Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესის მიმოხილვაში ძირითადად სასამართლოების მუშაობასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს შევეხები.

“24 საათი” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან, რომელიც სასამართლო სისტემაში 2006 წლის მანძილზე განხორციელებულ ცვლილებებს აჯამებს. კუბლაშვილის თანახმად, მთავარი პრობლემა მოსამართლეთა კადრების სიმცირეა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს: “2006 წელს ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით რამდენიმე გამოცდა ჩავატარეთ და, შედეგად, 52 ახალი მოსამართლე დავნიშნეთ. წლის ბოლომდე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ბევრი ვაკანსია გვაქვს, ახალი მოსამართლეების შერჩევისას მაინც დიდ სიფრთხილეს ვიჩენთ – კანდიდატს ყოველმხრივ ვამოწმებთ. მოსამართლის კანდიდატურის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი კვალიფიკაცია, პატიოსნება, პრინციპულობაა, რადგან მოსამართლეობა ყველასგან გამორჩეული თანამდებობაა”, - მიაჩნია კონსტანტინე კუბლაშვილს, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებათა შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში მოსამართლეთა ყოფნას ასახელებს. მნიშვნელოვნად მიიჩნევს აგრეთვე დეკემბერში მოსალოდნელ ცვლილებას, რომლის შედეგადაც იუსტიციის საბჭო აღარ იქნება პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და, პრეზიდენტის ნაცვლად, საბჭოს თავმჯდომარე მოსამართლეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება, რაც ცვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსს. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ 2007 წელს მოსახლეობა რეალურად იგრძნობს სასამართლო რეფორმის შედეგებს.

“ფართით დადგენილი დენის გადასახადი სასამართლომ გააუქმა. ლეიბორისტები გაზის ტარიფის დასაწევად ახალი სარჩელისთვის ემზადებიან”, - წერს “რეზონანსი” და იტყობინება, რომ თბილისის ის უბნები, სადაც მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს ფართის მიხედვით იხდიდა, უახლოეს მომავალში გამრიცხველიანდება. ლეიბორისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ელექტროენერგიის ფიქსირებული გადასახადის გაუქმების შესახებ პროცესი მოიგეს. ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “იმ ადამიანებს, ვისაც დაკავებული ფართის მიხედვით აქვს დენის საფასური შეტანილი, ჩაეთვლებათ წინასწარ გადახდილ თანხად. ეს ოჯახები აუცილებლად გამრიცხველიანდებიან, ხოლო უკვე გადახდილი თანხები ხელახლა დაიანგარიშება და მრიცხველის ახალ მონაცემებს გამოაკლდება.” შატბერაშვილის თანახმად, ლეიბორისტები ბუნებრივი აირის ტარიფის მომატების გამოც აპირებენ სასამართლოში სარჩელის შეტანას.

“ახალი თაობა” ორ სასამართლო პროცესს ეხმაურება: ერთი სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს შეეხება, მეორე კი ლევან კალაძის საქმის ყოფილ გამომძიებელ ბათუ საღინაძეს. “ჩემი მოკვლა დაგვიანებულია, მე სათქმელი პირნათლად ვთქვი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვმუშაობდი. დანარჩენი უკვე დეტალებია. ჩემი საქციელი აღსარება არასდროს ყოფილა, თუმცა შეიძლება იყოს აღსასრული. მჯერა, ღმერთი არ გამწირავს,” - აცხადებს კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი ნუგზარ ნაჭყებია, რომელმაც ღიად და დაუფარავად ამხილა ძალოვანი უწყებები იმ უკანონობაში, რასაც შეკვეთილი სარევიზიო აქტები ჰქვია”, - წერს “ახალი თაობა” და მკითხველს შეახსენებს, რომ ნაჭყებია გიორგობიანისა და ჯანიკაშვილის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა, თუმცა სასამართლოსთვის დღემდე ჩვენება არ მიუცია, რადგან ვიღაცას ხელს არ აძლევს ნაჭყებიას ჩვენების საქმის მასალებში შეტანა.

რაც შეეხება მეორე პროცესს, “ახალი თაობა” წერს, რომ განსასჯელმა ბათუ საღინაძემ “კონკრეტულად დაასახელა მათი გვარები, ვისი შეკვეთითაც გაიტაცეს ლევან კალაძე. კერძოდ, მან თქვა: - საქართველოში ადამიანების გატაცებები ხდებოდა კრიმინალური ავტორიტეტების მიერ მაღალჩინოსანთა ალიანსში. როცა ჩემგან პრობლემის გადაწყვეტის საშიშროება წარმოიშვა, ძველმა მაღალჩინოსნებმა მონახეს საერთო ენა ახლებთან და საშიშროება ჩემი ნეიტრალიზაციით აიცილეს. ყოველივე ამის თავკაცობა ღიად და გასაგებად იკისრა მაშინდელმა გენპროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც 2004 წლის 31 მარტს გამაცნო თავისი ხედვა და გადაწყვეტილება დაეცვა არა ის ერთი კრიმინალი, ვის შესახებაც მესაუბრა, არამედ უდიდესი მასშტაბის დანაშაულებრივი კლანი,” - განსასჯელ საღინაძის ჩვენების ამ მონაკვეთს “ახალი თაობა” აქვეყნებს.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG