Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო პოლიტიკის შედეგები და სამომავლო გეგმები


26 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 2006 წლის

შემაჯამებელი პრესკონფერენცია მოაწყო. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ძირითადად კი, ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკას, ნატოში ინტეგრაციას, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას, შიდა კონფლიქტების მოგვარების პრობლემატიკასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხო.


26 დეკემბერს გავრცელებული ცნობების მიხედვით, მოსკოვში რუსეთის საემიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებული კიდევ ერთი ქართველი, ლიონ კუკავა, გარდაიცვალა. ეს უკვე საქართველოს მესამე მოქალაქეა, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ პოლიტიკას შეეწირა. ეკონომიკური ბლოკადა, საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების უმიზეზო და მასობრივი დეპორტაცია - ეს იმ პრობლემების მცირე ნუსხაა, რომლებიც 2006 წლის მანძილზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გაჩნდა. ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არის იდეოლოგიური შეუთავსებლობა, ფასეულობების შეუთავსებლობა... საქართველომ საბოლოოდ გააკეთა არჩევანი და დაიწყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რაც რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა. მე ბევრი რეცეპტი არა მაქვს, როგორ უნდა მოგვარდეს რუსეთთან არსებული პრობლემები. მაგრამ ერთი არის ცხადი: შენ შეიძლება არ მოგწონდეს მეზობლის არჩევანი, მაგრამ აღიარება იმისა, რომ შენს მეზობელს აქვს არჩევანი, არის საწინდარი ნებისმიერი ურთიერთობების აწყობისა. ამიტომ ჩვენ ველით აღიარებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო არის სხვა.”(სტილი დაცულია)

ბეჟუაშვილის განცხადებით, არსებულ რეალობაში რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის კარგ მაგალითად საქართველოდან რუსეთის სამხედრო ნაწილების გაყვანის პროცესი გამოდგება. მანვე გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, თუკი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ამის სურვილი იქნება.

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზთაგან ერთ-ერთია საქართველოს კონფლიქტური რეგიონები და იქ განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების პრობლემა.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ეს იყო ანტიქართული პოლიტიკა, რაც ხდებოდა 15 წლის მანძილზე, როდესაც გაყინულ მდგომარეობაში ინარჩუნებდნენ კონფლიქტებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. როდესაც შენ დაკავებული ხარ უკანონო ან მისი წამახალისებელი ქმედებებით, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ანტისახელმწიფოებრივი. საჭიროა ამ საქმიანობის დასრულება. საჭიროა ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების საშუალება მოგვეცეს იმის თაობაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთიან სახელმწიფოში, ამ ხალხების კოლექტიური და ინდივიდუალური უფლებების გათვალისწინებით.”(სტილი დაცულია)

გაყინული კონფლიქტების მოგვარების მცდელობა და ამ პროცესის ინტერნაციონალიზაცია საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მომავალი წლის მანძილზე. არის სხვა ამოცანებიც: საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცება. ყველაზე მთავარ შედეგად და სამომავლო გეგმადაც ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება და ევროკავშირთან სამეზობლო გეგმის განხორციელება დასახელდა. ამასთან ერთად, 2007 წლის მანძილზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მიმართულება ეკონომიკური დიპლომატიის წარმოება იქნება:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ეს არის ახალი მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ ახლა. ჩვენ ახლა ვამთავრებთ ეკონომიკური დიპლომატიის სტრატეგიაზე მუშაობას. ეკონომიკური დიპლომტია ხდება ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჩვენი საქმიანობის.”(სტილი დაცულია)

მთავარი, რაც საქართველოს ბოლოდროინდელ საგარეო პოლიტიკას განვლილი წლებისგან გამოარჩევს, გამჭვირვალე და საჯარო საგარეო პოლიტიკური სტრატეგიაა, რომელმაც საქართველოს საგარეო ნაბიჯები თანმიმდევრული და პროგნოზირებადი გახადა.
XS
SM
MD
LG