Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სოულის ნათლია” ჯეიმს ბრაუნი გარდაიცვალა


25 დეკემბერს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯეიმს ბრაუნი, სოულის ჟანრის ნათლიად წოდებული ამერიკელი მუსიკოსი.

ის ქალაქ ატლანტაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში, იწვა ფილტვების ანთების დიაგნოზით. მინდა გიამბოთ ლეგენდარულ მუსიკოსზე და მისი რამდენიმე კომპოზიცია გაგახსენოთ.

[I Feel Good]

I Feel Good - ერთ-ერთი ჰიტი, რომელმაც ჯეიმს ბრაუნი გლობალურ ვარსკვლავად აქცია.

ამერიკელი მუსიკოსის კარიერა ნახევარი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. მას სოულის ჟანრში შექმნილი რამდენიმე ყველაზე ცნობილი კომპოზიცია ეკუთვნის.

ჯეიმს ბრაუნი 1933 წელს სამხრეთ კაროლინის შტატში დაიბადა. 15 წლის ასაკში მან სკოლაში სიარული შეწყვიტა და მას შემდეგ, რაც მანქანის მოპარვის მცდელობის გამო ციხეში მოიხადა სასჯელი, ერთ-ერთი ეკლესიის გუნდს შეუერთდა.

პირველი მნიშვნელოვანი ჰიტი - "Please, Please, Please" - ჯეიმს ბრაუნმა 1956 წელს ჩაწერა.

ბრაუნმა მუსიკის მოყვარულებს მძლავრი ემოციური მუხტის მატარებელი გამოსვლებითა და დინამიკური რიტმებით დაამახსოვრა თავი. კრიტიკოსები მას ფანკის ჟანრის გლობალურ გამავრცელებლად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მისი გავლენა განუზომელია თანამედროვე ჟანრებზე - იქნება ეს დისკო თუ ჰიპ-ჰოპი.

[I Feel Good]

გასულ წელს ჯეიმს ბრაუნმა მონაწილეობა მიიღო ედინბურგში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში. გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს ასე მიმართა:

[ბრაუნის ხმა] ”ვამაყობ იმით, რომ ბევრს ვმოგზაურობ და ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ამგვარი ნაბიჯები, ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია. ჩვენ გვაღელვებს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა. დაახლოებით ერთი თვის წინ ჯაკარტაში ვიყავი. იქ ხალხს სირთულეები აქვს და მე და თქვენ შეგვიძლია მათ პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ. ჩვენს ძალებში მხოლოდ ის არის, რომ ხალხს და მთავრობებს ჩვენი პოზიცია გავაცნოთ - მაგრამ ეს ერთმანეთის სიყვარულით უნდა გავაკეთოთ.”

თავისი პროფესიული ცხოვრების მანძილზე ბრაუნმა 50-ზე მეტი ალბომი ჩაწერა. 60-იან წლებში ჯეიმს ბრაუნს ჟურნალმა ”lOOK"-მა ”ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შავკანიანი” უწოდა. 1992 წელს ბრაუნმა მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის პრემია ”გრემი” მიიღო.

ლეგენდარული მომღერლის კარიერა ბევრ სკანდალსაც უკავშირდებოდა. ბრაუნი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობას; ის რამდენჯერმე დააპატიმრეს იარაღის უკანონო ტარებისთვის. ბრაუნი ციხეში მოხვდა მესამე ცოლის ცემის გამოც.

პრობლემების მიუხედავად, ბრაუნს არასოდეს მოჰკლებია პოპულარობა. თაყვანისმცემლებს ისიც ყურადღებითა და სიყვარულით პასუხობდა:

[ბრაუნის ხმა] ”ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან მაგრად ვგრძნობ!”...

ლეგენდარული მუსიკოსი 1999 წელს საქართველოსაც ესტუმრა და თბილისში გამართა კონცერტი.

25 დეკემბერს გარდაცვლილი ჯეიმს ბრაუნის გახსენებას მისი ერთ-ერთი უკანასკნელი კომპოზიციით ვასრულებთ - სიმღერას ”Gut Bucket" ჰქვია:

[Gut Bucket]
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG