სცადა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”22 დეკემბერს ჩვენ უნდა დაგვეწყო შაჰ-დენიზის ჭაბურღილიდან სამხრეთკავკასიური გაზსადენის - ახალი გაზსადენის -მეშვეობით გაზის მიღება. სამწუხაროდ, ეს ტექმნიკური მიზეზებით გადაიდო, ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის გამო. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ მომავალი წლის დასაწყისიდან გავაგრძელოთ რუსეთიდან გაზის მიღება, თუმცა ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იგივეა და, როგორც კი მოგვარდება ტექნიკური პრობლემები, ჩვენ დავიწყებთ თავიდან ბოლომდე გაზის მიღებას აზერბაიჯანიდან.”(სტილი დაცულია)

ტექნიკური პრობლემების გარდა, არის აზერბაიჯანული გაზის საფასურის გადახდისა და მისი მოცულობის პრობლემებიც, რომელიც, მაღალი რანგის მოლაპარაკებების მიუხედავად, ჯერაც შეუთანხმებელი რჩება.
ჯერჯერობით კი გაზის სამომხმარებლო ტარიფს რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ფასი განსაზღვრავს. საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის ნინო ასათიანის კომენტარი:

[ნინო ასათიანის ხმა] ”ჯერჯერობით ზუსტად ვერ დაგისახელებთ, რა იქნება გაზის ფასი, იმიტომ რომ კონტრაქტები არ გვინახია. და რას შესთავაზებს კიდევ მთავრობა კომპანიებს სუბსიდირების სახით, ჯერ არ ვიცით. გამორიცხულია, რომ იგივე დარჩეს, რადგან 120 პროცენტით იზრდება მარტო გაზის მოწოდების ფასი.”(სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მოსახლეობისთვის გაზის საფასურის სუბსიდირება მოახდინოს, სანამ რუსეთის გაზთან შედარებით იაფფასიანი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმპორტი დაიწყება. თუმცა ჯერჯერობით უცნობი რჩება რა მოცულობითა და რა პრინციპით განხორციელდება სუბსიდირება.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბიუჯეტში გარკვეული კორექტივები...
...მთავარი არის - საქართველო არ იქნება უგაზოდ. საქართველო როგორც ახალ წელს, ასევე შემდგომ პერიოდში იქნება ელექტროენერგიით და იქნება სითბოში.”(სტილი დაცულია)

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ეს დაპირებაც სათუო ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს დასავლეთ რეგიონებში თოვლი მოვიდა და 25 დეკემბერს, ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხდარი ავარიების გამო, 60 ათასამდე ოჯახი დენის გარეშე დარჩა. 24 დეკემბერს ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემები იყო თბილისშიც, რადგან გაზის დაბალმა წნევამ თბილისის თბოელექტროსადგურის რამდენიმე ბლოკის გამორთვა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG